თამთა ჩაჩანიძე
(31.03.2024)

რუსეთის არმიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად გამოიყენა თავისი ყველაზე მძლავრი არაბირთვული იარაღი - მძიმე თერმობარული საავიაციო ბომბი „ოდაბ-1500“. სპეციალისთა შეფასებით, მას განსაკუთრებულად მძლავრი გამანადგურებელი ეფექტი აქვს, ხოლო მისი აღმოჩენა და ჰაერშვე გაუვნებელყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის პარალელურად, უშუალოდ ფრონტზე სიტუაცია კვლავ „გაყინულია“, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აშშ-ის დახმარების დაყოვნების გამო, კვლავ პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს.

„ოდაბ-1500“ რუსებმა 29 მარტს სუმის ოლქის სოფელ ველიკაია პისარევკასთან ჩამოგდეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ბომბებს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ავღანეთში იყენებდა, რომლის თავისებურება ისაა, რომ „მასში დიდი წნევითაა ჩაჭირხნული აირი, რომელიც მიწაზე დაცემამდე სარქველებიდან დიდი სისწრაფით გამოიდევნება, აირით სანგრებს, ან სარდაფებს ავსებს, წამის მეასედი დაყოვნებით დეტონირდება, შემდეგ სადაც აირმა შეაღწებს ცეცხლის ალი ყველგან შედის და ანადგურებს“. ეს იარაღი საკმაოდ სახიფათო და ბევრად მომაკვდინებელია და ანალიტიკოსთა თქმით, არაა გამორიცხული რუსებმა მისი გამოყენება მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზეც სცადონ.

აღსანიშნავია, რომ ამავე კლასის, ოღონდ უფრო მცირე ბომბები უკრაინაში რუსებს აქამდეც აქვთ გამოყენებული - „ოდაბ-175“ და „ოდაბ-500“. თუმცა „ოდაბ-1500“, რომელიც 1500 კილოგრამს იწონის, სიმძლავრით მათ რამდენჯერმე აღემატება.

ამის პარალელურად კი უკრაინაში დიდი საკადრო წმენდა დაიწყო. გასულ კვირას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის მდივანი ალექსეი დანილოვი, რომლის ადგილიც საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა ალექსანდ ლიტვინენკომ დაიკავა.

ამის შემდეგ იყო გადადგომების სერია პრეზიდენტის ოფისში. ზელენსკიმ გადააყენა პირველი თანაშემწე და ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზე სერგეი შეფირი. ასევე დათხოვნილია პრეზიდენტის სამი შტატგარეშე მრჩეველი - მიხალ რადუცკი, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო.

ასევე გადააყენეს პრეზიდენტის რწმუნებული მოხალისეთა საქმეებში ნატალია პუშკარიოვა და პრეზიდენტის რწმუნებული სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაში ელენა ვერბიცკაია.

თანამდებობის დატოვება ასევე მოუწია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ორ მოადგილეს - ანდრეი სმირნოვსა და ალექსეი დნეპროვს.

გარდა ამისა, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უახლოეს დღეებში საკადრო გადაადგილებები უკრაინის მინისტრთა კაბინეტშიც იგეგმება, თუმცა პრეზიდენტის ჯერ საბოლოოდ არ დაუდგენია როგორი.

„აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინას უკანდახევა მოუწევს“

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დახევა მოუწევთ. 

„თუ აშშ-ის მხარდაჭერა არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საჰაერო თავდაცვა, „პეტრიოტის“ რაკეტები, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები არ გვექნება. ეს ნიშნავს, რომ უკან დავიხევთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა ნაბიჯებით. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, რათა უკანდახევა არ მოგვიწიოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე ვაშინგტონის რეაქცია პოზიტიური არ იყო.

„ჩვენ საკუთარი დრონები გამოვიყენეთ. ვერავინ გვეტყვის, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. თუ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დასაცავად საჰაერო თავდაცვა არ გვაქვს და რუსები მას თავს ესხმიან, ჩემი კითხვაა - რატომ არ შეგვიძლია, რომ მათ ვუპასუხოთ?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში.

„სი-ბი-ეს“-თან ინტერვიუში კი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას დახმარება დაუყოვლებლივ სჭირდება და ნოემბრამდე „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ დაელოდება“.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა და ფინანსური დახმარების პაკეტის სწრაფი დამტკიცებისკენ მოუწოდა.

„ვესაუბრე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს იმის შესახებ, თუ რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად. მივაწოდე ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, ჩვენს ქალაქებზე რუსული დარტყმების გაგრძელების შესახებ. მათი ტერორი მხოლოდ იზრდება და მისი შეჩერება მხოლოდ ჩვენი თავდაცვის ფიზიკური ძალებით არის შესაძლებელი.

„უკრაინა მადლობელია შეერთებული შტატებისა და ყველა იმ ამერიკელი მხარდამჭერის, ვინც ჩვენს მსგავსად ფიქრობს, რომ თავისუფლება არასდროს უნდა დამარცხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა შეინარჩუნოს თავისი ლიდერობა, რომ თავისუფლების დაცვა გამაერთიანებელ იდეად დარჩეს. ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი ერთობლივი ქმედებები ახლა განსაზღვრავს, თუ როგორ მსოფლიოს მიიღებენ მემკვიდრეობით ჩვენი შვილები“, - აცხადებს ზელენსკი.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ძალ-ღონეს არ იშურებს და ფრონტზე სახარჯო მასალის მობილიზება ჯერ კიდევ ხდება, თუმცა თუ ამას ამერიკული დახმარება არ წამოეწია, უკანდახევა მართლაც მოუწევთ.

„უკრაინის არმიას, სამწუხაროდ, ისედაც უწევს ნელ-ნელა უკან დახევა. ჯერჯერობით უკან იხევენ ნაკლებად მნიშვნელოვანი სოფლებიდან, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ფრონტის ხაზი მიადგება ალბათ უფრო მნიშვნელოვან და ბევრად დიდ ქალაქებს, ვიდრე ეს იყო ავდეევკა, ან მარიინკა.

„რა თქმა უნდა, ახლა ძალ-ღონეს არ იშურებენ და ფრონტზე ყველა საშუალების მობილიზება ხდება, რომ როგორმე ძირითადი სახარჯო მასალა შეავსონ. ჯერჯერობით სიტუაცია ისეთია, რომ შესაძლოა რუსეთი მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში გენერალურ შეტევაზე გადავიდეს. მანამდე უკრაინის არმიამ რამენაირად უნდა იპოვოს ეს რესურსები, რომ თავდაცვითი საშუალებები გაიძლიეროს. (თუ ამერიკული დახმარება არ იქნა) რა თქმა უნდა, რთულად იქნება საქმე, ძირითადი დამხმარე სწორედ ამერიკული მხარე უფრო იყო, ვიდრე ევროპა“, - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან“.  

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი აღნიშნავს, რომ ყველაზე საჭირო მაინც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებია, რის გარეშეც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დიდი იქნება. 

„უკრაინას დღეს რა რესურსი აქვს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ზელენსკი იმაში მართალია, რომ საჰაერო თავდაცვა, რაც ყველაზე კრიტიკული ელემენტია, ამერიკიდენ მოდის. მის გარეშე შესაძლოა მაინცდამაინც უკან დახევა არ მოუწიოთ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ ბრძოლა იმ ასპექტში, რომ დიდი მსხვერპლი ექნებათ, განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობაში. 

„ფრონტზე აქტივობები ყველგანაა, გაყინვას ამას ვერ დაარქმევ. უბრალოდ, არცერთი მხრიდან წინსვლა არაა. ბრძოლები ყველგანაა - ზაპოროჟიეს სამხრეთში, ავდეევკა-ბახმუტისკენ, სვიატოვო-კრემინას ხაზზე, ხერსონის ოლქში დნეპრის სანაპიროზე“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან“.

რა არის „ოდაბ 1500“

რუსეთმა უკრაინას პირველად დაარტყა „ოდაბ-1500“ ტიპის მძიმე თერმობარული ავიაბომბით, რომელსაც საკმაოდ დიდ ფართობზე აქვს გამანადგურებელი ეფექტი. ასეთი ბომბის ჩავარდნის შემთხვევაში, დაახლოებით 1 კმ სიმაღლის სოკოსებრი კვამლი ამოდის. გერმანული „ბილდი“ წერს, რომ აღნიშნული ავიაბომბი რუსებმა სუმის ოლქის სოფელ ველიკაია პისარევკაში ჩამოაგდეს.

როგორც გერმანელი ექსპერტი და ჟრნალისტი ჯულიან რობკე აღნიშნავს, დასახლებულ რაიონში 1,5 ტონიანი ბომბის გამოყენება „რუსეთის თავდასხმის ახალი ფსკერია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ“. 

აღსანიშნავია, რომ მოცულობითი აფეთქების ავიაბომბი საბჭოთა კავშირის დროინდელი თერმობარული ჭურვია, რომელიც დაცემამდე, მიწის ზედაპირიდან 10 მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს აალებად ნარევს აეროზოლის მსგავსად და ცეცხლის ალში ახვევს სამიზნეს. ამ ტიპის საბრძოლო მასალას აქვს უფრო მეტად დამანგრეველი ეფექტი, ვიდრე კლასიკურ საბრძოლო მასალას.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვიული „რეზონანსთან“ იმ მონაცემებზე ყვება, რაც „ოდაბ-1500“-ებს აქვთ.  

„ესაა მოცულობითი აფეთქების საავიაციო ბომბი. ამას საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ავღანეთში იყენებდა. ამ ბომბის თავისებურება ისაა, რომ მასში დიდი წნევითაა ჩაჭირხნული პროპანი, ან სხვა აალებადი აირი, რომელიც ბომბის მიწაზე დაცემამდე სარქველებიდან დიდი სისწრაფით გამოიდევნება. აირით სანგრებს ან სარდაფებს ავსებს და მცირედი - წამის მეასედი დაყოვნებით დეტონირდება. სადაც აირმა შეაღწია, ცეცხლის ალი ყველგან შედის და ყველაფერს ანადგურებს. 

„ჩვეულებრივ ბომბს ადამიანი შეიძლება სარდაფში ან სანგარში გადაურჩეს. „ოდაბის“ გამოყენების შემთხვევაში კი დიდი შანსია, რომ გაზმა ასეთ დაცულ ადგილებშიც შეაღწიოს. ეს, რა თქმა უნდა, საშინელი იარაღია და პირველ რიგში სახიფათოა, თუ მჭიდროდ დასახლებულ ადგილას იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აქამდე რუსებმა ამ ომში ეს იარაღი რამდენჯერმე უკვე გამოიყენა, უბრალოდ ახლა მიექცა ამას ყურადღება“, - აცხადებს ალადაშვილი.     

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ოდაბ-1500“-ები რუსებმა შესაძლოა უკრაინის ფრონტზე ნებისმიერ ადგილზე გამოიყენონ, მისი აღმოჩენა და მასთან ბრძოლა კი საკმაოდ რთულია.

„ეს არის ე.წ. გლაიდერი, რომელსაც საჰაერო პლატფორმებიდან ისვრიან შორი, უსაფრთხო მანძილიდან. შემდეგ უკვე თვითონ მიდის, მიზანს მექანიკურად ეჯახება და ფეთქდება. შესაძლოა რუსებმა ნებისმიერ ადგილზე გამოიყენონ. ამ „გლაიდერებთან“ ბრძოლა და მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე