ნაზი ბერიძე
(12.09.2023)

ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ შეიძლება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს ორ სახელმწიფოს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამის ერთ-ერთი საბაბი შეიძლება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გახდეს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, მათ შორის საქართველო. „რეზონანსი" ომის ალბათობაზე პოლიტიკის ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, ომის ალბათობა მაღალია.

„ალბათობა ძალიან მაღალია იმიტომ, რომ პრინციპში კომპრომისის საშუალება არ ჩანს და თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ მარტო აზერბაიჯანსა და სომხეთში არ არის საქმე, მით უმეტეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალაბათობა მაღალია და მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები ცდილობენ, თავიანთი გეგმის მიხედვით მოაწყონ ვითარება. ეს დასავლეთი იქნება, რუსეთი თუ სხვა ყველა თავისას ცდილობს და აქედან გამომდინარე, სიტუაცია არის საკმაოდ არეული. პლუს ამაში ერთვებიან ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა, მაგალითად, ირანი.

„საერთო ჯამში ომის ალბათობა მაღალია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ერთი მხრივ აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სომხური და აქედან გამომდინარე ომის განახლების შემთხვევაში სომხეთის ახალი წარუმატებლობა და ახალი მარცხი გარდაუვალია," - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც „რეზონანსთან" კვლავ ახალ სისხლიან დაპირისპირებას პროგნოზირებს

„ახალი ომი პირდაპირი გაგებით არა მგონია, მაგრამ სისხლისმღვრელი შეტაკება შეიძლება იყოს - აზერბაიჯანს სურს მთლიანად გააკონტროლოს საერთაშორისო სამართლით აღიარებული ტერიტორია და მის შუაგულში, ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შუაგულში ცხოვრობენ ეთნიკური სომხები, რომელსაც იცავს რუსეთი, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები დგანან.

„და აი ამ შეიარაღებულ ეთნიკურ სომხებში არის შეიარაღებული ადამიანები რომლებიც ბაქოს აზრით საფრთხეს უქმნიან აზერბაიჯანს და რაც კიდევ უფრო მთავარია აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ იქ არსებული ადმინისტრაციული ერთეულები უკანონოა.

„სწორედ ახლახან ჩატარდა დე ფაქტო პარლამენტმა მთიანი ყარაბაღის არჩევნები, აირჩია ახალი პრეზიდენტი, დე ფაქტო პრეზიდენტი, რამაც გამოიწვია გაღიზიანება როგორც აზერბაიჯანის, ისე მთელმა მსოფლიომ უარყო არჩევნების შედეგები, მათ შორის საქართველომ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ საქართველო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, და არ ითვალისწინებს ამ არჩევნების შედეგებს. ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და პრაქტიკულად ყველამ, მე მგონი რუსეთმაც.

„ამ ფონზე აზერბაიჯანს სურს, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე არ იყოს არანაირი ადმინისტრაცია, და ყარაბაღის ყველაფერი შეესაბამებოდეს აზერბაიჯანის კანონმდებლობას, კონსტიტუციას, და შესაბამისად მოითხოვს მათ გაუქმებას.

„ამიტომ კითხვა, არის თუ არა შანსი საომარი საბრძოლო მოქმედებების, ამის შანსი არსებობს. აზერბაიჯანი ცდილობს საბოლოოდ დაასრულოს მთლიანი ყარაბაღის ადმინისტრაციისა და შეიარაღებული, მისი აზრით, უკანონო ფორმირების არსებობისა. შეიძლება ძალის დემონსტრირება განახორციელოს, რათა აჩვენოს, რომ არ ხუმრობს, და ნამდვილად ფიქრობს, რომ საჭიროა ამ საკითხების მოგვარება. ამას აკეთებს ისე, რომ რუსები იქნებიან და ხმას არ ამოიღებენ. რუსები ამის განხორციელებაში ხელს შეუწყობენ.

„რაც შეეხება დღეს ლაჩინის დერეფანი არ გახსნილა, მაგრამ აგდამიდან შევიდა რუსეთის წითელი ჯვრის ჰუმანიტარული დახმარება," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ასევე ომის საფრთხეზე საუბრობს, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო აქტორები.

„მთიანი ყარაბაღის გამო ფაქტობრივად ორივე მხარე ომის ზღვარზეა მისული, არ არის გამორიცხული უკვე რეგიონული ომის კონტურები, ოღონდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის, ამასთან ახლოს არიან მხარეები. ფაქტობრივად ორივე მხარეს აქვს მობილიზებული სამხედრო პოტენციალი, შესაბამისად პირობები არის საკმაოდ მძიმე. აქ უკვე ჩაერევიან სხვა სახელმწიფოებიც, როგორიცაა ისრაელი, თურქეთი, ირანი, რუსეთზე უკვე აღარ არის საუბარი, და საკმაოდ რთული სიტუაციაა," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე