ელზა პაპოშვილი
(12.02.2024)

რუსეთი უკრაინაზე ფრონტის ხაზზე შეტევას განსაკუთრებით დიდი ძალებით ახორციელებს ავდიივკაზე. რუსულმა ძალებმა თავდასხმა ასევე ხარკოვის ოლქზე  დრონებით  განახორციელეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა.  

„ოკუპანტებმა ზმიევის თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განახორციელეს. მაშველებმა სასტუმროს შენობაში, რესტორანსა და 3 მსუბუქ ავტომობილში ხანძარი ჩააქრეს“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, დაცვის დაშავებულ თანამშრომელს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. თავდასხმების შედეგად დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები, დასასვენებელი კომპლექსის სამსართულიანი შენობა და რესტორანი.

რუსები ავდიივკას დიდი ძალებით უტევენ, - ამის შესახებ ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბარაბაშმა განაცხადა. ბარაბაშმა აღნიშნა, რომ რუსები შეტევებს საჰაერო დარტყმების, არტილერიისა და ქვეითების გამოყენებით ახორციელებენ, რადგან რუსული ტანკები და ჯავშანტექნიკა რბილ ნიადაგზე ვერ გადაადგილდება. „ზოგიერთი მიმართულებით სიტუაცია უბრალოდ დაუჯერებელია“, - აღნიშნა ვიტალი ბარაბაშმა.   

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს უნდა მოხდეს უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების გაზრდა და რუსეთისთვის მაქსიმალური სისტემური დანაკარგების მიყენება.

„წელს ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი და უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები, არამედ რუსეთს მივაყენოთ მაქსიმალური სისტემური დანაკარგები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საუბარია რუსეთის გაყინულ აქტივებზე და უკრაინა ენერგიულად მუშაობს პარტნიორებთან, რათა რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.

ზელენსკიმ თქმით, მან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე რუსული აქტივების კონფისკაციის თემა განიხილა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ერთიან და ძლიერ გადაწყვეტას მოითხოვს.

"ყველაფრის კონფისკაცია უნდა მოხდეს და უნდა ვიმუშაოთ ტერორისგან თავის დასაცავად. სამართლიანია პასუხის გაცემა ტერორისტებისთვის, სამართლიანია ტერორისტების განადგურება და სამართლიანია, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს გადავახდევინოთ იმისთვის, რასაც აკეთებს," - აღნიშნა ზელენსკიმ.

თეთრი სახლში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები დიდი სიფრთხილით ანაწილებენ საბრძოლო მასალას, რადგან შიშობენ, რომ მარაგი ამოიწურება.

„ბრძოლის ველის მეთაურები ახლა იღებენ მართლაც რთულ გადაწყვეტილებებს. ვიცით, რომ ზოგიერთ ქვედანაყოფში ისინი ძალიან, ძალიან ფრთხილად ანაწილებენ თავიანთ საბრძოლო მასალას, რადგან იწყებენ შეშფოთებას, რომ მარაგი ამოიწურება“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, რუსები ცდილობენ, ისარგებლონ მომენტით და შეუტიონ უკრაინულ პოზიციებსა და მშვიდობიან ქალაქებს.

„რუსებმა ეს იციან. ამიტომაც ისინი აგრძელებენ დრონებისა და რაკეტების გაშვებას - რათა აიძულონ უკრაინელები, გამოიყენონ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, რომლის ჩანაცვლებაც, იციან, რომ ახლა არ ხდება“, - აღნიშნა კირბიმ.  

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “რეზონანსთან”  მიიჩნევს, რომ ფრონტზე ჩავარდნილი კონტრშეტევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონტრშეტევის ყველა მიმართულებაზე გაშლა იყო. მისი თქმით,  ფრონტის ხაზზე ძალების გაბნევა მოხდა, რამაც უკრაინას ხელშესახები შედეგი არ მისცა.          

„მიმაჩნია, რომ უკრაინის კონტრშეტევის  წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ არ მოხდა შეტევის ერთი მთავარი მიმართულების არჩევა. წესით ყველა ელოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო სამხრეთ უკრაინის მიმართულება. ტოკმაკი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ამ მიმართულებებზე უნდა ყოფილიყო მთავარი დაწოლა რათა რუსებისთვის სახმელეთო გზა გადაეჭრათ. როსტოვიდან ყირიმისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა მოეხდინათ, ეს კი ვერ მოხდა. 

„არის ასევე სხვადასხვა ასპექტები, უფრო პოლიტიკური სახის, რომელიც ალბათ ცნობილი გახდება. არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტი ზელენსკის ზალუჟინს უბიძგებდა ბახმუტის დასაბრუნებლად შეტევები განეხორციელებინა. მაისში ის „ვაგნერის“ დაჯგუფებამ აიღო, ამიტომ მის დაბრუნებას რაიმე სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამას ჰქონდა უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა, რათა ზელენსკის დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ მან ბახმუტი უკან დაიბრუნა და ამის ძალა შესწევდა“,-ამბობს ალადაშვილი. 

მისივე თქმით, იმის თქმაც დაუშვებელია, რომ ზალუჟინი იყო განუმეორებელი სარდალი და ის შეცდომებს არ უშვებდა. 

„ფაქტობრივად ვნახეთ, რომ წარუმატებელი შეტევების შემდეგ, სამხედრო ინიციატივა ფრონტის ხაზზე ისევ რუსებმა დაიბრუნეს. მე მაინც მივიჩნევ, რომ სარდლების შეცვლა ახლა ფრონტის ხაზზე დიდს ვერაფერს შეცვლის. 

„სამწუხაროდ ახლა უკრაინას ორი ძირითადი პრობლემა აქვს. ეს არის საბრძოლო მასალების კრიტიკული რაოდენობა. ვიცით ამერიკის კონგრესში რაც ხდება. მეორეც ჯარის როტაციაა საჭირო და ეს ვერ ხერხდება. ზოგი ჯარისკაცი თვეები და წლებია უკვე ამ ჭუჭყში და ტალახში იბრძვის. უმეტესობა დაიხოცა ან დაიჭრა. ამიტომ ფრონტის ხაზზე ცვლილებებია საჭირო, რასაც ჯერ უკრაინა ვერ ახერხებს. აქ მარტო მობილიზაციაზე არ არის საუბარი, იმდენად ბევრი ხალხია ჯარში გაწვეული, რომ მათი როტაცია ვეღარ ხდება.  

„ინფორმაცია ვრცელდება, რომ სირსკიმ ზელენსკისგან დავალება მიიღო, რომ დამატებით ჯარები უნდა შეიყავნოს ავდიევკას გასაძლიერებლად. მიმაჩნია, რომ ეს უდიდესი შეცდომაა და არ არის გამორიცხული იგვე მოხდეს, რაც ბახმუტთან დაკავშირებით. ეს არის ჯარის ფუჭი ენერგიის და რესურსის ხარჯვა. ბახმუტიც და ავდიივკაში ყველაფერი განადგურებულია. განსაკუთრებით ავდიივკაში არსებობს საფრთხე, რომ უკრაინული ჯარი ალყაში მოაქციონ. არ ღირს დანგრეული ქალაქის გამო ამდენი ჯარისკაცი საფრთხს წინაშე დააყენო“,-ამბობს ალადაშვილი.  

მისივე თქმით, ახლა ყველაზე საშიში კი ფრონტის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილია. ალადაშვილი ამბობს, რომ ბელგოროდის და ხარკოვის ოლქიდან  რომ დაარტყან რუსებმა უკრაინელებს, აქ კიდევ უფორ სავალალო მდგომარეობა შეიქმნება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე