ნაზი ბერიძე
(16.02.2024)

ალექსეი ნავალნი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომლისაც პუტინს არჩევნებში ეშინოდა. სულ რომ დავივიწყოთ მისი საგამოძიებო სიუჟეტები, რაც პირდაპირ ძირს უთხრიდა პუტინის ძალაუფლებასა და პოპულარობას, ნავალნის ელექტორალური სიძლიერეც საკმარისი იყო, რომ მოეკლათ. უშუალოდ მოკლეს თუ არა, ჯერ არავინ იცის, თუმცა დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3-წლიანი პატიმრობის განმავლობაში, ის, არც მეტი არც ნაკლები, 27-ჯერ გაგზავნეს ე.წ. „შიზოში" (საჯარიმო საკანში), სადაც ჯამურად 308 დღე გაატარა.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მას ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვს. მედიკოსები გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებენ, ხოლო ანალიტიკოსებს სჯერათ, რომ რუსეთის ხელისუფლებას მისი სიკვდილი არ ეწყინებოდა.

„არ ვიცი. ეს როგორმე მედიკოსებმა უნდა გაარკვიონ," - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

16 თებერვალს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კოლონიაში, სადაც ნავალნი გარდაიცვალა, სპეციალური კომისია გაიგზავნა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსს" ეუბნება, რომ ნავალნის შემთხვევა არის კიდევ ერთი გზავნილი თუ რა შეიძლება მოუვიდეს ოპოზიციურ ძალებს რუსეთში.

„ზოგადად ის კრემლის ცნობილი კრიტიკოსი იყო და გულზე რა თქმა უნდა არ ეხატებოდა რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პუტინს, და უნდოდათ მისი სამაგილთოდ დაესაჯა... ცნობილი ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ემუქრებოდა დაჭერა, დაბრუნდა რუსეთში და ის დააკავეს... აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყოდი რომ რუსეთის ხელისუფლებას ძალიან ეწყინებოდა მისი გარდაცვალების ფაქტი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალები არ ვიცით, როგორ მოხდა, რა გარემოებებში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კიდევ ერთი სიგნალია რუსეთის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის თუ რა შეიძლება მოუვიდეს პუტინის კრიტიკოს პოლიტიკურ ძალას," - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის საქმეზე გასული წლის 4 აგვისტოს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში 19 წელი მიუსაჯეს. პროკურორმა მისთვის 20-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. გარდა ამისა, პროკურორმა მოითხოვა 10 წელი ზოგადი რეჟიმის კოლონიაში საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირისთვის-დანიელ ხოლოდნისთვის, ნავალნის ერთ-ერთი იუთუბ არხის ყოფილი ტექნიკური დირექტორისთვის. მას ბრალად ედება ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსება და ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობა.

ნავალნი პირველად 2021 წლის თებერვალში დააპატიმრეს. 2021 წელს მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონის მსოფლიო სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 128.1 მუხლის მე-2 ნაწილით („ცილისწამება") მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის შეურაცხყოფის საქმეში. ის 850 ათასი რუბლით დააჯარიმეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე