ნაზი ბერიძე
(12.02.2024)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის „ბუფერულ ზონად" უნდა იქცეს, რადგან მოსკოვი ევროკავშირსა და ნატო-ში მის გაწევრიანებას არასდროს მიიღებს.

„მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა რუკაზე არის იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივა არის ის, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის - რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიას. რუსეთი ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს მიიღებს მის საზღვრებთან ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა", - აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, მისი თქმით, 2008 წელს მართლაც შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მიღება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და „ამასთან ერთად ხელიდან იქნა გაშვებული ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მომავალი პერსპექტივებიც".

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია: „ეს განცხადება ორბანის ანტიუკრაინული გეოპოლიტიკის სტრატეგიის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც აკეთებს პუტინი, ეს ფაქტობრივად ორბანმა გაახმოვანა. პუტინმა ტაკერთან ინტერვიუში პირდაპირ მიუთითა, რომ დეფაქტოდ უკრაინა უნდა გამოვიდეს როგორც ბუფერი.

„სამწუხარო ფაქტია, რომ ორბანი იმეორებს პუტინის სიტყვებს იგი ამით პუტინს ეხმარება და რაღაც შეთქმულების თეორიას წააგავს ეს თემა. როგორც ჩანს უნგრეთს სურს ითამაშოს რეგიონული ლიდერის როლი და განსაკუთრებული საგარეო პოლიტიკური კურსი განახორციელოს ევროგაერთიანების შიგნით.მე ვერ ვიტყვი რომ უნგრეთში ავტორიტარული რეჟიმია, მაგრამ, ჰიბრიდული რეჟიმის ელემენტები შეინიშნება.

მას უკვე აღებული აქვს ევრაზიული გეოპოლიტიკური კურსი. უნგრეთი ახლა გახდა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო ფაქტობრივად იყურება ევრაზიის მიმართულებით.

„რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირში ინტეგრაციის შანსები ჩვენ არ გაგვიშვია, ნატოში ინტეგრაცია კი განპირობებულია იმით, რომ მაშინდელ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში შიდა პოლიტიკური პრობლემების გამო საქართველოს არავინ არ მისცემდა მაპს. 2007 წლის 7 ნოემბერი ახალი მომხდარი იყო და ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციაც დაეთანხმა ამ პოლიტიკას. მაშინ იყო საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების სერიოზული შერყევა. როგორც კი სააკაშვილი გადავაგდეთ, დაიწყო პროცესებმაც განვითარება".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ორბანის განცხადებას აფასებს როგორც რუსეთისთვის მოსაწონებლად გაკეთებულ გზავნილს.

„ეს განცხადება გათვლილია, რომ რუსეთს თავი მოაწონოს. ორბანები მოდიან და მიდიან, ადამიანები მოდიან და მიდიან. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა სადაც არის, ყოველთვის იქნება საფრთხე, სანამ არ გაწევრიანდება ნატოში და ევროკავშირში.

„თვითონ ორბანი ევროკავშირისთვის არის საკმაოდ პრობლემური. უნგრეთი ძალიან კარგი სახელმწიფოა, კარგ ადგილზეა განლაგებული და ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს იქ. გადაწყვეტილებას იღებენ ბრიუსელში და არა ბუდაპეშტში, როგორც ნატოზე, ისე ევროკავშირზე, ორბანს არავინ არაფერს ეკითხება" -განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე