ნაზი ბერიძე
(14.02.2024)

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარყო ვლადიმერ პუტინის წინადადება ომის გაყინვის მიზნით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ "როიტერსმა" სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ინფორმაცია საბოლოოდ უარყო.

რუსული წყაროების მიხედვით პუტინმა ვაშინგტონს შეტყობინება გაუგზავნა 2023 წელს შუამავლების მეშვეობით, რომ მზად იყო განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში. პუტინის შეთავაზება იყო კონფლიქტის გაყინვა ამჟამინდელ ხაზებზე და მას არ სურდა რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის რომელიმე ტერიტორიის დათმობა.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს ამ ეტაპისთვის კონფლიქტის გაყინვის საკითხი არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის, რუსეთს აქვს ამბიცია, რომ უფრო მეტი ტერიტორია დაიპყროს, უკრაინას კი მოტივაცია, რომ უფრო მეტი საკუთარი ტერიტორია გაათავისუფლოს.

„კონფლიქტის გაყინვა არავის ინტერესში არ არის. უკრაინას აქვს ამბიცია და პოტენციალი, რომ მოახდინოს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება. რუსეთს კი გააჩნია რეალური პოტენციალი, რომ მოახდინოს უფრო მეტი ტერიტორიების დაკავება და გავიდეს დნეპრის სანაპიროებთან. შესაბამისად, ოდესა, ნიკოლაევი, მთელი შავი ზღვის აკვატორიაზე პირდაპირ დაამყაროს სრული ჰეგემონია.

„აი ასეთი დილემის წინაშე არიან მხარეები. ასე რომ, ამ ეტაპისთვის კონფლიქტის გაყინვის მომხრე მხარეები არ არიან ", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

როგორც პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსს" ეუბნება, კონფლიქტი შეიძლება გაიყინოს იმ შემთხვევაში როცა მხარეებს რესურსები ეწურებათ.

„როცა კონფლიქტი იყინება არცერთ მხარეს არა აქვს შესაბამისი რესურსი და ძალა რომ წავიდეს წინ და სტატუსკვო ნარჩუნდება. უკრაინის ინტერესი ნამდვილად არ არის გაყინვა იმიტომ, რომ ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი. მაგრამ, როგორც ჩანს ამ მომენტისთვის უკრაინას არა აქვს საკმარისი რესურსი რომ წავიდეს წინ და გაათავისუფლოს ტერიტორიები. ამ მომენტში კონფლიქტი გადავიდა პოზიციური ბრძოლების რეჟიმში, ასეთი რეჟიმი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.

„ცეცხლის შეწყვეტა არა მგონია მოხდეს, რადგანაც ეს ნიშნავს რაღაცა სტატუს კვოს მიღებას. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც შეწყდა ცეცხლი, იქ ათი და ოცი წელი არაფერი აღარ მომხდარა. ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას დაემუქრება უფრო დიდი საფრთხე და ვეღარ აკავებს რუსეთის შეტევებს ",-განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კონფლიქტის გაყინვა ამ ეტაპისთვის სერიოზულად არც კი განიხილება და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

„კონფლიქტის გაყინვა არის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, რადგანაც ეს მას საშუალებას მისცემს სული მოითქვას და უფრო აგრესიული ქმედებები გააგრძელოს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სერიოზულად არც კი განხილულა კონფლიქტის გაყინვის თემა. ამ წუთში მოლაპარაკებები ამ თემაზე ნამდვილად არ მიმდინარეობს ამის შესახებ ზელენსკიმაც განაცხადა, ნატომაც ევროკავშირმაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე