ნატალია ჯვარიძე
(18.03.2024)

„ვლადიმერ პუტინის განცხადება ნავალნის დასავლეთის ციხეებში მყოფ პირებში ვითომ გაცვლის თანხმობაზე აბსოლიტური ტყუილია. მას, როგორც კრიმინალს ახასიათებს, რომ ჯერ კლავს და შემდეგ იძახის სხვა რამეს ვაპირებდიო" - აცხადებს ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე, რომლის თქმითაც პუტინის მთავარი მიზანია უკრაინას აიძულოს მოლაპარაკების სკამზე დაჯდომა. ასევე, იგი ყველანაირად ეცდება არჩევნებში ჩარევას, რომელიც დასავლეთში, ევროპარლამენტში და აშშ-ში მიმდინარეობს.

„პუტინი ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით საერთოდ არაფერს აპირებდა. რაც რუსეთში ახლა ხდება, არის ჩვეულებრივი ავტოკრატია. პუტინი უკვე 24 წელია ქვეყანას თავისი სურვილისამებრ ერთპიროვნულად მართავს და სამწუხარო არის ის, რომ რუსული საზოგადოება ამის უფლებას აძლევს, უფრო მეტიც, ისინი ეთანხმებიან ამ ტიპის მმართველობას. საუბარია მათზე, ვინც მასთან ერთად აქტიურად არიან ჩაბმული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.". - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

საუბარია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომელშიც იგი ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი რომ არ გარდაცვლილიყო დასავლეთის ციხეებში მყოფ რომელიმე პირზე უნდა გაეცვალათ. მთავარი პირობა კი ის იყო, რომ იგი სამშობლოში არ უნდა დაბრუნებულიყო.

„ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, მითხრა, რომ მისი რამდენიმე დასავლეთის ციხეებში მყოფ პირებზე გაცვლის იდეა იყო. თუ გინდათ დამიჯერეთ, თუ გინდათ არა. იმ ადამიანს, ვინც მესაუბრებოდა და ეს მითხრა, სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, როცა ვუთხარი, რომ თანახმა ვიყავი! მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა, სიკვდილს ვერაფერი დაუდგება წინ. მე თანახმა ვიყავი ერთი პირობით. ჩვენ პატიმრებს გავცვლიდით თუ ის რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა".- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

თენგიზ ფხალაძის აზრით, რუსეთს იმაზე მეტი აგრესიული ქმედების რესურსი აღარ აქვს, რასაც ახლა უკრაინას უკეთებს და რომ შეეძლოს, აუცილებლად გამოიყენებდა, თუმცა იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინა მოლაპარაკების სკამზე დასვას. მისივე თქმით, პუტინის მთავარი მიზანი არჩევნებში ჩარევაა, რომელიც დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში, ევროპარლამენტში და აშშ-ში მიმდინარეობს.

„პუტინმა ძალიან სერიოზულად ისარგებლა დასავლელი ლიდერების ილუზიებით, რომელიც მის მიმართ ჰქონდათ, რომ თითქოს იგი შეიცვლებოდა და არ იქნებოდა ისეთი აგრესიული, როგორიც რეალობაშია.

„ამიტომ, იგი ყოველთვის შეეცდება, რომ დასავლურ გულუბრყვილობაზე ითამაშოს. დღეს თითქმის მთელი დასავლური სამყარო არჩევნებშია ჩართული, რომელიც ევროპარლამენტში, ევროპის არაერთ ქვეყანაში და აშშ-ში მიმდინარეობს.

„პუტინისთვის ახლა მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტად ჩაერიოს და გამოიყენოს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მექანიზმები, რადგან მაქსიმალურად შეუშალოს ხელი ერთიანობას. ის თვლის, რომ ქანცგამოცლილი ომი უკრაინას მოლაპარაკების სკამზე დაჯომის გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. იმისათვის, რომ ამის უფლება არ მიეცეს, დასავალეთმა ის ერთიანობა უნდა განამტკიცოს, რომელიც ახლა აქვთ. ასევე, უკრაინას დახმარება კიდევ უფრო მეტად უნდა გაეზარდოს და პუტინის რეჟიმზე უნდა გაიზარდოს წნეხი.

„რუსეთს იმაზე მეტი აგრესიული ქმედების რესურსი აღარ აქვს, რასაც ახლა უკრაინას უკეთებს და რომ შეეძლოს აუცილებლად გამოიყენებდა. საკუთარი ხალხი კი დიდი ხანია პროპაგანდით ჰყავს გაბრუებული და თავისთავად ცხადია, რომ იგივეს გააგრძელებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი რა განწყობითაც მიდოდა იმ ე.წ. არჩევნებზე ძალიან კარგად ასახავს, თუ რა მძიმე ყოფაში უწევთ ცხოვრება".- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე