თამთა ჩაჩანიძე
(12.09.2023)

 „პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია თვითონ გავა არჩევნებზე თუ თავის მემკვიდრეს გაუშვებს, ამაზე მიდის მსჯელობა და ეს საკითხი მაქსიმუმ ორ თვეში გადაწყდება. შემცვლელის სავარაუდო კანდიდატები არიან ალექსეი დუმინი, ნიკოლაი პატრუშევის ვაჟი, ასევე პრემიერი მიშუსტინი," - აცხადებს „რეზონანსთან" სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, პუტინს უკრაინასთან დიალოგის დაწყება სურს, რადგან რუსეთში საარჩევნო პერიოდი იწყება და ორიდან ერთის არჩევა მოუწევს, ან უკრაინა ან ძალაუფლება და ბუნებრივია, რომ მას ახლა უკრაინაში ვითარების „გაყინვა" ურჩევნია.

ვლადიმერ პუტინმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც „საომარ მოქმედებებს ვერ აჩერებს", კრემლის ლიდერი ამჯერადაც ყველაფერს კიევს აბრალებს და ამბობს, რომ კონტრშეტევაზე უკრაინელები არიან გადასულები და ასეთ ვითარებაში „რუსები ვერ გაჩერდებიან".

„სავსებით შესაძლებელია, რომ პუტინს დიალოგის დაწყება სურდეს უკრაინასთან, რადგან რუსეთში ძალიან კრიტიკული მომენტი დგება, ქვეყანა წინასაარჩევნო ფაზაში შევიდა. გუბერნატორების არჩევნები ჩატარდა, სამწუხაროდ პუტინის პარტიამ კარგი შედეგები დადო და ახლა მას სურს, რომ თავისი მემკვიდრის ოპერაციის განხორციელება დაიწყოს, ამაში უკრაინა ხელს შეუშლის, ორიდან ერთი უნდა აირჩიოს და ბუნებრივია მისი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია თვითონ გავა არჩევნებზე თუ თავის მემკვიდრეს გაუშვებს, ამაზე მიდის მსჯელობა და ეს საკითხი მაქსიმუმ ორ თვეში გადაწყდება. შემცვლელის სავარაუდო კანდიდატები არიან ალექსეი დუმინი, ნიკოლაი პატრუშევის ვაჟი, ასევე პრემიერი მიშუსტინი.

„პუტინი დიდი ალბათობით პტეზიდენტის პოსტს დათმობს, რადგან ჯამმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და მეექვსე ვადაზე გასვლა გაუჭირდება, ურჩევნია არაფორმალური მმართველი იყოს, საინტერესოა არაფორმალური მმართველობის რა ფორმას აირჩევს, ეს იქნება ჩრდილო კორეული თუ სხვა ტიპის," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რუსული სააგენტო „ტასის" ცნობით, პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები, თუკი უკრაინა კონტრშეტევას ახორციელებს. მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობა სურთ, კითხვას სვამენ რუსეთის მზადყოფნის შესახებ შეაჩეროს საომარი მოქმედებები.

„მაგრამ როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ საომარი მოქმედებები, თუ მეორე მხარე იწყებს კონტრშეტევას? რა უნდა გავაკეთოთ? ისინი კონტრშეტევას განახორციელებენ და ჩვენ ვიტყვით: „ჩვენ გავჩერდებით" - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, სამშვიდობო პროცესის დასაწყებად, უკრაინის ხელმძღვანელობამ უნდა გააუქმოს მოლაპარაკებების საკანონმდებლო აკრძალვა და „მაშინ ვნახოთ". მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების სამართლიანი პირობა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე