თამთა ჩაჩანიძე
(16.02.2024)

დონეცკის ოლქის ფრონტზე სიტუაცია კრიტიკულად მძიმეა, სამხედრო მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ მალე შესაძლოა ქალაქი ავდეევკა საოკუპაციო ძალებმა სრულად დაიკავონ. ამაზე საუბრობს, როგორც უკრაინის სამხედრო, ისე პოლიტიკური ხელმძღვანელობა. საოკუპაციო ძალებმა უკრაინელებს მთავარი მომარაგების გზა გადაუჭრეს, თუმცა რჩებათ ნაკლებად გამტარუნარიანი გზა, რომელსაც უკრაინა იყენებს. ახლა ძირითადი ბრძოლები ქალაქის ცენტრშია, ახლადდანიშნულ მთავარსარდალს ალექსანდრ სირსკის ადგილზე დამატებითი ძალები შეჰყავს, თუმცა ძალთა თანაფარდობა ჯერჯერობით შვიდი ერთზეა ოკუპანტების სასარგებლოდ, რუსებმა კი ფოსფორისშემცველი იარაღის გამოყენება დაიწყეს.

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ბახმუტისგან განსხვავებით, ავდეევკის დაკარგვას ოპერატიული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, რუსებს ავდეევკის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში არსებული კოქსის ქარხანა აქვთ აღებული, რომელიც საკმაოდ კარგად გამაგრებული იყო და რუსები ამ ქარხნის ქვეშ არსებულ წყალგამტარ გვირაბებს და მიწისქვეშა კომუნიკაციას იყენებენ, რომ ქალაქის ცენტრში შეაღწიონ. ასევე საშიშროებაა, რომ ავდეევკის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში ლოკალურ ალყაში მოაქციონ იქ არსებული უკრაინული დანაყოფები, ე.ს. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს ავდეევკის დასაცავად უკრაინის შეიარაღებული ძალების 3-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადა გაიგზავნა, შენაერთის სპიკერმა ალექსანდრ ბოროდინმა განაცხადა, რომ დანაყოფს დავალებული აქვს თავდაცვითი პოზიციების გამაგრება.

"სიტუაცია მართლაც კრიტიკულია, მტერი აგრძელებს ზეწოლას. როდესაც ვამბობ "ზეწოლას", ეს არის რუსეთის ფედერაციის ორი რეგულარული არმიის ძალთა წარმოუდგენელი თანაფარდობა, ძალა შვიდი ერთზეა, გარდა ამისა, მტერმა დაიწყო ფოსფორის გამოყენება, აძლიერებს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებას, ისვრის დღეში 50-ს ან მეტს. ეს არის უზარმაზარი რიცხვი ასეთი პატარა პლაცდარმისთვის", - განაცხადა ბოროდინმა.

ბოროდინი დასძენს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებით უკვე გაანადგურეს მოწინააღმდეგის ორი ბრიგადა.

„ძალიან რთული სიტუაციაა ძალთა უთანასწორობისა და მტრის უსაზღვრო რესურსების გამო. ჩვენ უკვე გავანადგურეთ ორი ბრიგადა, მაგრამ მტერს მუდმივი მხარდაჭერა აქვს, ერთი განადგურებული ბატალიონის ნაცვლად მეორე მოდის", - განაცხადა მე-3 თავდასხმის ბრიგადის სპიკერმა.

მისი თქმით, ახლა ავდიივკაში ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე ბახმუტში იყო.

„თუ შევადარებთ კრიტიკულ მომენტს - ავდეევკაში ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ადრე ბახმუტში. რადგან მტერს აქვს დიდი რაოდენობით ბომბები და აღჭურვილობა",- განაცხადა ბოროდინმა.

„60 საავიაციო ბომბი - დღე და ღამ, მტრის დაბომბვა არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უწყვეტი თავდასხმები ჯავშანმანქანებზე და მტრის ქვეითი ჯარის შეჭრა. ოკუპანტები იყენებენ ფოსფორის ჭურვებს, რაც იწვევს საწვავის ავზების აალებას. ტოქსიკური სმოგი ქარხნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება", - აცხადებენ მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადაში.

უკრაინული მედია წერს, რომ ავდეევკაში სიტუაცია კრიტიკულია, უკრაინის თავდაცვის ძალები საუბრობენ იმაზე, რომ რუსმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ავდეევკაში ელიტური დანაყოფები შეიყვანეს.

რუსი სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდუბნი „ტელეგრამზე" 15 თებერვლის მდგომარეობაზე წერს.

„წუხელ ჩვენმა ჯარებმა ავდეევკაში გააუმჯობესეს პოზიციები, კონტროლის ქვეშ მოექცა მოწინააღმდეგის არაერთი საყრდენი პოზიცია, ხოლო ალყა ვიწროვდება. მტერი თითქმის ჩამოყალიბებული ქვაბიდან გამოსვლას ცდილობს, შედეგად მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოევიკების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", - აღნიშნავს რუსი სამხედრო კორესპონდენტი.

პოდუბნი დასძენს, რომ „რუსული არტილერიის მუშაობის გამო, განსაკუთრებით უჭირთ „აზოვის" ბრიგადის მებრძოლებს, რომლებიც წინა დღეს ფრონტის ამ მონაკვეთზე გადაიყვანეს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის".

მანამდე, ასევე რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა ევგენი ლისიცინმა განაცხადა, რომ „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ავდეევკის მიმართულებით სამხრეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების ეშელონური დასაყრდენ "ზენიტის" აღება". მისი თქმით, კიევი აქ თავდაცვითი სიმაგრეებს 2014 წლიდან ქმნიდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ავდეევკას ბახმუტისგან განსხვავებით ოპერატიული მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის, ახლა ბრძოლები ქალაქის ცენტრშია.

„ბახმუტისგან განსხვავებით ავდეევკის დაკარგვას ოპერატიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისაა დასახლებული რაიონი, საიდანაც დონეცკზე მიწვდომა და საცეცხლე ზემოქმედება ხდებოდა, ესაა მაღლობი და იქ უკრაინა კარგად იყო გამაგრებული. ვითარება შემდეგია - საფრთხეა რუსეთის ალყის და თუ შემოარტყამს მერე იქ ჩარჩენილი ჯარების დახმარება გაჭირდება.

„რუსებს ავდეევკის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში არსებული კოქსის ქარხანა აქვთ აღებული, რომელიც საკმაოდ კარგად გამაგრებული იყო და რუსები ამ ქარხნის ქვეშ არსებულ წყალგამტარ გვირაბებს და მიწისქვეშა კომუნიკაციას იყენებენ, რომ ქალაქის ცენტრში შეაღწიონ. ბრძოლები ამჟამად ქალაქის ცენტრში მიდის. ასევე საშიშროებაა, რომ ავდეევკის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში ლოკალურ ალყაში მოაქციონ იქ არსებული უკრაინული დანაყოფები, ე.ს. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

„ავდეევკის მომარაგების მთავარი ხაზი რუსებს გადაჭრილი აქვთ, თუმცა უკრაინელებს უფრო ნაკლებად გამტარუნარიანობის კიდევ ერთი მიმართულება რჩებათ, რომელსაც იყენებენ.

„სირკის ახლა ავდეევკაში სადესანტო დანაყოფები შეჰყავს. არ ვიცით ეს დანაყოფები იმისთვის შეჰყავს, რომ დაცვა გააძლიეროს თუ იმიტომ, რომ ძალების გამოყვანის უზრუნველყოფა მოხდეს. ეს მალე გამოჩნდება. ზალუჟნიმ თავის დროზე ავდეევკიდან სპეცდანიშნულების დანაყოფები გამოიყვანა და ახლა სირსკის იქ მედესანტეები შეჰყავს, ვნახოთ რა იქნება, ჩემი აზრით, უკრაინა ვერ შეძლებს დაიცვას. როგორც ვიცი, რუსეთიდან ამ მიმართულებაზე საღაც 50 ათასიანი დაჯგუფებაა",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს აღმოსავლეთ ფრონტზე ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება.

„რაც შეეხება სიტუაციას ფრონტის ხაზზე - ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა ზელენსკი.

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ ავდიივკაში არსებულ ვითარებას "რთული, მაგრამ კონტროლირებადი" უწოდა. მისი თქმით, გამოიყო დამატებითი საბრძოლო რესურსი და მომზადდა ახალი პოზიციები და უკრაინული ჯარები „იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ ძალას და საშუალებას მტრის შესაკავებლად".

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ქალაქი, შესაძლოა, რუსულმა ძალებმა დაიკავონ, რადგან უკრაინელებს საარტილერიო საბრძოლო მასალა უთავდებათ. მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებაზე კონგრესის უმოქმედობას „დიდი ფასი" მოჰყვება და ის, რაც ახლა ავდიივკაში ხდება, შეიძლება ფრონტის სხვა სექტორზეც განმეორდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე