თამთა ჩაჩანიძე
(13.09.2023)

 რუსეთის საგარეო უწყება ისევ იმუქრება, რომ თუ უკრაინა ყირიმის ხიდს დაარტყამს, „მოსკოვის პასუხი ხისტი იქნება", ამ მუქარას კი უკრაინული დაჯგუფება „სამხრეთის" სპიკერის ნატალია გუმენიუკის საპასუხოდ აჟღერებენ, რომლის მიხედვით, „ყირიმის ხიდს ძალიან ცოტა დრო დარჩა".

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის მუქარა ფსიქოლოგიური ომის ნაწილია და რა იერიშიც არ უნდა მიიტანოს ე.წ. ქერჩის ხიდზე უკრაინამ, მოსკოვს საჰაერო იერიშების გარდა, სხვა ბერკეტი მაინც არ აქვს, ამას კი უკვე მეორე წელია აკეთებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ 13 სექტემბრის ღამეს ოკუპირებულ სევასტოპოლშო ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, ხიდზე კი მოძრაობა შეწყდა. როგორც აღმოჩნდა, იერიში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა - სულ მცირე, ორი რუსული სამხედრო ხომალდი მძიმედაა დაზიანებული, ისევე როგორც სამხედრო დანიშნულების რამდენიმე ობიექტი ხმელეთზე.

„მადლობა უკრაინის საჰაერო ძალების პილოტებს შესანიძნავი მუშაობისთვის... გაგრძელება იქნება", - წერს საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლეშჩუკი „ტელეგრამზე".

აფეტქებების შედეგად ანექსირებულ სევასტოპოლში კილენ-ბალკას რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია.

ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევა დაიწყეს და თავდასხმის შედეგად კილენ-ბალკას რაიონში, არასამოქალაქო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა და ადგილზე სახანძრო და სხვა სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სევასტოპოლში მინიმუმ 7 აფეთქების ხმა გაისმა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტეს.

13 სექტებმრის გამთენიისას სევასტოპოლზე იერიშს ეხმიანება ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე.

„გამთენიას უკრაინელთა მხრიდან სევასტოპოლზე მასშტაბურ სარაკეტო იერიშს პორტის ტერიტორიის სარემონტო ზონის განადგურება, სადესანტო ხომალდი „მინსკის" დაზიანება და რუსეთის ბალტიური ფლოტის წყალქვეშა ნავზე დარტყმა მოჰყვა. იმ ფონზე რომ აღნიშნული წყალქვეშა ნავი „კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით იყო შეიარაღებული, მისი ომიდან გამოთიშვა (და შეიძლება სრული განადგურებაც) ძალიან მნიშვნელოვანია", - წერს გიორგი კობერიძე „ფეისბუქზე".

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმის შემთხვევაში უკრაინას მკაცრ პასუხს გასცემენ.

„რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაჯგუფების „სამხრეთის" სპიკერმა, გუმენიუკმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს ძალიან ცოტა დრო დარჩა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „მუშაობას გააგრძელებენ". ალბათ, ხიდის ბოლომდე განადგურება იგულისხმება. უკრაინული რეჟიმი არ წყვეტს იმის მტკიცებას, რომ აპირებს ახალი დარტყმების განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ყირიმის ხიდი წარმოადგენს. შედეგებზე კიევში არ ფიქრობენ.

მინდა შევახსენო, რომ თუ ეს მოხდა, პასუხი ხისტი იქნება. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი გეგმების მატარებლები შურისძიებას ვერ დაემალებიან," - განაცხადა ზახაროვამ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის მუქარა ფსიქოლოგიური ომის ნაწილია.

„მე მგონი რუსებმა თვითონაც არ იციან, თუ უკრაინამ ხირიმის ხიდს დაარტყა, მოსკოვი რას იზამს და როგორ პასუხს დაუბრუნებს, სხვა მეტი საშუალება არ აქვს, საჰაერო დაბომბებს ისედაც ახპრციელებენ უკრაინაზე.

„რაც შეეხება იმას თუ უკრაინელები ყირიმის ხიდზე რას ამზადებენ, არაა გამორიცხული, რომ ისევ საჰაერო დაბომბვა განახორციელონ, უკრაინელები ჯერ სამხრეთით შეტევაზე არიან ორიენტირებულები. გამოდის, რომ ამ განცხადებებით მხარეები ერთმანეთს მუშტებს უქნევენ, ესაა კლასიკური ფსიქოლოგიური ომის ნაწილი.

„უკრაინის გეგმა ყირიმზე იქნება ალბათ ის, რომ ზღვიდან და ჰაერიდან შეუტიოს. ამ შემთხვევაში კი უკრაინას საკუთარ ტერიტორიაზე შეუძლია, რომ ყველა შეიარაღება გამოიყენოს, მათ შორის დასავლური. მაგალითად ნიკოლაევიდან ყირიმამდე დაახლოებით 100 კილომეტრია და არაა გამორიცხული, რომ ზღვიდან მოხდეს დარტყმა. მათ შორის შესაძლოა ბრიტანული ზე ზუსტი ტიპის იარაღით „შტორმ შედოუთი". აღსანიშნავია, რომ სევასტოპოლზე დარტყმა ოთხშაბათს გამთენიისასაც განახორციელეს.

„რაც შეეხება ხმელეთიდან გასვლას, როცა უკრაინელები ხერსონს ბოლომდე გაათავისუფლებენ და მელიტიპოლსა და ბერდიანსკს დაიკავებენ, იქიდან უკვე ყირიმზე გასვლა შეიძლება. ალბათ ამას დიდი დრო დასჭირდება, ახლა უკვე წვიმიანი ამინდები დაიწყო და შესაძლოა ყირიმზე აქტიურობა მომავალი წლის გაზაფხულიდან ვიხილოთ. შემოდგომასა და ზამთარში კი არაა გამორიცხული, რომ ზღვიდან და ჰაერიდან დაარტყან", -განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

აქვე აღსანიშნავია, რომ კიევის მხრიდან ყირიმის ხიდზე საუბრები ჯერ კიდევ რუსეთის უკარიანში შეჭრის დღიდან დაიწყო, გასული წლის გაზაფხულზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსიევმა განაცხადა, რომ „ყირმის ხიდი აუცილებლად დაინგრევა, ეს დროის საკითხია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე