ნატალია ჯვარიძე
(16.03.2024)

რუსეთის 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები, უკვე მის დასრულებამდე აშშ-სა და ევროკავშირში, პრაქტიკულად, არალეგიტიმურად გამოაცხადეს. რა სამართლებრივი შედეგები ექნება ამას და რა გავლენას იქონიებს უკრაინაში ომის დასრულებისა და მოლაპარაკების პერსპექტივაზე? ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ პუტინთან მოლაპარაკება დასავლეთღის მხრიდან აქამდეც ნაკლებად სავარაუდო იყო, თუმცა, მიიღებს თუ არა მისი პრეზიდენტობის არალეგიტიმურად ცნობა ოფიციალურ სახეს, ჯერ ძნელი სათქმელია.

გარდა ამისა, როგორც კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყება ამ ეტაპზე არც პუტინს სურს. იგი შემოდგომაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება და იმედი აქვს, რომ მასში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, რომელთანაც, პუტინის აზრით, უფრო მარყივი იქნება საერთო ენის გამონახვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, აშშ გმობს და არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ტარდება.

„შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა. აშშ გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი შაბათს ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმრავლესობას სურს შეიტანოს ამაში თავისი წვლილი. მოვუწოდებ ყველას, დაუპირისპირდნენ ვლადიმირ პუტინს, ის ბანდიტია", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

რუსეთს არჩევნებს გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც და განაცხადა, რომ იქ არანაირი თავისუფალი აზრი და არანაირი ოპოზიცია არ არსებობს.

„მსურს, „მივულოცო" ვლადიმირ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი", - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

ანალისტიკოს კორნელი კაკაჩიას აზრით, პუტინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ამხელა დარღვევას ევროკავშირი და აშშ რა თქმა უნდა არ აღიარებს. თუმცა, როგორი სამართლებრივი ფორმა მიეცემა ამას, ძნელი სათქმელია.

„პუტინი, რასაც ახლა აკეთებს, საერთშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. თუ ახლა ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, შემდეგ ბუმერანგივით დაუბრუნდება ყველას, რამაც შესაძლოა გლობალურ კრიზისამდეც მიგვიყვანოს. მითუმეტეს ამ კონფლიქტში ისეთი დიდი სახელმწიფოებია, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და სხვა. აშშ და ევროკავშირი არ აღიარებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ექნება თუ არა ამას ოფიციალური სახე, არ ვიცი", - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან".

მისივე აზრით, უკრაინის საკითხზე პუტინთან რაიმე სახის მოლაპარაკება დასავლეთის მხრიდან ისედაც გამორიცხული იყო და ამ მხრივ 15-17 მარტის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა-არცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

„ვფიქრობ, უკრაინის თემაზე ნებისმიერი სამშიდობო მოლაპარაკება პუტინთან გამოირიცხება. პირველ რიგში ამის მიზეზი რუსეთის პირობებები იქნება, რომელსაც დიდი ალბათობით შეთავაზებს, რასაც არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ დათანხმდება. დიდად არც პუტინს სურს მოლაპარაკება იქამდე მაინც, სანამ არ გაირკვევა აშშ-ის არჩევნების შედეგები. მას იმედი აქვს, რომ აშშ-ის ყოფილი პეზიდენტი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. იქამდე გამორიცხულია რუსეთის მხრიდან ამ თვალსაზრისით რაიმე ნაბიჯი გადაიდგას", - განაცხადა კაკაჩია.

იგი „რეზონანსთან" საუბრისას სხვა პრეცედენტებს იხსენებს, როდესაც დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში არ აღიარებდა ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა რეჟიმების ლეგიტიმურობას.

„როდესაც ჩინეთში კომუნისტური ხელისუფლება მოვიდნა, დასავლეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა ლეგიტიმურ ხელისუფლებად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეცვალეს ეს მიდგომა, მაგრამ ამას ათწლეულები დასჭირდა. იგივე მდგომარეობა რუსეთში იყო, როდესაც საბჭოთა კავშირს არ ცნობდნენ და შემდეგ აღიარეს, ამასაც ათეული წლები დასჭირდა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე