ნატალია ჯვარიძე
(01.04.2024)

The insider-ის, ამერიკული ტელეარხ CBSNews-ის გადაცემა „60 წუთის" და გერმანული ყოველ კვირეული გაზეთის, Der Spiegel- ის ჟურნალისტების დაახლოებით ერთი წლიანი გამოძიების თანახმად, ამერიკელ დიპლომატებზე ულტრაბგერითი იარაღით ზემოქმედების უკან რუსი აგენტი ალბერტ ავერიანი დგას.

მათი ინფორმაციით, სწორედ ეს პირი შენიშნა აშშ-ის დეპარტამენტის ატაშეს ცოლმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, თბილისში, დიდ დიღომში. როგორ დაგეგმეს რუსმა სპეცსამსახურებებმა თბილისში ადამიანის მოწამვლა და რას აცხადებს რუსეთი. ჟურნალისტებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების მოგზაურობის შესახებ მონაცემები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში „ჰავანას სინდრომის" შემთხვევებთან შეადარეს და მკაფიო ურთიერთდამოკიდებულება აღმოაჩინეს.

რა არის „ჰავანას სინდრომი" ?

"ბიბისის" ინფორმაციით, „ჰავანას სინდრომი" არის დაავადება, რომელიც თავდაპირველად 2015 და 2016 წლებში კუბის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა. დიპლომატები და ჯაშუშები დაუდგენელი მიზეზით ავად ხდებოდნენ. ოფიციალური პირები ვარაუდობდნენ, რომ ამ ადამიანებზე შეტევა რადიოს სიხშირით ან ენერგეტიკული ველის მეშვეობით განხორციელდა, რამაც აშშ-ის დიპლომატების და დაზვერვის თანამშრომლების ავადმყოფობა და ტვინის დაზიანებაც კი გამოიწვია. მსგავსი შემთვევები კუბაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა.

2017 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ სიმპტომების გამომწვევი თავდასხმების განხორციელებაში კუბა ღიად დაადანაშაულა. შეერთებულმა შტატებმა კუბაში საელჩოს პერსონალი მინიმუმამდე დაიყვანა. 2018 წელს მსგავსი პრობლემები ამერიკელ დიპლომატებს ჩინეთში დაუფუქსირდათ.

ჟურნალისტების გამოძიებები და დასკვნები

გამოძიებამ აჩვენა, რომ აღნიშნული სინდრომის სიმპტომები ამერიკელებში გამოჩნდა იმავე პერიოდში და იმ ადგილებში, როდესაც ქვედანაყოფ 29155-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. კერძოდ, გენერალური შტაბის მთავარი დირექტორის აგენტების გადაადგილება ევროპის მასშტაბით, 2014 წელს დაემთხვა უცნაური თავდასხმების სერიას მაინის ფრანკფურტში ამერიკის საკონსულოს თანამშრომლებზე. 2016-2017 წლებში ჩინეთში, 29155 აგენტების ჯგუფის ჩაფრენის შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატებმა ჯანმრთელობის უცნაური პრობლემების შესახებ საუბარი დაიწყეს და 2021 წელს, საქართველოში, სადაც ეს განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამერიკელი დიპლომატს მეუღლეს, მინორის სინდრომი დაუდგინდა. უცნაური დამთხვევები ასევე ბელგრადსა და ჰანოიში 2021 წელს დაფიქსირდა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ორმა სავარაუდო მსხვერპლმა, რომლებსაც „ჰავანას სინდრომის" სიმპტომები გამოუვლინდათ, თავდამსხმების სავარაუდო მონაწილეები ფოტოებიდან ამოიცნეს: მაინის ფრანკფურტში აგენტი იეგორ გორდიენკო ჯანმრთელობის გაუარესებამდე ნახეს, თბილისში კი ალბერტ ავერიანოვი, ქვედანაყოფის მეთაურის ანდრეი ავერიანოვის ვაჟი დააფიქსირეს.

კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის, თბილისში აშშ-ის საელჩოში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს მეუღლე იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც თბილისში, დიღომში ყოფნისას თავი ცუდად იგრძნო, სახლის უსაფრთხოების კამერაში გაიხედა და შავი ფერის „მერსედესი" და მაღალი, გამხდარი მამაკაცი დააფიქსირა. ქალმა მამაკაცსა და მის ავტომობილს ტელეფონით ფოტოები გადაუღო. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ აღნიშნული მამაკაცი აღარ უნახავს და მხოლოდ სამი წლის შემდეგ, როდესაც ალბერტ ავერიანოვის ფოტო აჩვენეს, ის ამოიცნო.

მედიის გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ინციდენტებს, რომელიც „ჰავანას სინდრომის" სახელითაა ცნობილი, შესაძლოა, ქვედანაყოფ 29155-ის წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკური იარაღი იწვევდა. გამოძიების მთავარ აღმოჩენებს შორის არის ის ფაქტი, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა ჯილდოები მიიღეს და პოლიტიკური დაწინაურება „არალეტალური აკუსტიკური იარაღის" შემუშავაბასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის, ეს ტერმინი რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში, როგორც ულტრაბგერით, ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენრეგიის მოწყობილობების აღსაწერად გამოიყენება.

„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ „აკუსტიკური იარაღის" გამოყენებსათან რუსეთის სამხედრო დაზვერვაა დაკავშირებული, ახლა ხელისუფლებას შეუძლია გადახედოს მიდგომას, „ჰავანის სინდრომისადმი" და დაიწყოს ინციდენტების სრულფასოვანი გამოძიება". - აცხადებენ გამოძიების ავტორები.

რუსეთში ამ საკითს პრეზიდენტის პრესპირეკი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ ბრალდებები „ჰავანას სინდრომის" შემთხვევებთან მისი კავშირის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

„მოგეხსენებათ, რომ ეს სულაც არ არის ახალი თემა. მრავალი წლის განმავლობაში პრესაში ეგრედ წოდებული „ჰავანას სინდრომის" თემა მუდამ განიხილებოდა და რაღაცნაირად ეს რუსული მხარის დადანაშაულებას უკავშირდებოდა, მაგრამ არასოდეს არავის არ გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ, ასე რომ ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები".- განაცხადა პეკსოვმა.

რონდელის ფონდის მკვლევარის, კახა გოგოლაშვილის აზრით, რუსეთის სამიზნე ამერიკაა და ამ საქმეში ისინი არიან ჩართულები. მისივე თქმით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გადაიქცა და მომავალში არა მხოლოდ დიპლომატებს, არამედ მათთვის არასასურველ ადამიანებსაც ამ მექანიზმით თავს დაესხმიან.

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეში რუსეთის ხელი ურევია. შეუძლებელია ამდენი დამთხვევა იყოს. ამდენი შემთხვევა იყო და ყველგან რუსი აგენტები ფიგურირებენ. რუსეთის სამიზნე ამერიკაა და ცდილობენ ჰიბრიდული ომით თავს დესხან.

„როცა კუბაში მოხდა „ჰავანას სინდრომის" დაფიქსირება, აშშ-მ ხელი კუბას დაადო. ამან პოლიტიკური გავლნა მოახდინა და მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა. სწორედ, ამას ემსახურება რუსეთის ჩანაფიქრი, გააფუჭოს და მაქმიმალურად დააზარალოს აშშ.

რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გადაიქცა და აბსოლიტურად მოსალოდნელია, რომ ამ მექანიზმის გამოყენება უფრო გაახშიროს. ეს არ შეეხება მხოლოდ დიპლომატებს, ის ამ იარაღს რუსეთისთვის არასასურველ ადამიანებზე განახორციელებს" - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე