ნაზი ბერიძე
(08.09.2023)

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს კიბოს და სხვა დაავადებებს იწვევს. "აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა ცენტრმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ გაღარიბებული ურანი კიბოს იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ არ დაფიქსირებულა ლეიკემიის ან სხვა სიმსივნეების მატება ურანის ზემოქმედების შემდეგ",-განაცხადა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა.

მისი თქმით, საბრძოლო მასალები არის სტანდარტული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომლებიც გამოიყენება აბრამსის ტანკებისთვის. „ტანკებში გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს მსოფლიოში ბევრი სამხედრო იყენებს. ვგრძნობთ, რომ ეს იქნება ყველაზე ეფექტური ჭურვები რუსულ ტანკებთანდასაპირიპირებლად",-აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 6 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 175 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას გაღარიბებულ ურანით. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშული საბრძოლო მასალის გამოყენება კიბოს და სხვა დაავადების შემთხვევების ზრდას გამოიწვევს.

რას ნიშნავს გაღარიბებული ურანის ჭურვები და რა ეფექტი აქვთ მათ - სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ისინი უფრო დიდი ჯავშანგამტანობით გამოირჩევიან.

„ტანკი იმით განსხვავდება სხვა საბრძოლო ტექნიკისგან, გამოირჩევა ძლიერი შეჯავშნით განსაკუთრებით, შუბლა ჯავშანით-წინა ჯავშნით. ამიტომაც ამ ჯავშნის გასახვრეტად, საჭიროა ბევრად უფრო ძლიერი იარაღი. „ეს იარაღი შეიძლება იყოს ძირითადად ორი სახის, რომელიც ტანკის ჯავშანს ხვრეტს. ერთი არის სკუმულაციური მოქმედების, რაკეტები ან ჭურვები, ხოლო მეორე არის ქვეკალიბრის ჯავშანგამტარი ჭურვი.

„ტანკის ლულაში რა ჭურვიც გადის, ეს არის ნატოს კალიბრი 120, ხოლო საბჭოთა რუსული 125 მმ-იანი ჯავშანგამტანი საშუალება - ჭურვის ლულიდან გამოსვლის შემდეგ გარსაცავი ძვრება და აგრძელებს ფრენას ეს ჯავშანგამტანი საშუალება, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს „ლომს" ანუ გრძელ რკინას. ღეროც შეიძლება იყოს ან ფოლადისგან გაკეთებული ან ვოლფრამისგან ან გაღარიბებული ურანისგან.

„ის რომ ხვდება ტანკის ჯავშანს, ის არ ფეთქდება, უბრალოდ ხვრეტს. მერე აღმოჩნდა, რომ გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ღეროები არის უფრო ბევრად ჯავშანგამტანი, გამოირჩევა ვოლფრამისგან განსხვავებით 100%-ით უფრო დიდი ჯავშანგამტანობით" -განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" გაღარიბებული ურანის ჭურვების ეფექტურობაზე საუბრობს: „რუსეთმა ეკოლოგიაზე დაიწყო ზრუნვა მას შემდეგ, რაც ნახევარი უკრაინა ნაღმებით გაავსეს, კასეტური ბომბები გამოიყენეს და მანათობელი ბომბებიც, რომელიც ფოსფორს შეიცავს და ახლა რა გაუკვირდათ ურანის ჭურვების გამოყენება. რაც მათ უკვე ეკოლოგია დააზიანეს, მარტო კახოვკის წყალსაცავის აფეთქება რად ღირდა.

„გაღარიბებული ურანის ჭურვები ეს არის ძალიან მტკიცე შენადნობი, რომელიც ჯავშანგამტან ჭურვებში გამოიყენება, ეს არის გასროლის შემდეგ გავარვარებული დიდი ზომის მილი, ლურსმანი, რომელიც ხვრეტს მოწინააღმდეგის ჯავშანს და რომელსაც ვერ შველის აქტიური დაცვის საშუალებები, რომლებიც წარმატებულია კუმულატიური ჭურვების წინააღმდეგ" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე: „ეს არის ის, რაც ყველა ჯავშანს ხვრეტს. ძირითადად ტანკების წინააღმდეგ გამოიყენება, პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი რთული ჯავშანი რომელიც გაღარიბებული ურანის წინააღმდეგ იქნება ეფექტური. ნებისმიერი ჭურვი, რომელიც შეიცავს ურანიუმს, მოწინააღმდეგის ჯავშანს მთლიანად ანადგურებს" - განაცხადა „რეზონანსთან" გიორგი კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე