ნაზი ბერიძე
(08.09.2023)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მსოფლოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე დგას, უკრაინის პორტებზე მიზანმიმართული თავდასხმებით კრემლი ართმევს მათ საკვებს, რომელიც ძალიან სჭირდებათ.

„სამარცხვინოა, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვეულის ინიციატივის შეწყვეტის შემდეგ ბლოკავს და უტევს უკრაინის საზღვაო პორტებს. ეს უნდა შეწყდეს", - აღნიშნა მიშელმა. მისი თქმით, მარცვლეული დატვირთულ გემებს შავი ზღვის გავლით უსაფრთხო გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

ევროლული საბჭოს პრეზიდენტმა კრემლის შეთავაზებას, აფრიკაში 1 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდების შესახებ „აბსოლუტურად ცინიკური" უწოდა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფას და ამ დრომდე, ამ მარშრუტების საშუალებით, 41 მილიონ ტონა მარცვლეულზე მეტის მიწოდებაა განხორციელებული

უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ადასტურებს რომ მსოფლიო სასურსათო კრიზისის პრობლემა შეიძლება მართლაც შეიქმნას - „რა თქმა უნდა, სასურსათო კრიზისის შექმნა ეს არის საკმაოდ აქტუალური თემაა. უკვე ახალი თემა შემოდის - სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც სწორედ იწყება აფრიკიდან და მერე მოდის აზიიდან, ეს არის ადამიანების მასობრივი შიმშილობის აქცია.

"უკრაინის ომმა კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია, იმიტომ რომ უკრაინა იყო ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი სახელმწიფო, ის იყო ჩართული ჰუმანიტარული და სხვა ტიპის საერთაშორისო აქციებში. ამ პრობლემამ შექმნა სერიოზული დილემა" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" მსოფლიო სასურსათო დეფიციტის საფრთხეს პროგნოზირებს: „ამის საშიშროება არსებობს, განსაკუთრებით ეგრედ წოდებული მესამე სამყაროს ქვეყნებში. მაგალითად, ეგვიპტე, სუდანი და სხვადასხვა აფრიკული სახელმწიფოები, ბევრია დამოკიდებული უკრაინიდან მიღებულ ხორბალზე. ასევე საქმე ეხება ასევე მზესუმზირის ზეთს, რომლითაც მსოფლიოს დიდ ნაწილს ამარაგებს უკრაინა.

„ეს გაჭირვებული ქვეყნებია, მოსახლეობას არა აქვს შესაძლებლობა რომ რაღაც სხვა პროდუქტებზე გადაერთოს. მათთვის ხორბალი ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლოდ. ამიტომ რუსეთის ამ ომმა შეიძლება გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი.

„მსგავსი კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა რუსეთის იძულება, რომ შეწყვიტოს უკრაინული პორტების დაბომბვა და ბლოკადა შავი ზღვის" - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს რომ მსოფლიო სასურსათო კრიზისი შეიქმნას, განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის ქვეყნებში.

„უკრაინელები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის თურქეთის ხელისუფლება შეეცდება რომ კრიზისამდე არ მივიდეს საქმე, იმიტომ, რომ, თუ ვერ მოილაპარაკეს ამან შეიძლება მართლა გამოიწვიოს ეს კრიზისი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში რომლებიც ამაზე არიან დამოკიდებულები" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე