„დასავლეთი ცდილობს, რომ ერევანი გამოვიდეს რუსული ორბიტიდან"
ნაზი ბერიძე
(06.09.2023)

ბოლო პერიოდში სომხეთიც აქტიურად ცდილობს გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან - ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ 11-20 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში სომხეთ-აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნები- ARTSIV PARTNERS-2023 ჩატარდება. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები სასწავლო ცენტრის „ზარ"-ის ტერიტორიაზე ჩატარდება და მათ მიზანს სამშვიდობო დავალების შესრულების დროს კონფლიქტის მხარეთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენს.

„წვრთნების მიზანი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციების დარგში გამოცდილების გაზიარება და ასევე, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის „ოპერატიული პოტენციალის კონცეფციის" გეგმური შეფასებისთვის სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაზრდაა",-ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" განმარტავს, რომ სომხეთს დასავლეთათან ურთიერთობაში სურს კომპლიმენტარული პოლიტიკა.

„აქ უჩვეულო არაფერია, არაერთხელ მიიღო სომხეთმა მონაწილეობა ასეთ წვრთნებში, რომელიც ჩატარდა ნატოს ეგიდით, მათ შორის საქართველოში, ამასთან, ამერიკულ წვრთნებშიც. ჩვეულებრივ სომხეთი აგრძელებს თავის პოლიტიკას - კომპლიმენტარული, ანუ ბალანსირებულ პოლიტიკურ კურსს. თუმცა, ის რუსეთთან არ გაწყვეტს ურთიერთობას" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სომხეთი ცდილობს მხარდაჭერა დასავლეთში მოიპოვოს.

„სომხეთი ორიენტირებული იყო რუსეთზე 90-იანი წლების დასაწყისიდან, რატომ? იმიტომ რომ ყარაბაღის პირველი ომის დროს რუსეთმა დაახლოებით მილიარდი დოლარის მოცულობის შეიარაღება მიაწოდა სომხეთს. სომხეთს ამით მიეცა საშუალება რომ 1994 წლისთვის დაემყარებინა კონტროლი აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ზე. ეს ტერიტორია რომ შენარჩუნებულიყო, აუცილებელი იყო რუსეთთან კავშირების შენარჩუნება. რუსეთი წარმოადგენდა გარანტს იმისა, რომ სომხეთი ყარაბაღზე კონტროლს შეინარჩუნებდა.

„ამიტომაც იყო, რომ სომხეთი გაწევრიანდა დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ასევე თანხმობა განაცხადა რომ რუსი მესაზღვრეები განთავსებულნი ყოფილიყვნენ სომხეთ-თურქეთის საზღვარზე და რუსული სამხედრო ბაზა განლაგებული ყოფილიყო მის ტერიტორიაზე.

„რაც შეეხება ყარაბაღის მეორე ომს - რუსეთმა აზერბაიჯანს 2010 წლიდან მიაწოდა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შეიარაღება და პლუს 2020 წლის ომის დროს რუსეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. მაგრამ, რეალურად მოსკოვმა აღიარა დე ფაქტო ვითარება, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი ყარაბაღის ტერიტორიის 2/3-ზე.

„სომხეთი ხედავს, რომ რუსეთისგან არ მოსდის მხარდაჭერა და ამიტომაც ფაშინიანმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ ცალმხრივად უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე ორიენტაციის აღება, იყო შეცდომა. ერევანი დღეს ეძებს ალტერნატიულ გზებს და დასავლეთიც ეძებს ალტერნატიულ გზებს სომხეთთან დაახლოების.

„ის რომ დღეს ამერიკა-სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება, ეს არის პირველი შემთხვევა. ამერიკა სომხეთს ეკონომიკურ დახმარებას მაინც უწევდა - ერთ-ერთი ასეთია „მილენიუმის" პროგრამა, ამერიკამ დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარება აღმოუჩინა სომხეთს.

„პლუს ევროკავშირიც არის დაინტერესებული იმით, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ყარაბაღის კონფლიქტში, ეს მას შემდეგ რაც რუსეთი ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას და ინტერესი გააჩნია, რომ გააქტიურდეს სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთში. დასავლეთი ცდილობს სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს, რომ გამოვიდეს რუსული ორბიტიდან" - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე