ნაზი ბერიძე
(15.02.2024)

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა. უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების მე-13 პაკეტს, რომელიც მოიცავდა რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების თითქმის 200 პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც, სავარაუდოდ, მოსკოვს ეხმარებოდნენ ომში.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" უნგრეთის დათანხმებას ვარაუდობენ, ვინაიდან ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღება 27-ვე წევრი სახელმწიფოს კონსენსუსს მოითხოვს. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ მე-13 პაკეტი ფორმალურად მიუღებელი დარჩეს.

ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსის" წყაროები ვარაუდობენ, რომ დისკუსიები გაგრძელდება და წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალი კვირის შეხვედრაზე დააყენებენ. სანქციების პაკეტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მომავალ ოთხშაბათს მიაღწევენ, რათა 24 თებერვლის ვადა დააკმაყოფილონ.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 19 თებერვალს მიიღებენ, მაგრამ მისი შინაარსი შესაძლოა მაინც შეიცვალოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებიც დაწესდეს, რომელიც რუსეთს ჭურვებითა და რაკეტებით ამარაგებს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხერხდეს უნგრეთის დაყოლიება, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციათა პაკეტი დაიბლოკება, რადგან ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღება ყველა სახელმწიფოს ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.

„რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების პაკეტი მორიგი პოლიტიკური მომენტია, რაც ავითარებს მიდგომას, რომ რუსეთს არ ჰქონდეს წვდომა საფინანსო ორგანიზაციებთან დაფინანსების კუთხით. მე-13 პაკეტის ძირითადი არსი ეგ არის. რაც შეეხება უნგრეთის მიერ დაბლოკვის საკითხს, ჯერჯერობით ევროკავშირში სხვა მექანიზმი არ არის, რადგან იქ გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის საფუძველზე, და 27-ივე ქვეყნის წარმომადგენელმა უნდა დაუჭიროს მხარი ამ გადაწყვეტილებას. თუ ერთ-ერთმა შეიკავა თავი, მაშინ გადაწყვეტილება იქნება ბლოკირებული. ასე რომ, სხვა მექანიზმი ჯერჯერობით ევროკავშირში არ არის დ ეს სამწუხარო რეალობაა. შესაბამისად, მაღალი ალბათობაა, რომ მე-13 პაკეტი ვერ დამტკიცდეს.

„ევროკავშირი თუ შეცვლის რაღაცა პროცედურულ ვარიანტს შეიძლება, მაგრამ მე მეეჭვება, რადგან ეს უფრო მაღალი დონის სანქციებისა და გლობალური პოლიტიკის გადასაწყვეტია, ვიდრე დავუშვათ იგივე ევროკავშირის ხელმძღვანელობის. აქედან გამომდინარე, უნგრეთს აქვს დიდი შანსი, რომ მოახდინოს ამ პაკეტის ბლოკირება და მერე მასთან ცალკე დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი როგორც მოხდა უკრაინაში 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომელსაც უნგრეთმა მხარი დაუჭირა თავისი დათქმებით. თუ უნგრეთი აიძულეს, რომ შეცვალოს პოზიცია, მაშინ, კი ბატონო, მიიღებენ მე-13 პაკეტს, არადა ფორმალურად ამ პაკეტს არ მიიღებენ და ეგ იქნება", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

„ფონდ ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძეც „რეზონანსთან" გადაწყვეტილების მიღების უზრუნველსაყოფად გამოსავალს უნგრეთის დათანხმებაში ხედავს და ამ კუთხით საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„აქ ახალი არაფერი არ არის, უნგრეთი ყოველთვის ასე აკეთებდა ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ახერხებდნენ, რომ რაღაცა გზით, ასე თუ ისე, კონსენსუსისთვის მიეღწიათ. დიდი ალბათობით ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალურმა პირების განცხადებები, რომ არ აპირებენ უკრაინა მიატოვონ ბრძოლის ველზე და შესაბამისად ზუსტად ეგ არის ამის დადასტურება, რომ სანქციების პაკეტი, რომელიც რაღაც დონეზე ეხმარება უკრაინას, მიუღებელი არ დარჩეს. უნგრეთი იგივეს აკეთებდა უკრაინის მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებითაც, მაგრამ საბოლოო ჯამში დაითანხმეს და იმედი მაქვს, რომ აქაც იგივე იქნება," - განაცხადა „რეზონანსთან" ვანო ჩხიკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე