თამთა ჩაჩანიძე
(17.03.2024)

უკრაინას ახალი სტრატეგია აქვს - მიზანმიმართულად უტევს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს საწვავის დეფიციტის შექმნის მიზნით. ანალიტიკოსების თქმით, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსების ლოჯისტიკაზე, რადგან ართულებს ფრონტის საწვავით მომრაგებას. პარალელურად კი უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება" ახალი წარმატებისა და რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საბრძლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანით, უკრაინას საშუალება ეძლევა, რუსებმა თავდაცვის ხაზი გაწელონ და უკვე არსებული ცხელი წერტილებიდან ჯარები ამ ტერიტორიებზეც გადაისროლონ.

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ცხელ წერტილებს, ასეთად კვლავ დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი რჩება. იქ უკრაინელები შეტევას ცდილობენ, თუმცა სიტუაცია თითქმის არ იცვლება.

ამის პარალელურად, ევროპა რუსეთის შეკავების მიზნით უპრეცენდენტოდ აქტიურდება. განსაკუთრებით მწვავე განცხადებებით გამოირჩევა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის შესაძლო გაგზავნის შესახებ განცხადების შემდეგ, უკვე არც საფრანგეთი-რუსეთის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამორიცხავს.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

„ციმბირის ბატალიონმა", რომელიც ლეგიონ „რუსეთის თავისუფლებასა" და „რუს მოხალისეთა კორპუსთან" ერთად, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებზე თავდასხმებში მონაწილეობს, კიდევ ერთი დასახლების აღების შესახებ განაცხადა. ამასთან, მათივე განცხადების მიხედვით, ამ ოპერაციაში ჩეჩენი მოხალისეებიც მონაწილეობდნენ.

„რუსეთის განმათავისუფლებელი ძალების ქვედანაყოფები ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის მოხალისეებთან ერთად შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ გორკოვსკოეში და დაიკავეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა", - ნათქვამია განცხადებაში.

გორკოვსკოეში, 2010 წლის მონაცემებით, 400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 16 მარტს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ „გორკოვსკოე უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშაა", ქალაქზე იერიშებს კი რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც და დაზიანდა 15-მდე ავტომობილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, საცხოვრებელი სახლები არ დატოვონ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მარტის ღამეს ბელგოროდის რეგიონში სამი დრონი, რეაქტიული ჭურვი და რაკეტა „ტოჩკა-უ" ჩამოაგდეს. დილით, ამავე რეგიონში კიდევ რვა რეაქტიული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.

ამის პარალელურად, ვიდეო გაავრცელა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა". მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს რუსი ჯარისკაცები და მათ გადასაცემად ბელგოროდის გუბერნატორს შეხვედრას სთავაზობენ.

ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება" კი კიდევ ერთხელ მოუწოდეს ბელგოროდისა და კურსკის რეგიონების მოსახლეობას ევაკუაციისკენ, რის შემდეგაც, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოხალისეები დიდი ალბათობით გააგრძელებენ მასიურ თავდასხმებს რუსეთის ჯარებზე მიმდებარე რუსულ რეგიონებში. მოხალისეები რუსებს მოუწოდებენ, რომ დასახლებული პუნქტებიდან გავიდნენ, რადგან შესაძლოა რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად გამოიყენონ.

საქართველოს გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტის სხვა მონაკვეთებზე სიტუაცია თითქმის გაყინულია, თუმცა უკრაინელები შეტევას ცდილობენ, რაც რუსების კომენტარებშიც იკითხება. რაც შეეხება კურსკსა და ბელგოროდს, გენერალი კაპანაძე ამბობს, რომ იქ განხორციელებული რეიდებით უკრაინას საშუალება ეძლევა რუსებმა თავდაცვის ხაზი გაწელონ და უკვე არსებული ცხელი წერტილებიდან ჯარები ამ ტერიტორიებზეც გადაისროლონ.

„ფრონტზე სტაგნაციაა, სიტუაცია პოზიციურ დაპირისპირებაშია გადასული. უკრაინელები კონტრშეტევებს ახორციელებენ. თვითონ რუსები იძახიან, რომ ეს კონტრშეტევები მოიგერიეს, რაც ნიშნავს, რომ კონტრშეტევებს უკრაინელებიც ახორციელებენ. ფრონტის ხაზი გარკვეულწილად გაყინულია, თუმცა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ბელგოროდისა და კურსკის მიმართულებაზე უკრაინელები ცდილობენ რუსებს თავდაცვის ხაზი გაუწელონ, რათა მათ აიძულონ ძალები ამ მიმართულებებზე გადაიყვანონ და გადააჯგუფონ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დაპირისპირება რუსეთის ტერიტორიაზე უკვე აქტიურად გადავიდა.

„ბელგოროდსა და კურსკის ამბები ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირების ელემენტი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა იმ ფონზე, როცა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნებს დიდი შიშით ატარებს.

„ფრონტზე ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, პოზიციური ბროლები მიდის ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ხერსონის ფრონტებზე. უკრაინელებმა რუსული შეტევების მოგერიება შეძლეს და არ მისცეს საშუალება რუსებს, რომ ოთხივე (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის) რეგიონი დაეკავებინათ და არჩევნები თავისუფლად ჩაეტარებინათ, პუტინს ნომერი ვერ გამოუვიდა.

„შაბათიდან მოყოლებული რუსული საინფორმაციოები იმით იწყება, თუ როგორ ტარდება არჩევნები დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ავდეევკაც კი აჩვენეს და გაპარტახებულ ქალაქში რისი ჩატარება შეიძლება, არ ვიცი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

შეტევა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და მისი შედეგები

რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 17 მარტის ღამეს მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგის, ორიოლის, როსტოვის, იაროსლავისა და კურსკის ოლქებში და კრასნოდარის მხარეში 35 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

„გასულ ღამეს და 17 მარტის დილას აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 17 უპილოტო საფრენი აპარატი - კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი - მოსკოვისა და იაროსლავის ოლქებში, სამ-სამი - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, ორი - კალუგაში და თითო-თითო ორიოლისა და როსტოვის ოლქებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა რამდენიმე დრონით ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა სცადეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსული მხარის ცნობით, თავდასხმის შედეგად, კომპანიის ერთი თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა მოსკოვის ოლქის დომოდედოვოს, რამენსკის და სტუპინსკის რაიონებში. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში კიდევ რამდენიმე ნავთობსაწარმოზე განხორციელდა იერიში - 13 მარტს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რიაზანის ოლქის ნავთობგადამამუსავებელ ქარხანას შეუტია, ეს საწარმო მოსკოვის რეგიონების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. დარტყმის შედეგად ხანზარი გაჩნდა, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ორი ძირითადი დანადგარი, მუშაობა კი შეჩერდა.

ამავე დღეს ასევე უპილოტოებით შეუტიეს რუსეთში სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას - სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკის საწარმოებზე იერიშებს ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლებაც.

13 მარტსვე დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „კინეფზე", რომელიც დიზელის საწვავის ექსპორტს აწარმოებს.

12 მარტს დრონებით თავდასხმა განხორციელდა ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარე კომპანია „ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეტევა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ესაა მნიშვნელოვანი დარტყმა რუსული მომარაგებისთვის ფრონტზე.

„ეს არის მნიშვნელოვანი დარტყმა რუსულ ლოჯისტიკაზე, ფრონტის მომარაგებაზე. რუსებს დღე-ღამეში საშუალოდ 18 ათას ტონამდე საწვავი სჭირდებათ და შესაბამისად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აფეთქებით რუსეთი იძულებული იქნება აღნიშნული ტვირთი უფრო შორიდან ზიდოს, რაც ზრდის დროს, მანძილს, მიტანის ხარჯებს და ამავე დროს იზრდება მათი მოწყვლადობა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ ამ დარტყმებმა ეკონომიკური პანიკა უკვე გამოიწვია.

„შესაძლოა თავისი არსით მასშტაბური არაა, მაგრამ ამან პანიკა უკვე გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე ეკონომიკის მხრივ. ამ ეკონომიკურმა პანიკამ კი შესაძლოა ეს სისტემები მთლიანად მოშალოს და სერიზული კრახი და კრიზისი გამოიწვიოს.

„რუსეთს პირველად მიუწია თავისი ნავთობის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესოს, მათ შორის საქართველოზეც, რადგან გარკვეული დეფიციტი გაჩნდა. ასეთი რამ თავის დროზე საბჭოთა კავშირს არ გაუკეთებია, როცა ნავთობზე კრიზისი ჰქონდა. ახლა, როცა რუსებს სანქციები აქვთ, მნიშვნელოვანი დამხმარე ბერკეტი ნავთობი იყო. თუ უკრაინამ ეს სტრატეგია გააგრძელა, შესაძლოა დამატებით კრიზისი შეუქმნას რუსეთს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რატომ გააქტიურდა ევროპა უპრეცედენტოდ ომის მესამე წელს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახლა უკვე რუსეთის ჯართან შეტაკებასაც არ გამორიცხავს. „ლა პარისიენთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამის ინიციატორი თავად არ იქნება, თუმცა საპასუხო ნაბიჯებს აუცილებლად გადადგამს და რაღაც მომენტში შესაძლოა ეს დროც დადგეს. მანამდე ასევე არ გამორიცხა დასავლეთის ჯარების უკრაინაში ყოფნა.

„ალბათ რაღაც მომენტში - მე არ მინდა ეს, მე არ ვიღებ ინიციატივას - საჭირო გახდება სახმელეთო ოპერაციები, როგორიც არ უნდა იყოს, რუსეთის ძალების დასაპირისპირებლად. საფრანგეთის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება", - თქვა მაკრონმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ამზადებდა თუ არა საფრანგეთის გენშტაბი შესაძლო სცენარებს „ყოველი შემთხვევისთვის", პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა: „ჩვენი პასუხისმგებლობაა მოვემზადოთ ყველა სცენარისთვის. თუ ასე არ მოვიქცეოდით, ეს შეცდომა იქნებიოდა".

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთს არ აქვს საზღვრები უკრაინის მხარდაჭერაში ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნების მიზნით.

„ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ არ მივყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი. თუმცა მზად ვართ ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვაქვს საზღვრები და იმის საპასუხოდ ვიმოქმედებთ, როგორც რუსეთი მოიქცევა", - განაცხადა მაკრონმა.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მაკრონის განცხადება რუსეთისთვის მინიშნება, რომ უკრაინაზე შეტევა არ გაზარდოს და რომ დასავლეთი უკრაინის გვერდითაა.

„მაკრონის განცხადება რუსეთისთვის მინიშნებაა, რომ ევროპა მზადაა უკრაინას ბოლომდე მხარი დაუჭიროს. ჯერ არც ჯარების შეყვანაზე და არც ბრძოლებში ჩართვაზეა კონკრეტული ლაპარაკი, ეს უბრალოდ მინიშნებაა იმაზე, რომ დასავლეთი და ევროპა უკრაინის მხარეს დგას.

„დღეს ლაპარაკობენ იმიტომ, რომ ეს ომი არ დამთავრდა, რაც რუსებისთის იმის მინიშნებაა, რომ ესკალაცია არ განახორციელონ და დარტყმები არ გაზარდონ. მნიშვნელობა არ აქვს ეს მინიშნება როდის იქნება, ზოგმა ადრე თქვა, ზოგმა გვიან, თუმცა მთავარია და ფაქტია, რომ უკრაინის გვერდში დგანან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით კი, ევროპის გააქტიურება იმას ნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, საფრთხე ევროპის ქვეყნებსაც დაემუქრა; მეორეს მხრივ კი, არჩევნებზე გამარჯვების გაფორმების შემდეგ პუტინის ამბიციები და აგრესიის ხარისხი შეიძლება კიდევ გაიზარდოს და ევროპა უკვე აქედანვე ცდილობს ამის პრევენციას.

„რუსეთში ეს არჩევნები ყველაზე არალეგიტიმურია. პუტინიც ხვდება, რომ მისი რეჟიმის პირობებშიც კი წააგო, მის წინააღმდეგ პენსიონერებიც კი წავიდნენ, მაგრამ ყველა ვარიანტში მაინც გაიფორმებს გამარჯვებას და შესაძლოა, ამან კიდევ უფრო გამოიწვიოს დიქტატორის ამბიციების ზრდა და მისი გათავხედება. ზუსტად ესაა ევროპის გააქტიურების მიზეზი.

„პუტინმა თავის ინტერვიუში სულ მცირე 20-25 ჯერ ახსენა ბირთვული ტრიადა, რაც უკვე ძალიან საშიშია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ჩვენთვის. რა თქმა უნდა, თუ პუტინს უკრაინაში გაუვიდა, მერე ევროპას მიადგება და მაკრონიც სწორედ ამაზე საუბრობს - რომ თუ უკრაინას გვერდით არ დავუდექით, გარკვეულ მომენტში მასთან დაპირისპირება უკვე ევროპას მოუწევს. მაკრონი კარგად ხვდება რა საშიშროების წინაშეც დადგა უკვე ამ ეტაპზე ევროპა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე