ნატალია ჯვარიძე
(12.03.2024)

უკრაინულები ცდილობენ საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანას და 12 მარტის მოულოდნელი რეიდი კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში ამის გამოხატულებაა - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სამშაბათის მოვლენებს. უკრაინული მხარის ცნობით, 12 მარტს მათ კურსკის ოლქში ერთი დაბა ბრძოლით აიღეს. რუსეთის ხელისუფლება ამას გადაჭრით უარყოფს.

უკრაინული წყაროების ცნობით, რეიდი სამმა საბრძოლო დანაყოფმა განახორციელა - ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება", რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირულმა ბატალიონმა. ეს დანაყოფები მთლიანად რუსეთის მოქალაქეებითა დაკომპლექტებული, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.

სამშაბათს შუადღისას „ტელეგრამში" ლეგიონის ოფიციალურ არხზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მათ ბრძოლის შედეგად რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში დაბა ტეტკინო აიღეს.

„კურსკის ოლქის დაბა ტეტკინო მთლიანად რუსეთის განმათავისუფლებელი ძალების კონტროლის ქვეშაა. პუტინის არმია გარბის, ტოვებს პოზიციებს და მძიმე ტექნიკას. ჩვენს მიწას რეჟიმს სანტიმეტრ-სანტიმეტრ წავართმევთ", - წერს „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" „ტელეგრამ" პოსტში.

მებრძოლებმა ასევე აჩვენეს დრონიდან გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია ამ დასახლებულ პუნქტში არსებული მდგომარეობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში შეჭრას და სახელმწიფო საზღვრის გარღვევას უკრაინელი დივერსანტები სამი მიმართლებით ცდილობდნენ. უწყება ამტკიცებს, რომ მოხდა შეტაკება და მესაზღვრეებმა შეტევა მალევე მოიგერიეს.

„რუსეთმა ჩაშალა კიევის რეჟიმის მცდელობა შეჭრილიყო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან სასაზღვრო ტერიტორიაზე ოდნორობოვკას რაიონში 60-მდე უკრაინელი ტერორისტი დაიღუპა, ნეხოტეივკას რაიონში სამი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო სიდოროშინოს რაიონში ორი ტანკი განადგურდა.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ბელგოროდის ოლქში განადგურებული უკრაინული საბრძოლო ტექნიკის კადრებიც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ კურსკის ოლქის შემთხვევაში მათ ასეთი კადრები არ გაუვრცელებიათ.

მანამდე კურსკის ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ დივერსიული ჯგუფი უკრაინიდან სასაზღვრო სოფელ ტეტკინოში შეჭრას ცდილობდა. სროლა ატყდა და მესაზღვრეებმა მათ გარღვევის საშუალება არ მისცეს.

სავარაუდოდ რა მოხდა, ახლა რა სიტუაციაა და რა შედეგი ჰქონდა ამ რეიდს როგორც სამხედრო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით? გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ამ რეიდის ერთ-ერთი მიზანი იყო რუსეთში 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არასტაბილურობის და ერთგვარი დაუცველობის ეფექტი შეექმნათ.

„შესაძლოა ჯერ ვერ ვთქვათ, რომ უკრაინისთვის სრულიად წარმატებული იყო შეტევა, თუმცა ის ფაქტი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, ეს უკვე გარკვეულ წარმატებას ნიშნავს. უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე ცდილობენ დაპირისპირების გადატანას, რაც მათი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია და ასეთი შეტევები კიდევ გაგრძელდება.

„ამ რეიდის ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ რუსეთში არჩევნების წინ არასტაბილურობის და ერთგვარი პოლიტიკური დაშინების ეფექტი შეექმნათ. ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მაგრამ, ამის გარდა, სხვა მიზანიც ექნებათ უკრაინელებს. ისინი რუსეთს არ მისცემენ სულის მოთქმის და თავისი წარმატებების განვითრებისთვის საშუალებას.

„აბსოლუტურად შესაძლებელია საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორაზე გადაინაცვლოს. ჩვენ ვხედავთ დარტყმებს რუსეთის სიღრმეში, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იწვის რომელიღაცა ქარხანა ან ნავთობისა და ბენზინის საცავი.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ბელგოროდის, კურსკის და კიდევ რამდენიმე რუსული ოლქი უშალოდ ესაზღვრება უკრაინას. შესაბამისად, რუსეთს არ შეუძლია თავისი ტერიტორიების ყველგან ერთნაირად დაცვა, რადგან ისინი კონცენტრირებულები არიან შეტევაზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე