ელზა პაპოშვილი
(11.03.2024)

უკრაინელებისთვის ფრონტის ხაზზე, სადაც სიტუაცია ყოველდღიურად სულ უფრო იძაბება, მნიშვნელოვანია დასავლეთიდან დროული დახმარების მიღება. დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების ერთთვიანი დაგვიანების ფონზე, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინის დახმარებას, შეერთებული შტატები იძულებულია რთულ გადაწყვეტილებებს მიმართოს. გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახლა მსჯელობს, შეუძლიათ თუ არა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მოზიდვა აშშ-ის არმიის დაფინანსებიდან უკრაინას გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.

შეერთებული შტატები შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას ამ დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესაძლო წვლილის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ აკეთებენ ამას - აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ჩვენს საკუთარ სისტემაში, ჩვენს მთავრობასა და მთელ ადმინისტრაციაში, რათა დავინახოთ, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად“, - განმარტა კირბიმ.  

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას გეგმა B, კირბიმ უპასუხა, რომ ისინი ყოველთვის ეძებენ ყველა შესაძლებლობას, რისი გამოყენებაც შეუძლიათ.  

უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ლიეტუვაში ესტონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ფრანგ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ერთი რამ არის ნათელი, და ეს სიმწრითა და სიფხიზლით უნდა ვაღიაროთ. მინდა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს: უზომოდ მადლიერები ვართ იმისთვის, რაც უკრაინისთვის გააკეთეთ, მაგრამ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს. ის დასრულდა. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა ხდება, ყველა ჩვენგანისთვის ეს კარგი არაფრით არ დასრულდება. აუცილებელია ყველა სახის იარაღისა და ამუნიციის შეუფერხებელი და დროული მიწოდებები, რათა უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს და ევროპაში ომი უშუალოდ მასზე არ გავრცელდეს”,-განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საჭიროა ახალი რეალობის მიღება, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა.

„ეს, ჩემი აზრით, ის გზავნილია, რომლამდეც პარიზი მივიდა, როდესაც ერთი კვირის წინ სამიტი მოიწვია: ვისაც არ სჯერა, რომ ომი უკრაინის ფარგლებს გარეთაც შეიძლება მოხდეს, გავრცელდეს ტერიტორიაზე, რომელიც ამ დროისთვის ნატო-ს ტერიტორიაა, გთხოვთ, გაიღვიძეთ, ისტორიის სახელმძღვანელოები წაიკითხეთ, მოუსმინეთ, რას ამბობს ახლა პუტინი და 10 განსხვავება იპოვეთ. ვერ იპოვით”, - განაცხადა კულებამ.    

ეს ომი გადარჩენისთვის ომია - ვინც იღლება, ჩამოვიდნენ და ილოცონ იმისთვის, რომ ომი მათ ქვეყნებში არაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინა თავს არ დაიცავს, მაშინ არ გადარჩება და თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი გზას გააგრძელებს, რადგან უკრაინას საქმე აქვს „არაადეკვატურ ადამიანთან“.

“ორი წელი საკმარისია იმის გასაგებად, რომ ეს ომი გადარჩენისთვის ომია. და, თუ თავს არ დავიცავთ, მაშინ უკრაინა არ გადარჩება. ხოლო, თუ უკრაინა არ გადარჩება და არ გაუძლებს, მაშინ ომი გზას გააგრძელებს, ვინაიდან, სამხედრო საქმეები გვაქვს არაადეკვატურ ადამიანთან, რომელიც დასასრულს ვერ ხედავს და თავის სიკვდილამდე კრემლში იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საქმე იმ საფრთხეშია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს მთელი ევროპისთვის და პარტნიორები არ უნდა დაიღალონ, არამედ, პირიქით, უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე ეს ომის პირველ წელს იყო.

“ხოლო ისინი, ვინც ძალიან იღლებიან - დაე, აქ ჩამოვიდნენ, ტაძარში შევიდნენ და ილოცონ, რომ ომი მათ სახელმწიფოებში არაა, დაე, უკრაინისთვის ილოცონ”, - განაცხადა ზელენსკიმ.   

სამხედრო ჟურნალ არსენალის თმავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინისთვის ახლა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას  საზენიტო ჭურვები წარმოადგენს.

„ჩეხეთის პრეზიდენტმა, რომელიც გენერალია, განაცხადა, რომ მოძებნა 800  ათასი ჭურვის საშუალება, რათა უკრაინის არმიას მიაწოდონ, ოღონდ ეს ჭურვები ევროპის გარეთა ქვეყნებშია საყიდელი. აქ უკვე საფრანგეთი, საბერძნეთი და კვიპროსი წინააღმდეგები წავიდნენ. ამის მიზეზიკი ის არის, რომ საფრანგეთს უნდა იმ ფულს რასაც ევროკავშირი გამოჰოფს, ისევ ევროკავშირის ქვეყნების ქარხნებში ჩაიდოს. ჭურვები მათ აწარმოონ. 

„ეს სწრაფად არ ხდება,  ამას დრო და წლები უნდა. უკრაინას ამის დრო აღარ აქვს, ხალხი ეღუპება ფრონტის ხაზზე და სამოქალაქოებს ვხედავთ, როგორ ბომბავენ. საბერძნეთი და კვიპროსი წინააღმდეგი იმიტომ წავიდა, რომ ჭურვების ნაწილის ყიდვა თურქეთიდან უნდა მომხდარიყო და მის სამხედრო მრეწველობას გააძლიერებდა. ეს კი ბერძნების ინტერესში არ შედის. ამ დაპირისპირებაში კი დრო იკარგება და უკრაინელები იხოცებიან“,-ამბობს ალადაშვილი. 

მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აბსოლუტურად სწორად თქვა, რომ ჩვენ, ევროკავშირი თუ ნატოს წევრი ქვეყნები, 6-12 თვე ვაგვიანებთ უკრაინის დახმარებაზე გადაწყვეტილების მიღებას. ეს კი შემდეგ ფრონტის ხაზზე ძალიან ცუდად აისახება. 

„ამიტომ მან დააყოლა, რომ ამის გამო, შესაძლოა ისე გაჭირდეს უკრაინაში, რომ ჯარების გაგზავნაც კი მოგვიწიოსო.  მან ეს ერთ-ერთ ვარიანტად თქვა. როცა ეს ომი დაიწყო, უკრაინასა და დასავლეთს შორის ასეთი შეთანხმება შედგა, უკრაინამ თქვა, ცოცხალი ძალა ჩვენი, იარაღი თქვენი. 

„ესე მიდიოდა მეტ-ნაკლებად სიტუაცია, თუმცა ფრონტის ხაზზე დრო ძალიან გადამწყვეტია. დაგვიანებული დახმარების ფონზე, გარკვეული პრობლემები გაჩნდა. ამასთანავე, უკრაინას გარდა იმისა, რომ შეიარაღების და საბრძოლა მასალის მიწოდების პრობლემა აქვს, თავად უკრაინას აქვს პრობლემა ცოცხალი ძალის. ამ ორ წლიანმა ომმა უკრაინაშიც დიდი  მსხევპლი მოიტანა“, - ამბობს ალადაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე