ნაზი ბერიძე
(14.02.2024)

წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ნატო-ს 18 მოკავშირე დახარჯავს, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. როგორც მან აღნიშნა, ნატოს ევროპული ქვეყნები წელს თავდაცვაში 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. გენერალური მდივნის თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავისი განცხადებებით ალიანსის უსაფრთხოებას ზიანს აყენებს.

„ნატომ ალიანსზე თავდასხმის აღკვეთა 75 წლის განმავლობაში შეძლო. ნატოს იდეა და აქცენტი ომის თავიდან აცილებაა. ნებისმიერი წინადადება, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, ჩვენს უსაფრთხოებას ძირს უთხრის", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, ალიანსი მოკავშირეებს დაიცავს. „ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენი შეკავების სისტემის შელახვა საჭირო არ არის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი მოკავშირეების დასაცავად მზად ვართ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ნატოს ნაბიჯს ხსნიან, როგორც რუსეთისგან მომძლავრებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის გადადგმულ ნაბიჯად.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ, ნატო ელოდება საფრთხეს რუსეთისგან.

„ჩემი აზრი ემთხვევა ამ შემთხვევაში ნატოს შიშებს და მოლოდინებს, რომ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია გარკვეული შეშფოთება ნატოს წევრ სახელმწიფოებში. შესაბამისად ისინი ემზადებიან უფრო მდგრადად, რათა გაუმკლავდნენ როგორც უკრაინაში რუსეთის აგრესიას, ისე შესაძლო მომავალ რუსულ საფრთხეებს ნატოს წინააღმდეგ. ამიტომ ეს აბსოლუტურად გამართლებული ლოგიკური ნაბიჯია",-განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სამხედრო ექსპერტი ლაშა ბერიძე: „ნატო ზრდის თავდაცვის ხარჯებს იმიტომ, რომ რუსეთის საფრთხე მკვეთრად გაზრდილია. უკრაინის ომმა აჩვენა რამდენად მოუმზადებელია ევროპა და ნატოს ქვეყნები ასეთი მასშტაბური ომისთვის. მოუმზადებლები არიან ლოჯისტიკურად. ეს გაკეთდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოამზადონ ინფრასტრუქტურა, გაზარდონ წარმოება, რათა, თუ მოუწევთ კონფრონტაცია რუსეთთან, მზად იყვნენ".

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი: „ეს არ არის მისთვის საკმარისი ნატოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ნატო ძალიან შეცდა, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და პირველი ცივი ომის დასრულების შემდეგ მინიმუმამდე დაიყვანა თავისი სამხედრო ხარჯები. ამიტომაც იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოითხოვდა ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოებისგან მათი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 2% მაინც ყოფილიყო.

სხვა ქვეყნებმა გერმანიამ, ბელგიამ, ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა თავისი არმიის დაფინანსება რაც შეიძლება დაბალ დონეზე დაიყვანეს, ფაქტობრივად არაბრძოლისუნარიანი გახადეს, ეს იყო უდიდესი სტრატეგიული შეცდომა. დღეს 2%-მდე რომ გაზარდეს, უკვე აღარ არის საკმარისი იმისთვის რომ დაეწიონ იმ სიტუაციას რუსეთიდან რა საფრთხეც არსებობს" -განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე