ელზა პაპოშვილი
(11.09.2023)

უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ, ბოლო დღეებში მათ, სოფელ რობოტინოსთან, კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დეოკუპაცია შეძლეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრიის მიმართულების პრესცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„ვერ ვიტყვით, რომ მტერი გარბის, ყველაფერი მძიმე ბრძოლებით მიმდინარეობს. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავართულოთ მათი მომარაგება და ეს გარკვეულ ტერიტორიაზე ნაყოფს იძლევა“, - განაცხადა შტუპუნმა.     

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ოპიტნეს დასახლების ნაწილი დაიკავეს.„თავდაცვის  ძალებმა დაიკავეს ოპიტნეს დასახლების ნაწილი და გასული კვირის განმავლობაში ნაწილობრივ წარმატება მიაღწიეს ნოვომაიორსკის რაიონში", - აღნიშნა მალიარმა.

მისი თქმით, ფრონტის იმ ნაწილებზე, სადაც უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს, შეიარაღებული ძალები მაგრდებიან.   

უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი  ასევე ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად გაზისა და ნავთობის საბურღ პლატფორმებზე, რომლებიც ცნობილია როგორც "ბოიკოს კოშკები". ინფორმაციას "Українська правда" უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებმა "ბოიკოს კოშკებზე" კონტროლის დამყარების უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს...ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპის დროს მოხდა ბრძოლა გემებზე მყოფ უკრაინულ სპეცრაზმსა და რუსულ "სუ-30"-ის მოიერიშე თვითმფრინავს შორის. ბრძოლის შედეგად რუსული თვითმფრინავი იძულებული გახდა უკან დაეხია", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე თქმით, "ბოიკოს კოშკებს" რუსები ვერტმფრენების დასასმელად და სარადარო აღჭურვილობის განსათავსებლად იყენებდნენ.

ცნობისთვის, პლატფორმები, რომლებიც ცნობილია როგორც "ბოიკოს კოშკები", რუსეთს 2015 წლის შემდეგ ჰქონდა ოკუპირებული.    

ჩვენ გვჭირდება კონტრშეტევის შედეგები. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწები და მოვახდინოთ ჩვენი მიწების დეოკუპაცია. ეს არ ეხება მხოლოდ მიწებს, ეს ეხება ადამიანებსაც, რადგან გაყინული ომი არ არის მშვიდობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კონტრშეტევის წარმატებისთვის და ტერიტორიების დეოკუპაციისთვის უკრაინას სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, არტილერია და ჭურვები.

„ყველა საუბრობს ATACMS -ზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა საუბრობს მოიერიშე თვითმფრინავებზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს გადაწყვეტილებას შორ მანძილზე მოქმედი ATACMS სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

„იმედი მაქვს, პრეზიდენტ ბაიდენს ვესაუბრები. მისი აზრი და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ მას შეუძლია ამ ომის შეცვლა, როგორც მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა HIMARS-ებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ჯო ბაიდენთან ამ თემაზე მისი პირველი მოლაპარაკება არ არის. „წინ მივდივართ. იმედია, მათ შემოდგომაზე მივიღებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევჩერდეთ ამ კონტრშეტევაში. ამიტომ მე ისინი ძალიან მჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.     

საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ყირიმში რამდენიმე მიმართულებით აფეთქებების სერია გრძელდება. ორი დღის წინ, დაიბომბა ქერჩი და სიმფეროპოლი, ხოლო ფეოდოსიაში დაუდგენელი მიზეზით გამოწვეულ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. მცირე მასშტაბის დაუდგენელი აფეთქებები ყირიმის სარკინიგზო მონაკვეთების გასწვრივაც განხორციელდა. 

„რუსები დაბომბვებთან ერთად დივერსიებზეც საუბრობენ და როგორც თათრების ისე ადგილობრივი უკრაინელების ან პრო-უკრაინული მოსახლეობის დევნას ახორციელებენ და აანონსებენ. 

„დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, ავდიივკა-დონეცკის აეროპორტის მიმართულებაზე ოპიტნეში კი უკრაინელებმა წარმატებული კონტრიერიში განახორციელეს და დაახლოებით ერთი კილომეტრით წაიწიეს წინ. დონეცკის აეროპორტთან ნებისმიერი მიახლოება ადგილობრივი რუსი სეპარატისტებისათვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დარტყმაა, რადგან სწორედ ამ აეროპორტისათვის ბრძოლა იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული 2014-2015 წლებში და რუსებმა მის დასაკავებლად ასობით გამოცდილი სამხედრო და ოთხი თვე დაკარგეს. 

„რაც შეეხება ბახმუტს, ბახმუტის მიმართულებაზე, საბრძოლო მოქმედებები კვლავ კრიტიკულ ფაზაშია. ანდრიივკა-კლიშჩიივკას მონაკვეთზე რუსებმა ძველი პოზიციების დასაბრუნებლად მასირებული კონტრშეტევა სცადეს, მაგრამ კონტრშეტევა ჩაუვარდათ. მსგავსი ოპერაცია დაიგეგმა ბახმუტის ჩრდილოეთითაც, სადაც ცენტრალური გზის სიახლოვეს რუსული მოიერიშე სამხედრო დაჯგუფება განადგურდა. 

„ამ მიმართულებაზე რუსები დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასა და ტექნიკას სწირავენ პოზიციების შესანარჩუნებლად. თუმცა თუკი რუსული პროპაგანდა ბახმუტის ირგვლივ ბოლო კვირები დუმდა ან გმირობების ისტორიებს ჰყვებოდა, ახლა ონლაინ მედიაში ამეტყველდა შედარებით ღიად და რთულ ვითარებაზე საუბრობს“,-ამბობს პროფესორი. 

რაც შეეხება  სამხრეთში, ზაპორიჟიას ოლქში, რობოტინე-ნოვოპროკოპივკა-ტოკმაკის მიმართულებას, კობერიძე ამბობს, რომ დიდი ცვლილება არ შეიმჩნევა, გარდა იმისა, რომ ნოვოპროკოპივლას აღმოსავლეთით უკრაინული ფლანგური შეტევა წარმატებით ვითარდება. 

„იმაზე დიდი ტერიტორიაა ნაცრისფერ, უკონტროლო ზონაში მოქცეული, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუკი უკრაინელებმა მისი დაკავება შეძლეს, შეიძლება ითქვას, რომ რუსებს პოზიციების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, ამ მიმართულებაზე პრობლემა ისიცაა, რომ ინფორმაცია ძალიან შეზღუდულად მოდის. 

„ამასთანავე, სავარაუდოდ,  ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის, ATACMS-ების მიწოდება უკრაინელთათვის მოხდება. ამაზე უკვე მასობრივად იწერება დასავლურ პრესაში და ვარაუდობენ, რომ ამ იარაღის გადაცემა რამდენიმე დღეში შეიძლება დაანონსდეს. მას სამიზნის განადგურება 300 კილომეტრზე შეუძლია. თუკი Storm Shadow ჰაერიდან იყო გაშვებული, ATACMS-ის გაშვება HIMARS-დან ან M270-დან მოხდება“,-ამბობს კობერიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე