თამთა ჩაჩანიძე
(20.02.2024)

უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტის შეჩერების მოთხოვნით, პოლონელმა ფერმერებმა პრაქტიკულად უკრაინის საზღვარის სრული ბლოკირება დაიწყეს. ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. შეჩერებული პრაქტიკულად ყველანაირი ტრანზიტი. პოლონელი ფერმერები სამხედრო ტვირთის მქონე ტრანსპორტსაც არ უშვებენ უკრაინაში, რომელსაც ისედაც საბრძოლო მასალისა და შეიარაღების მზარდი დეფიციტი აქვს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, პოლინეთის ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ფრთხილად მოქმედებს, რადგან ასეთ ვითარებაში საზღვარზე პროვოკაციებია მოსალოდნელი. ამასთან, მათივე შეფასებით, ეს უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებზე არანაირად არ აისახება, რადგან ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია ზედა დონეზე და ორი ქვეყნის ხელისუფლებებმა ამ საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს. ამასთან, სახელისუფლებო და მოსახლეობის დონეზე პოლონეთი-უკრაინას მხარს უჭერს.

პოლონელმა ფერმერებმა კი გაფიცვის კომიტეტი შექმნეს, სადაც აცხადებენ, რომ პროტესტი 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნის მისაღწევად ყველა ზომას მიიღებენ. მიზანი კი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესებაა.

აღსანიშნავია, რომ პოლონელი ფერმერების საპასუხოდ, უკრაინელმა მძღოლებმა ორი ქვეყნის საზღვარზე კონტრაქცია დაიწყეს. სატვირთო ავტომობილების უკრაინელი მძღოლები ოთხ სასაზღვრო გადასასვლელ პუნქტთან არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ ისინი 15 მარტამდე დაშლას არ აპირებენ, სანამ პოლონელი ფერმერები ბლოკადას არ მოხსნიან.

რა არის ცნობილი პოლონელი ფერმერების პროტესტზე

უკრაინული მედია წერს, რომ 20 თებერვლის დილით, პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს. აქციებზე ისინი თავისი ტექნიკით მივიდნენ და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ერთად გზებიც გადაკეტეს. „მედიკა-შეგინის" საგუშაგოზე პოლონელმა ფერმერებმა რკინიგზა გადაკეტეს და სატვირთო მატარებლიდან მარცვლეული ლიანდაგებზე გადმოყარეს.

პროტესტის მონაწილეებს შექმნილი აქვთ პოლონელი ფერმერების გაფიცვის კომიტეტი, რომელიც იუწყება, რომ „20 თებერვლიდან, ფერმერთა 30-დღიანი საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში, ყველა საპროტესტო აქცია მიმართული იქნება პოლონეთსა და უკრაინას შორის ყველა სასაზღვრო პუნქტის სრულ ბლოკადაზე და ადგილზე საპროტესტო აქციებზე. დაიბლოკება არა მხოლოდ სასაზღვრო გადასასვლელები, არამედ საკომუნიკაციო ცენტრები და გადატვირთვის რკინიგზის სადგურებსა და საზღვაო პორტებში".

აქციაზე პოლონელმა ფერმერებმა უკრაინელების შეურაცხმყოფელი ბანერებიც გაშალეს. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი „წინააღმდეგობის ძალას გამოავლენენ" ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტის მიმართ.

მანამდე ერთი დღით ადრე, პოლონელმა ფერმერებმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მოუწოდეს, რომ მათ აქციას შეუერთდნენ უკრაინიდან სატრანსპორტო მოძრაობის მთლიანად დაბლოკვის მიზნით, ავტობუსების თუ ჰუმანიტარული დახმარების ჩათვლით.

ამასთან აქციის მონაწილეებმა უკრაინისკენ მიმავალი სამხედრო სატვირთო ავტომობილებილებს ქვეყანაში შეღწევის საშუალება არ მისცეს. ასევე, რკინიგზის ლიანდაგები გადაკეტეს და უკრაინიდან მატარებლები პოლონეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. თავის მხრივ უკრაინელმა მძღოლებმა გადაცხადეს, რომ პროვოკაციის მიზნით, პოლონელები მათი ტრანსპორტის საქარე მინებზე ბოთლებს და კვერცხებს ესროდნენ.

„ბლუმბერგი" წერს, რომ პოლონელი ფერმერების მიერ საზღვრის ბლოკადა აფერხებს პირველადი მოხმარების პროდუქტების მიწოდებას, რაც ზიანს აყენებს უკრაინის უნარს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება. გამოცემა უკრაინის ინფრასტრუქტირის მინისტრის მოადგილე სერგეი დერკაჩზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის, მალფუჭებადი პროდუქტისა და საწვავის ტრანზიტი დაბლოკილია პოლონეთის მხარეს ექვს საგუშაგოზე.

„ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებზე", - თქვა დერკაჩმა.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა კი დაგმო ისეთი შემთხვევები, როდესაც პროტესტის მონაწილეები საზღვარზე ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც აჩერებენ. მისი თქმით, „ქალები და ბავშვები არ უნდა გახდნენ ბიზნეს ინტერესების მძევლები".

მედიის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინაში თითქმის 3000 სატვირთო მანქანა ვერ შედის. ქვეყანას საბრძოლო მასალის და სხვა სამხედრო დახმარების მზარდი დეფიციტი აქვს, ეს ტვირთი კი ძირითადად პოლონეთის გავლით მიწოდებას ექვემდებარება.

პოლონელი ფერმერების საპასუხოდ, უკრაინელმა მძღოლებმა საზღვარის მეორე მხარეს კონტრაქცია დაიწყეს. სატვირთო ავტომობილების უკრაინელი მძღოლები ოთხ სასაზღვრო გადასასვლელ პუნქტთან არიან შეკრებილი. მათ სატვირთოებზე აქვთ გამოკრული პლაკატები წარწერებით: „მოხსენით ბლოკადა - დააბრუნეთ უკრაინელი მძღოლები სახლში", „შეაჩერეთ ბლოკადა საზღვრებზე", „უკრაინის ბლოკადა ევროპული ღირებულებების ღალატია" და ა.შ.

„ჩვენი აქციის მიზანია, გავაჩეროთ პოლონური ავტომობილები, რომლებიც აქ რიგის გარეშე შემოდიან, რომ ისინიც იდგნენ ისე, როგორც ჩვენები დგანან პოლონეთის მხარეს", - აცხადებს უკრაინის სატრანსპორტო კავშირის თავმჯდომარე ოლეგ დუბიკი.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პოლონეთის საზღვრებთან აქცია 15 მარტამდე გაგრძელდება, ან ვიდრე პოლონელი მომიტინგეები საზღვრის ბლოკადას არ მოხსნიან.

პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი უღირსს უწოდებს პოლონელი ფერმერების ქმედებებს, რომლებმაც სატვირთო მატარებლიდან უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს. აღნიშნულის შესახებ ვასილი ზვარიჩი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ მედიკაში დემონსტრანტების მიერ უკრაინული მარცვლეულის დაყრას. პოლიციამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს და დასაჯოს ისინი, ვინც არღვევს კანონს. ასეთი ქმედებები არის რუსეთის აგრესიის პირობებში უკრაინელი ფერმერების შრომის მიმართ უპატივცემულობა, ასევე საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ უპატივცემულობა. სირცხვილი, ბატონებო", - წერს ელჩი.

„პროვოკაციებია მოსალოდნელი... პოლონეთის ხელისუფლება ფრთხილად მოქმედებს"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ომში მყოფ ქვეყანაზე ცალსახად უარყოფითად აისახება, თუმცა არ არის იმის მოლოდინი, რომ პოლონეთის ხელისუფლება ამ პროტესტი ერთ თვეს გაგრძელებას დაუშვებს, რადგან ეს უკრაინას სრული კატასტროფის წინაშე დააყენებს როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„პოლონეთში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, ფაქტიურად გარდამავალი პერიოდია. ერთი ხელისუფლება მეორეთი შეიცვალა და ფაქტიურად ხისტი პროცესები მიდის. ცოტა ხნის წინ თავად ვიყავი იქ და ვიცი რა სიტუაციაც არის. გარკვეული დაპირისპირებაცაა ახლანდელ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, რითაც რუსეთის სპეცსამსახურები სარგებლობენ.

„მგონია, რომ ეს პროტესტი მართულია და ჰიბრიდული შეტევაა. საკმაოდ კარგი დროა შერჩეული, რუსეთი არაერთხელ იმუქრებოდა, რომ პოლონეთს სამხედრო საფრთხეს შეუქმნიდა.

„ეს, რა თქმა უნდა, უკრაინის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს. როგორც ბოლო ინფორმაციებით ვიცი, უკვე სამხედრო ტვირთების ბლოკირებაზეც გადავიდნენ, რაც დღევანდელი სიტუაციის ფონზე, უკრაინისთვის დიდი გამოწვევაა. ურთულესი სიტუაციაა.

„ვფიქრობ, რომ ეს უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობებზე არანაირად არ აისახება. ეს პრობლემა, რასაც ფერმერები ითხოვენ, უკვე მოგვარებულია ზედა დონეზე და უკრაინისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა უკრაინული ხორბლის მიღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. სახელისუფლებო და მოსახლეობის დონეზე პოლონეთი უკრაინას მხარს უჭერს.

„პროვოკაციებია მოსალოდნელი და ამიტომაც პოლონეთის ხელისუფლება ფრთხილად მოქმედებს. თუმცა, ჩემი აზრით, ზომებს მიიღებს და სიტუაცია არ გართულდება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პოლონელი ფერმერები ევროკავშირისგან დიდ თანხებს იღებენ.

„იმედია, რომ პოლონეთის ხელისუფლება ზომებს მიიღებს და არ დაუშვებს, რომ პროტესტი დიდხანს გაგრძელდეს. ყველაფერს თავისი წითელი ხაზი აქვს, ჩემი აზრით, ეს პროტესტი არ გამოხატავს პოლონელი ხალხის უმეტესობის პოზიციას. თუ პოლონეთის ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს, სრული კატასტროფა იქნება, ის უკრაინისთვის ერთ-ერთი მხარდამჭერი მთავარი ხაზია, დასავლური დახმარების ნახევარი პოლონეთიდან გადის უკრაინაში",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე