ნაზი ბერიძე
(15.02.2024)

პუტინმა, რომელსაც მუდმივად დონალდ ტრამპის მხარდაჭერას აბრალებენ და ამ მიზნით ამერიკის არჩევნებში ჩარევასაც კი, ახლახან პარადოქსული განცხადება გააკეთა, თქვა, რომ რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპისა. „უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია, ძველი ყაიდის პოლიტიკოსია", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ „როსია 1"-თან ინტერვიუში. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ მზადაა, იმუშაოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც ამერიკელი ხალხის ნდობას მოიპოვებს.

პუტინს კითხვა დაუსვეს ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რაზედაც მან უპასუხა, რომ ექიმი არ არის და შესაბამისად, ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს. „არ მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს ამ საკითხზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. ჩვენ ამაზე კი არა, მის პოლიტიკურ პოზიციაზე უნდა ვისაუბროთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია. ამის შესახებ, თავის დროზე პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარი", - თქვა მან.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამ განცხადებაში პარადოქსს არ ხედვას და ამბობს, რომ შნავს რომ პუტინისთვის შესუსტებული ბაიდენი უფრო მისაღებია, ვიდრე არაპროგნოზირებადი ტრამპი.

„ერთადერთი რაშიც ვეთანხმები ამ შემთხვევაში პუტინს, ეს არის სიტყვა პროგნოზირებადი. იმიტომ რომ ტრამპი ნამდვილად არაპროგნოზირებადია. იგი კი ამბობს, რომ მე ორ დღეში დავამთავრებდი ომს უკრაინასა და რუსეთს შორის, მაგრამ ალბათ გულისხმობს მოლაპარაკებების დაწყებას. შესაბამისად, მე მაინც მგონია, რომ ეს მისი პროპაგანდისტული განცხადებაა და რეალურად რას გააკეთებს ტრამპი პრეზიდენტობის შემთხვევაში, კაცმა არ იცის. აქედან გამომდინარე, მე მესმის, რასაც გულისხმობდა პუტინი.

„მეორე მხრივ ბაიდენი, რომელიც პრაქტიკულად დღეს არ არის ფორმაში რბილად რომ ვთქვათ და შეცდომას შეცდომაზე უშვებს - ამიტომ ის უფრო მისაღებია რუსეთისთვის, ვიდრე არაპროგნოზირებადი და უფრო ენერგიული ტრამპი. რაც უფრო სუსტია მოწინააღმდეგე, მით უფრო აწყობს ამა თუ იმ მხარეს-სახელმწიფოს.

„ამ კონფლიქტის მოგვარება პრინციპში არავის არ შეუძლია, მას უკვე ძალიან ღრმა ფესვები აქვს და საბრძოლო მოქმედებები რომც შეწყდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ომი დამთავრდება. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვინმეს მოსვლის შემთხვევაში კონფლიქტი აღმოიფხვრება, ეს არის თავის მოტყუება, შეიძლება შესუსტდეს კონფლიქტი, შეიძლება გაიწელოს ან შეიძლება დროებით შეჩერდეს. უკრაინის კონფლიქტი არ დამთავრდება, სანამ რომელიმე მხარე არ დამარცხდება. ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთთან ომის დაწყებისგან მაქსიმალურად შეიკავებენ თავს, ამიტომ სულ იქნება პროვოკაციული პოლიტიკის რეჟიმით ცხოვრება, რომელიც ორიენტირებულია მხარეების დასუსტებაზე", - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, პუტინი იტყუება თავის განცხადებებში, და მას ცალსახად რესპუბლიკელი ტრამპი მოსწონს.

„საქმე ის არის, როცა პუტინი ამბობს, გვჯერა მისი თუ არ გვჯერა. როცა პუტინი ამბობს, უკრაინა არ არსებობსო, მართალია თუ ტყუილი? ის, როგორც წესი, ყოველთვის იტყუება. მაშინ რატომ უნდა დავუჯეროთ ბაიდენზე სიტყვებს? ანუ პუტინი იმდენად არასანდოა, რომ ჩემთვის მისი ნებისმიერი განცხადება სცილდება სიმართლეს. ეს იყო რაღაცა გათვლა და მეტი არაფერი. რაზეა გათვლილი, ვერ გეტყვით, არ არის ჩემი სპეციალობა ფსიქიატრია.

„პუტინს ტრამპი ცალსახად ესიმპატიურება, ეს ცნობილია. მას უნდა, ტრამპი იყოს პრეზიდენტი. მისაგან მეტს ელოდება, ვიდრე ბაიდენისაგან. აქ რაღაც ფარისევლობას აქვს ადგილი. ეს მე არ მაინტერესებს, რადგან პოლიტიკა კეთდება არა განცხადებებით, არამედ მოქმედებებით, მოქმედებები არის ისეთი, რომ პუტინს სურს ტრამპი და არა ბაიდენი.

„ახლა პუტინს ბაიდენი მოსწონს თუ ტრამპი, ის ამერიკაში ვერ შეიჭრება და ბაიდენის სასარგებლოდ არმიას ვერ შეიყვანს. ამიტომ ეს დარჩება ლაპარაკი ლაპარაკისთვის და მეტი არაფერი. კონფლიქტს უკრაინაში მოაგვარებს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ერი და ამას სჭირდება მხარდაჭერა. ვერანაირი ბაიდენები, მამა ღმერთი თუ ტრამპი ვერ მოაგვარებს ამ კონფლიქტს.

„პირადად მე ბაიდენი მომწონს როგორც დემოკრატი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ვარ. ტრამპი არის კონსერვატორი. ჩემთვის ლიბერალური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად მე ყოველთვის მხარს ვუჭერ დემოკრატებს ამერიკაში, ვიდრე კონსერვატორებს ანუ რესპუბლიკელებს. შესაბამისად, მთავარია ბაიდენმა იპოვოს საერთო ენა კონგრესთან და სენატთან, რათა მიდიოდეს უკრაინაში შეუჩერებელი მხარდაჭერა როგორც ფინანსებით, ისე იარაღით და ამერიკა პოლიტიკურად მხარში ედგეს უკრაინას დანარჩენს ყველაფერს გააკეთებს უკრაინელი ერი. ისინი ამერიკისთვისაც იმუშავებენ და მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ვერანაირი ბაიდენი კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, ეს გამორიცხულია," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე