თამთა ჩაჩანიძე
(07.09.2023)

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა ბოლო დღეებში უკიდურესად გაუარესდა, აზერბაიჯანმა კი სომხეთის საზღვრისკენ სამხედრო ნაწილების გადასროლა დაიწყო. იქნება თუ არა ახალი ომი სამხრეთ კავკასიაში? ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს ამის ალბათობა მცირეა, თუმცა არაფერია გამორიცხული.

ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირაა ყარაბაღში სამხედრო პოლიტიკური ვითარება გაუარესდა. აზერბაიჯანელების მიერ ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორის ბლოკირების გამო დაწყებული კრიზისის შედეგად ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. ამის პარალელურად გამწვავდა რუსულ-სომხური ურთიერთობებიც. პრემიერ-მინისტრ ნოკოლ ფაშინიანის განცხადებამ, რომ ოდკბ-ს (დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წესდებიდან გამომდინარე, მოსკოვმა ვალდებულებები არ შეასრულა, კრემლის გაღიზიანება და ფაშინიანის მისამართით მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ნიკოლ ფაშინიანმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე დღეა მთიანი ყარაბაღის გამყოფ ხაზთან და სომხეთის საზღვართან ჯარებს აგროვებს.

„აზერბაიჯანულ პრესაში და პროპაგანდისტულ პლატფორმებზე ანტისომხური რიტორიკა მძაფრდება და სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის პოლიტიკა გრძელდება", - განაცხადა ფაშინიანმა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, თავიდან აიცილონ „ახალი აფეთქება" რეგიონში.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ერევანი სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის სამმხრივ და ბრიუსელსა და პრაღაში მიღწეულ შეთანხმებების ერთგულია. მისი თქმით, დიალოგი უნდა დაიწყოს „სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, ასევე გაიხსნას ლაჩინის დერეფანი". ამ ყველაფრის საფუძველზე კი, ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს „სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ".

რაც შეეხება სომხეთ რუსეთის ურთიერთობების გაუარესებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი და კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ფაშინიანის იმ განცხადებამ გააღიზიანა, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და მიბმა სტრატეგიული შეცდომა იყო. კრემლის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სომხეთის „პრემიერის თეზისებს არ ეთანხმებიან".

ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი ომი ნაკლებსავარაუდოა.

„ახალი ომი ნაკლებ სავარაუდოა, რადგან, ერთის მხრივ, სომხეთს ამის პოტენციალი არ აქვს და მეორეს მხრივ, ეს რუსეთისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნება, რადგან მისი სამშვიდობოები იქ ზუსტად იმიტომ დგანან, რომ ომი არ დაუშვან. რასაკვირველია, საომარი მოქმედებების განახლების შანსი მაინც არის, რადგან აზერბაიჯანი თავისას მაინც ვერ აღწევს, მისთვის მთელი ყარაბაღის კონტროლია მთავარი. ოფიციალური ბაქო თავს გამარჯვებულად ვერ იგრძნობს, თუ სტეპანაკერტს არ დაიკავებს.

„თუმცა, ამ ომის წინააღმდეგია არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მთელი მსოფლიო. გარდა ამისა, ალიევის ნაციონალური გეგმა თურქეთისთვის გეოპოლიტიკური გეგმაა, რადგან თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთს რეგიონში გავლენა მაქსიმალურად შეუზღუდოს. თუ კონფლიქტი კვლავ განახლდა, ეს რუსეთს ისედაც შერყეულ ავტორიტეტს მთლად დამარხავს. ამის სადემონტრაციოდ ისიც კმარა, რომ „ოდკბ"-დან (დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია) სომხეთმა თავის წარმომადგენელი გაიწვია. ომის განახლების ალბათობა არის, მაგრამ მაღალი არა.

„ერევანში სერიოზული ნარატივია, რომ რუსეთმა, „ოდკბ"-ს წესდებიდან გამომდინარე, თავისი ვალდებულებები არ შეასრულა. ფორმალურად ეს ასეცაა, რადგან დღეს აზერბაიჯანს სიუნიკის რაიონში დაკავებული აქვს სომხეთის მცირე ტერიტორია. ამ წესდების მიხედვით კი, რუსეთი ვალდებულია, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. მოსკოვი არ იცავს, რადაგნ დისკრედიტირებულია და ფაშინიანი დასავლეთის მხარდაჭერითაა შეგულიანებული, რომელიც რუსეთის დისკრედიტაციის ფატქორს აღვივებს.

„აზერბაიჯანსჯარების შეგროვება არ სჭირდება, შუშაში იმდენი ჯარი ჰყავს დაბანაკებული. ეს უბრალოდ საბაბია, რომ ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყონ. მთავარი ისაა, რომ აზერბაიჯანს ყარაბაღთან დამაკავშირებელი ყველა არტერია აქვს გადაკეტილი, რომელსაც ადრე სომხეთი აკონტროლებდა, პლიუს, რუსეთის სამშვიდობოების ფორმატს ანგარიშს აბსოლუტურად არ უწევს. ამ ფორმატის მიხედვით, აზერბაიჯანს გადაკეტვის უფლება არ ჰქონდა. აზერბაიჯანი და თურქეთი ამ არეული გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში თავისას მიერეკებიან",-განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე