ნაზი ბერიძე
(19.02.2024)

რუსეთის ექსპრეზიდენტი და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, თუმცა ექსპერტები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ მისი „კომიკური განცხადებების" მიუხედავად, ამ ეტაპზე გამორიცხულია ბირთვული იარაღის გამოყენების რამე საფრთხე არსებობდეს.

ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელსაც სამშობლოს დასაცავად აწარმოებდნენ, - დაწერა „ტელეგრამზე" მედვედევმა.

„რამდენიმე ხნის წინ დავწერე აქ, ჩემს „ტელეგრამ" არხზე: „ბირთვული სახელმწიფო არ შეიძლება დამარცხდეს ომში". მყისვე გამოხტნენ ცბიერი გულის შემზარავი შეძახილებით: „არა, სულაც არ არის ასე, თუნდაც შეერთებულმა შტატებმა წააგო ომებში", - ეს აშკარა სიცრუეა. მე არ ვსაუბრობდი ვიეტნამზე, ავღანეთზე ან ათობით სხვა ადგილზე, სადაც ამერიკელები აწარმოებდნენ კოლონიურ-დამპყრობლურ ომებს. მე დავწერე ისტორიული ომების შესახებ, რომელშიც სამშობლოს, საკუთარი მიწის, ხალხისა და ღირებულებების დაცვა ხდება. ეს ის ომებია, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს და არავისთან წაუგიათ", - წერს მედვედევი.

თუმცა მანამდე გაკეთდა პუტინის განცხადება უკრაინის ომის მნიშვნელობაზე. „დასავლეთისთვის უკრაინის გარშემო არსებული ვითარება მხოლოდ ტაქტიკური პოზიციის საკითხია, რუსეთისთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, - თქვა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

„მათთვის ეს არის მათი ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესება. მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედი, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი", - აღნიშნა პუტინმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამ განცხადებების კომენტირებისას აცხადებს, რომ მედვედევის შანტაჟის პოლიტიკას საერთაშორისო ერთიანი პასუხი უნდა გაეცეს, რითაც პირველ რიგში რუსეთი დაზარალდება.

„მედვედევისნაირი კომიკური პიროვნება რომ არის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და აქამდე რომ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ეს უკვე ტრაგედიაა რუსეთისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის. იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი მარიონეტი საერთოდ ხელისუფლებასთან მიუშვა ახლოს.

„ახლა საუბარი შანტაჟის ენით გრძელდება და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მკაცრად მოხდეს დემონსტრირება ერთიანობის და სრული მიუღებლობა ამგვარი განცხადებების.

„შანტაჟის ენით საერთაშორისო ურთიერთობებში მოქმედება არ შეიძლება და ეს არ არის ის გზა, რომელმაც შეიძლება მსოფლიო სტაბილურობამდე მიიყვანოს, პირიქით უფრო ძაბავს ვითარებას და უპირველეს ყოვლისა, ცუდია თავად რუსეთისათვის, ვინაიდან ეს გამოიწვევს დამატებით წნეხს რუსეთზე, დამატებით სანქციებს როგორც ზოგადად რუსეთის ეკონომიკაზე ასევე კონკრეტულ პიროვნებებზე.

„სავარაუდოდ, რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას რის უფლებასაც მას აძლევენ, ამიტომ პასუხი ასეთ განცხადებებზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რომ თუ ვიღაცის ავადმყოფურ ფანტაზიაში არსებობს მოსაზრება ბირთვული იარაღის გამოყენების, მას დღესვე გაეცეს პასუხი, რომ ხვალ ასეთი რაღაცეებინ თავშია აღარ გაივლონ," - თქვა თენგიზ ფხალაძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, სიტუაციას ამერიკელები აკონტროლებენ.

„პირველად არ აკეთებენ ასეთ განცხადებას? დიდი ხანია ამას გაიძახიან. მედვედევი განსაკუთრებით ჩემპიონია ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარაში, მაგრამ ეს შეუძლებელია. დღეს რომ გამოყენებულ იქნას ბირთვული იარაღი და ღილაკს დაეჭიროს თითი, ორი კვირით ადრე მთელ მსოფლიოს ეცოდინება. ბირთვული იარაღი არ არის ქიმიური იარაღი, მას მომზადება უნდა, ასე არ ხდება. ამერიკელებს უკვე კონტროლზე ჰყავთ ყოველი ოფიცერი, ვინც ბირთვულ იარაღს ემსახურება, გამორიცხულია რამე მოხდეს ისეთი მოულოდნელი.

„მეორე, რუსეთმა ავღანეთში ომი წააგო, ბირთვული იარაღი ჰქონდა მაგრამ წააგო ომი ავღანეთში, და გამოყარეს ავღანელებმა რუსები. თუ თვითონ არ იცის თავისი ისტორია ჩვენ ვიცით მისი ისტორია და ზღაპრებს ნუ გვიყვება, არანაირი საფრთხე არ არსებობს ამ წუთში თუ საფრთხე გაჩნდება პირველ რიგში რუსებზე ადრე ამერიკელები იტყვიან. თუკი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე გაჩნდა, მისი თავიდან აცილების მექანიზმებიც არსებობს.

„თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთი არ იარსებებს დედამიწის ზურგზე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა მსოფლიოსთვის მაგრამ რუსეთი კატასტროფულად დამარცხდება, აი, მაშინ ნახავს რა არის დამარცხება, ბირთვულ ომში ის დამარცხდება. მაგრამ ზოგადად ეს მოსაზრება აბსურდულია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, ეს არ მოხდება რუსეთი არ არის სულელი და თვითმკვლელი ერი. გამორიცხულია, მე გამოვრიცხავ ამას," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე