ნაზი ბერიძე
(06.09.2023)

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას კიევში შეხვდა. ბლინკენის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის კონტრშეტევის პროგრესს ხედავს და იზრუნებს იმაზე, რომ უკრაინამ, როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო დახმარება მიიღოს. როგორც ბლინკენმა ვიზიტის დროს განაცხადა, გაოცებულია უკრაინის სიმამაცითა და გამძლეობით.

„პირველ ყოვლისა, მე აქ იმისთვის ვარ, რომ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება მოვახდინო. კონტრშეტევაში კარგი პროგრესი ვნახეთ. ჩვენი სურვილია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება, რომ მას შეკავების კარგი ბერკეტები, ძლიერი თავდაცვის უნარი ჰქონდეს, რათა აგრესია მის წინააღმდეგ აღარ განმეორდეს",-განაცხადა აშშ-სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა პარტნიორთან იმისთვის, რომ უკრაინას აღდგენაში, ძლიერი ეკონომიკის და ძლიერი დემოკრატიის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ბლინკენის ვიზიტს ძირითადად უკრაინა-რუსეთის ომს და უკრაინაში მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირებს.

„შეერთებული შტატები და უკრაინა არიან პარტნიორები, ერთად აწარმოებენ ომს რუსეთის წინააღმდეგ. გასაკვირი არ არის, რომ უამრავი პრაქტიკული საკითხები ჰქონდეთ განსახილველი, პირველ რიგში კი აქ აღსანიშნავია პოლიტიკური მხარდაჭერა.

„მნიშვნელოვანია უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების თემა - ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ამერიკისთვის ძალიან სენსიტიურია - ჩატარდება თუ არა არჩევნები უკრაინაში.

„საერთოდ, მიმაჩნია, რომ უკრაინაში სანამ ომი არ დასრულდება, არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. შეუძლებელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება", -განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე: „პირველ რიგში ეს არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი ღერძი კვლავ რჩება უკრაინა და რუსეთ-უკრაინის ომი.

„მეორე მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მოლაპარაკება შედგეს თუ როგორ ხედავს ზოგადად ამერიკა ამ ომის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ იქნება გაანალიზებული არსებული რეალობა თუ როგორ და რა ფორმაში ხედავს ამერიკა უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სულ მუდმივად ხდება ხოლმე ამაზე ხაზგასმა, რომ ხომ არ აიძულებს ამერიკა უკრაინას გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მას არ აწყობს, რაც გამორიცხულია. ეს მოლაპარაკებები და პერიოდული კავშირები სწორედ იმაზე არის მიმართული, რომ ამერიკისა და უკრაინას შორის პოზიციები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით იყოს დაახლოებული და თანმხვედრი. ამიტომაც არის ბლინკენის მნიშვნელოვანი ვიზიტი ღირებული",-განაცხადა „რეზონანსთან" გიორგი კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე