თამთა ჩაჩანიძე
(18.02.2024)

შაბათს უკრაინამ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. ანალიტიკოსების თქმით, ამას აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ფსიქოლოგიური ეფექტი, მაგრამ ქალაქის დაცემა ტრაგედია არაა, რადგან, მთავარია, ოკუპანტების ალყაში უკრაინის დამცველების დიდი რაოდენობა არ ჩარჩეს, რომელთა შორის შესაძლოა ქართველებიც აღმოჩნდნენ.

ავდეევკის დაცემა ფრონტზე ამ წლის მთავარი მოვლენაა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთისგან დახმარების შეფერხების პირველი თვალსაჩინო შედეგია. მათივე შეფასებით, ასეთი უკან დახევის მერე არის საშიშროება, რომ არ მოხდეს სლავიანსკი-კრამატორსკის ფრონტის მონაკვეთის ჩამოშლა, რაც საერთოდაც კატასტროფა იქნება, თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია.

ქალაქიდან ჯარების გაყვანის დაწყების შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა ალექსანდრ სირსკიმ შაბათს გააკეთა.

„ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ... ავდეევკას მაინც დავაბრუნებთ“, - აღნიშნა სირსკიმ.

მანამდე, 16 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ სირსკიმ ავდეევკის დასაცავად ქალაქში დამატებითი ძალები შეიყვანა. უკრაინის თავდაცვის ძალები საუბრობდნენ იმაზე, რომ რუსებს ავდეევკაში ელიტური დანაყოფები ჰყავდათ განთავსებული. უკრაინული მედია კი წერდა, რომ ავდეევკაში ვითარება გაცილებით რთული იყო, ვიდრე თავის დროზე ბახმუტში. მაგალითად, ავდეევკის დასაცავად გაგზავნილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის სპიკერი ალექსანდრ ბოროდინი ამბობდა, რომ „ძალა თანაფარდობა შვიდი ერთზეა, და გარდა ამისა, მტერმა დაიწყო ფოსფორის გამოყენება, აძლიერებს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებას, ისვრის დღეში 50-ს ან მეტს. ეს კი უზარმაზარი რიცხვია ასეთი პატარა პლაცდარმისთვის".

რას ცვლის ომის მსვლელობაში ავდეევკის დაცემა 

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ ავდეევკის დაცემა პოლიტიკური და ფსიქოლოგიური კუთხით ცუდი მომენტია, თუმცა ეს ტრაგედია არაა, რადგან ომი გრძელდება და ეს მხოლოდ ერთი პატარა ბრძოლის წაგებაა. 

„ავდეევკის დაცემა მოსალოდნელი იყო. ეს ის თავდაცვის ზღუდეა, რომელსაც უკრაინელები 2014 წლიდან მოყოლებული კბილებით იცავდნენ. ათი წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ახლო ადგილი ოკუპირებულ ქალაქ დონეცკთან და რუს ოკუპანტებს ნერვებს ძალიან უშლიდა, რომ ასე ახლოს ჰქონდათ უკრაინელებს თავდაცვის ზღუდე. 

„მისი დაცემა, რა თქმა უნდა, კარგი არაა, მაგრამ არც მთლად ტრაგედიაა, რადგან ომი გრძელდება და ეს შეიძლება იყოს ერთი პატარა ბრძოლის წაგება. არ მიმაჩნია, რომ მას რამე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს. 

„პოლიტიკურ მნიშვნელობას რაც შეეხება, უკრაინის ხელისუფლება ბოლომდე ცდილობდა ეს ქალაქი დაეცვა. ჩემი აზრით, ამით სამხედრო შეცდომაც იქნა დაშვებული, რადგანაც ახლა არსებობს იმის საშიშროებაა, რომ ავდეევკის დამცველებმა ქალაქიდან გამოღწევა ვერ შეძლონ და ალყაში აღმოჩნდნენ. ეს ერთი-ორი კვირით ადრე უნდა მომხდარიყო, რომ ალყის საშიშროება არ ყოფილიყო, რაც ახლა უკვე არის. 

„უკრაინის მთელი თავდაცვა დასავლეთის სამხედრო დახმარებაზეა აგებული. თავიდან განისაზღვრა, რომ ცოცხალი ძალა უკრაინის უნდა ყოფილიყო, ხოლო იარაღი, ტყვია-წამალი და საბრძოლო ტექნიკა დასავლეთს უნდა მიეცა. დასავლეთის მხრიდან ეს შეთანხმება ფაქტიურად მკვდარია. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ფაქტიურად არაადამიანურ გადაწყვეტილებებს იღებს და ახლა სასწრაფოდ არდადეგებზე გაიქცნენ, რომ ამ კანონპროექტს კენჭი არ უყარონ. 

„ამას ევროპის „უმაქნისობა“ დაემატა, რომელიც უკრაინას მილიონ ჭურვს შეჰპირდა, მაგრამ ტექნიკურად ვერ შეძლეს და ვერ მიაწოდეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთმანეთს დაერთო და პუტინს უბიძგა შეტევაზე გადასულიყო“, - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან“. 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ასევე აბობს, რომ დასავლური დახმარების შეფერხების პირველი შედეგი სახეზეა. 

„ავდეევკის დაცემას რუსები წმინდა ფსიქოლოგიური ომის განვთარების კუთხით იყენებენ. კონკრეტული ფსიქოლოგიური ოპერაციებიც კი წამოიწყეს - აჩვენებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ზელენსკი ავდეევკასთან ჩავიდა, თქვა, რომ ეს აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო და ახლა დადეს ფოტოები, რომ ავდეევკაში ოკუპანტების დროშა ფრიალებს. ამას ასევე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს გაპიარებული შეტევის ფონზე. ეს ჩანს, როგორც უკანდახევა. შესაძლოა ავდეევკა გრავიტაციის წერტილი არ იყო, მაგრამ სტრატეგიული წერტილი იყო. 

„დასავლეთისგან დახმარების შეფერხების პირველი შედეგი სახეზეა, რუსებს კი ახალი სტრატეგია აქვს - საჰაერო და საარტილერიო უპირატესობა კარგად გამოიყენეს. უკრაინაში „ჭურვების შიმშილი“ დაიწყო და ამან, რა თქმა უნდა, ეს შედეგი განაპირობა. ეს კი დასავლეთისთვის მწვავე სიგნალია“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“ 

რა მიმართულებით შეეცდებიან რუსები შეტევის განვითარებას

ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ასეთი უკან დახევის მერე ყოველთვის არის იმის საფრთხე, რომ ფრონტის ხაზი სრულად ჩამოიშალოს, თუმცა ახლა ამის საშიშრიება არაა. 

„ყოველთვის არის საშიშროება, რომ ასეთი უკანდახევის მერე არ მოხდეს ფრონტის ხაზის ჩამოშლა. ეს საერთოდ კატასტროფა იქნება, მაგრამ ახლა ამის საშიშროება არაა. ავდეევკის დაკარგვა ცუდი ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არაა. მთავარია ამ დღეებში არ აღმოჩნდეს, რომ იქ, ალყაში უკრაინის დამცველების დიდი რაოდენობა ჩარჩა. მათ შორის, სამწუხაროდ, შესაძლოა ქართველებიც აღმოჩნდნენ. აქამდე რომ დაგეგმილი, ორგანიზებული უკან დახევა მომხდარიყო, ეს პრობლემაც არ იქნებოდა და ნაკლები დანაკარგებით გამოვიდოდნენ. 

„რუსეთისაგან დიდი შეტევები უფრო გაზაფხულისკენაა მოსალოდნელი. მათი პირველი მიზანია სლავიანსკი-კრამატორსკის აღება, რათა ოკუპირებული დონეცკის ოლქი შეკრან. ლუგანსკის ოლქი თითქმის მთლიანად დაკავებულია, დონეცკში კი ეს ორი დიდი ქალაქი რჩება, რომლის დაპყრობაც უნდათ“ ,- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა. 

ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსებმა ოპერატიული ტაქტიკური ინიციატივა ხელში აიღეს და ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა, რომ სხვა სუსტ წერტილებში არ შეუტიოს რუსეთმა.

„რუსებმა ოპერატიულ-ტაქტიკური ინიციატივა ხელში აიღეს და მთავარია სხვა წერტილებს არ შეუტიონ. ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა იმდენი გააკეთოს, რომ ფრონტის ხაზები არ მოიშალოს. თუ რუსები სლავიანსკი და კრამატორსკი დაიკავეს, გამოდის, რომ ისინი დონეცკის ოლქს მთლიანად დაიკავებენ. არაა გამორიცხული, რომ დაახლოებით ხუთ დღეში რუსებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით შეუტიონ. 

„პუტინს სურს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე - 16-18 მარტამდე ეს რეგიონები აიღოს. ეს უკვე პოლიტკური მომენტია. მას რამდენიმე მიმართულება აქვს მიზანში - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს მიმართულება. თუ ესენი სრულიად დაიკავეს, შესაძლოა ომის მიმდინარეობა კარდინალურად შეიცვალოს. რუსი ოკუპანტები სოლედარისა და უგლედარის მიმართულებითაც გააქტიურდნენ, მაგრამ მათთვის ყველაზე მთავარი კვანძი დონეცკია.

„ახალი მთავარსარდლის მოყვანით, ფაქტიურად ზალუჟნის მთელი გუნდი წავიდა. სირკსიმ თავისი გუნდი მოიყვანა. ომის დროს ასე უცებ გადაწყობა რთულია და შედეგიც სახეზეა. ავდეევკა დაეცა და რუსები შეეცდებიან, რომ ოპერატიულ-ტაქტიკური ინერცია გააფართოვონ.

„რუსეთის გენშტაბის შესაძლო გეგმაა, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის ლუგანსკი და დონეცკი სრულიად დაიკავონ და შემდეგ ზაპოროჟიეზე გადავიდნენ და ამ ტერიტორიებზე ჩაატარონ საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე ეტაპზე ხერსონის მიმართულებით გაიჭრან და დაიკავონ ის პოზიციები, რაც მათ ხერსონში „დაკარგეს“. შეეცდებიან ამით ნიკოლაევს და ოდესას პირდაპირი საფრთხე შეუქმნან, სადაც უკრაინა თავის საზღვაო პოტენციალს ინარჩუნებს, რომლითაც უკრაინის ძალებმა რუსეთს შავი ზღვის ფლოტი ფაქტიურად გაუნადგურა. ასევე შესაძლო გეგმაშია სუმისა და ხარკოვის რეგიონის დაკავება, უკვე შემოდგომისთვის რომ კიევს პირდაპირი საფრთხე შეუქმნან“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე