ელზა პაპოშვილი
(18.03.2024)

პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსეთის მოხალისეთა კორპუსის (RDK) სამხედროები ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში - ბელოგოროდსა და კურსკში. აღნიშნულ ოლქებში რეგულარულად ისმის საჰაერო განგაშის ხმა, ხდება მოსახლეობის ევაკუაცია, დახურულია სხვადასხვა დაწესებულებები.

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რაიონში, სადაც ბოლო რამდენიმე დღეა რუსული პარტიზანული დაჯგუფებები აქტიურ საომარ მოქმედებებს აწარმოებენ, სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და სავაჭრო ცენტრები დაიხურება. გადაწყვეტილება გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა მიიღო. მისი ცნობით, დაწესებულებები ორშაბათს და სამშაბათს "არსებული ვითარების" გამო არ იმუშავებს, მათ შორის, სწავლება არც დისტანციურად იქნება. 

შეზღუდვები ეხება უკრაინის მოსაზღვრე რაიონებს - ბელგოროდის, ბორისოვის, ვოლოკონოვსკის, კრასნოიარუჟსკის ოლქებს, გრეივორონსკის, ვალუისკის, შებეკინსკის და იაკოვლევსკის ურბანულ ოლქებს, ასევე ქალაქ ბელგოროდს.

ხუთშაბათიდან მოყოლებული, დაბომბვების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 33 დაშავდა.    

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ RM-70 Vampire მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის 10 რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში დილით, დაახლოებით 08:30 საათზე.

ბელგოროდის მერმა ვალენტინ დემიდოვმა განაცხადა, რომ რეგიონული ცენტრის დილის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. "დღეს ერთი მსხვერპლი გვყავს, ის უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი", - ციტირებს მის სიტყვებს TASS.  

"24 თებერვლის მოვლენების პირველივე დღიდან გვეხმარებიან, საკმაოდ კარგად იბრძვიან. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. ვეცდებით დავეხმაროთ მათ, როგორც შეგვიძლია", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი რუსეთის თავისუფლების ლეგიონის, რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ე.წ. ციმბირის ბატალიონის შესახებ საუბრისას, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

დაზვერვის მონაცემებით, რუს მოხალისეთა ბატალიონების მებრძოლები უკრაინის საზღვრისპირა რეგიონების ტერიტორიაზე ოპერაციის გაგრძელებას გეგმავენ.

"როგორც ვიცით, ისინი უახლოეს მომავალში არ აპირებენ გაჩერებას და გააკეთებენ რაც შეუძლიათ. და როგორც ამ ბოლო დროს ვნახეთ, მათ აქვთ საკმარისი ენერგია, მიაღწიონ შეზღუდულ წარმატებას", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსი მოხალისეების ქმედებები "შიდასახელმწიფოებრივი საკითხია". 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კი ამბობს, რომ ბოლო კვირებში, ბევრმა დაინახა რუსეთის ომის მანქანის დაუცველობა .  

"ბოლო კვირების განმავლობაში, ბევრმა დაინახა რუსეთის ომის მანქანის დაუცველობა და რომ ჩვენ შეგვიძლია მივწვდეთ მას ჩვენი იარაღით. მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, SBU-ს და დაზვერვის მთავარ დირექტორატს ახალი, შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღისთვის

რა თქმა უნდა, ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს თავდაცვისა და სამრეწველო კომპლექსს - ყველას, ვინც მუშაობს უკრაინის ძლიერებისთვის, რადგან ეს არის მართლაც უკრაინული შორ მანძილზე მოქმედების უნარი - რისი გაკეთებაც ჩვენს თვითმფრინავებს შეუძლიათ. უკრაინას ახლა ყოველთვის ეყოლება თავისი დამრტყმელი ძალა ცაში“,-ამბობს ზელენსკი. 

სანამ ეს შესაძლებელი იყო, ვაგრძელებდი მასთან [პუტინთან] საუბარს, მაგრამ მასობრივი ომის დანაშაულის სცენების შემდეგ, ბუჩას შემდეგ, ომი სხვა ფაზაში გადავიდა - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინელ ჟურნალისტთან, ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, თუმცა ახლა ფრონტზე ორივე მხრიდან დიდი დანაკარგია. ამავდროულად, მაკრონის თქმით, რუსეთმა შეძლო ომის ორგანიზება, მაშინ როცა 2024 წელს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გაურკვევლობაა.

"ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ არა მხოლოდ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას, არამედ როგორი იქნება ეს ნამდვილი მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი და ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ეს ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე. 

„დახმარების დასაჩქარებლად, სხვაგვარად მუშაობა. თუ მტერი ამბობს: „ჩვენ არ გვაქვს საზღვრები“, მაშინ რატომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ეს საზღვრები? ჩვენ გვაქვს მიზანი - რუსეთი არ და ვერ მოიგებს ამ ომს... ევროპაში მშვიდობა არ იქნება, თუ უკრაინას მოუწევს კაპიტულაცია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.     

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი  აცხადებს, რომ ბელგოროდსა და კურსკის ოლქებზე თავდასხმა ხდება „თავისუფლება რუსეთის ლეგიონის“ და ასევე „ციმბირის“ ბატალიონების მიერ. ალადაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს ბატალიონები რუსი მოხალისეებით არის დაკომფლექტებული. 

„არაფერია საიდუმლო იმაში, რომ ეს მოხალისეები უკრაინის დაზვერვის მიერ არის შექმნილი. ისინი უკრაინის მიერ ფინანსდებიან და ფრონტის ხაზზეც ეხმარებიან უკრაინელებს. ბატალიონში ძირითადად ის რუსები ირიცხებიან, რომლებიც პუტინის რეჟიმს არიან გამოქცეულები. ასევე, ის პირები, რომლებიც უკრაინაში ტყვედ ჩავარდნენ და სურვილი გამოთქვეს, რომ ამ ბატალიონში ჩარიცხულიყვნენ. 

„რაც შეეხება მათ მიზნებს და ამოცანებს, პირველ რიგში ამას ფსიქიოლოგიური ზეწოლის ეფექტი აქვს, მეორეს მხრივ კი სამხედრო სტრატეგიული გათვლა აქვს. ეს შეტევები რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვა და ეს არის რუსი ხალხისთვის საჩვენებელი ოპერაცია, რომელიც პუტინის სიტყვების გაბათილებას ემსახურება იმაზე, რომ ის არის რუსეთის სიმშვიდის და მომავალი გარანტორი. 

„თუმცა იმის თქმა, რომ ამით ფრონტის ხაზზე რაღაცა შეიცვლება მნიშვნელოვნად, ტყუილია, თუმცა, გასაგებია, რომ უკრაინა ყველა ძალის გამოყენებას ცდილობს. სამწუხაროდ ყველა უპირატესობა ამ ეტაპზე აგრესორ რუსეთის მხარეს არის. ეს არ იქნება მრავალრიცხოვანი და გრძელვადიანი ოპერაცია. ახლა უკრაინას არა აქვს იმის საშუალება, რომ ფრონტის ხაზი ამ მიმართულებაზე გააგრძელოს“, - ამბობს ალადაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე