ნატალია ჯვარიძე
(01.04.2024)

31 მარტს, თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, სადაც ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბიკურმა პარტიამ" ქვეყნის დიდ ქალაქებში გამარჯვება მოიპოვა. ეს მმართველმა პარტიამაც აღიარა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77% გადააჭარბა. 81 პროვინციიდან 36-ში მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა.

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ სტამბოლსა და ანკარაში ხმების დიდი ნაწილი დაგროვა. ასევე, როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, აღნიშნული პარტია ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც ლიდერობს, მათ შორის იზმირში, ბურსაში, ადანასა და ანტალიაში.

სტამბოლში მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის" კანდიდატმა ერქემ იმამოღლუმ ხმების 50% მიიღო და კონკურენტი, მურათ ქურუმი ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან" დაამარცხა.

BBC წერს, რომ არჩევნების შედეგები სერიოზული დარტყმაა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა.

ერდოღანი ქვეყანაში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შედეგების მიუხედავად, ისინი უპატივცემულობას მათი ხალხის მიმართ არ გამოიჩენენ. ერდოღანმა აღიარა, რომ პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი იმედიც ჰქონდათ.

„დღეს ჩვენ იგივე პასუხიმგებლობის გრძობით ვმოქმედებთ და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ უპატივცემულობას ჩვენი ერის მიმართ არ გამოვიჩენთ და არ ვმოქმედებთ ეროვნული ნების წინააღმდეგ.

ჩვენს პარტიაში ღიად შევაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკაში ჩავერთვებით"- განაცხადა ერდოღანმა.

ჯიპას პროფესორის, თენგიზ ფხალაძის აზრით, ხელისუფლების დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ თურქეთში დემოკრატიაა. მისივე თქმით, რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკურ ცვლილებები არ იქნება.

ფხალაძის თქმით, ბოლო დროს მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა და გასაკვირი არ იყოს, რომ ისინი მათ მხარს აღარ დაუჭერდნენ. როგორც მან აღნიშნა, ერდოღანის აღიარება მიანიშნებდა, რომ ქვეყანა დემოკრატიის მხრივ მაღალ ადგილას დგას. მისივე თქმით, მთავარია ოპოზიცია მომავალში ძალაუფლებას როგორ გამოიყენებს.

„ბოლო პერიოდში თურქეთის მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდა და ეს არჩევნებზე მშვენივრად აისახა, ასე რომ, ოპოზიციის დიდ ქალაქებში გამარჯვება გასაკვირი საერთოდ არ იყო. მითუმეტეს, თურქეთს ბოლო პერიოდში ბევრი პრობლემის გადალახვა მოუწია, რაც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, უსაფრთხოებასთან, ინფლაციასთან, რაც ეკონომიკაზე აისახა.

„მმართველი პარტიის აღიარება, რომ არჩევნებში დამარცხდა, დემოკრატიის კიდევ ერთხელ დამტკიცებას ნიშნავს, თან ვიცით, რომ თურქეთი დემოკრატიის მხრივ გამოირჩევა.

„პოლიტიკური ცვლილებები ჯერჯერობით არარელევანტურია, რადგან ეს ადგილობრივი არჩევნები იყო. მთავარი არჩევნები 2028 წელს იქნება, რომელშიც ერდორანი აღარ მიიღებს მონაწილეობას.

„ახლა მნიშვნელოვანია, ეს გამარჯვება რაც ოპოზიციამ მოიპოვა რას შესძენს მას 4 წლის პერსპექტივაში, იმ არჩევნებისთვის, რომელიც წინ არის. რამდენად წარმატებულები იქნებიან ისინი ადგილობრივ თვითმმართველობაში, რამდენად მეტ მხარმდამჭერებს მოიპოვებენ და ზოგადად როგორი იქნება თავად ერდოღანის პარტია ამას ჩვენ მომავალში ვნახავთ" - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე