თამთა ჩაჩანიძე
(05.09.2023)

ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 5 სექტემბერს ოფიციალურად დატოვა, მას სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი შეცვლის. დასავლური მედია რეზნოკოვის გადაყენებას კორუფციულ სკანდალს უკავშირებს, ამაზე საუბრები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯარისთვის საკვებს, სამხედრო ფორმებსა და აღჭურვილობას სტანდარტულ საბაზრო ფასზე უფრო ძვირად ყიდულობდა. ფრონტზე კი მნიშვნელოვანი ცვლილება არაა.

სამშაბათს, უკრაინის რადას 327-მა სახალხო დეპუტატმა რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თავდაცვის მინისტრის შეცვლის ოფიციალურ ვერსიად კორუფცია არ დაუსახელებია, თუმცა ამას წინ უძღოდა სხვადასხვა სკანდალები და ეს სამხედრო ანალიტიკოსებს ეჭვის საფუძველს უჩენს, რომ სწორედაც კორუფცია გახდა რეზნიკოვის გადაყენების მიზეზი. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს იქნა მიღებული, თუმცა ფრონტზე არასახარბიელო ვითარების გამო, ერთი წლით გადაიდო, რეზნიკოვის თანამდებობაზე დატოვება კი, მათი თქმით, მეტწილად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინას კორუფციასთან მასშტაბური ბრძოლა აქვს გამოცხადებული და დიდი ალბათობით, დასავლეთიც სთხოვს, რომ ანტიკორუფციული ნაბიჯები გადადგას, თუ უნდა დამატებითი შეიარაღება მიიღოს. ზუსტად ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, რომ უკრაინაში კორუფციული სკანდალი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას აფერხებს.

სამხედრო მიმომხილველები ასევე აღნიშნავენ, რომ კორუფცია ომის მიმდინარეობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამჟამად კი ფრონტზე არცერთ მხარეს ჯერჯერობით რაიმე სერიოზული გარღვევა არ აქვს და შეიძლება ითქვას, რომ მხარეები პოზიციურიდან დისტანციური ომის პრონციპზე გადადიან. ამასთან, უკრაინას ტაქტიკური ინიციატივა ზაპოროჟიესა და დონბასის მიმართულებით აქვს, რუსებს კი უფრო ხარკოვისკენ.

რა ხდება ფრონტზე

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტზე ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდად არაფერი შეცვლილა.

„ბახმუტის მიმართულებაზე სიტუაცია უცვლელია. ერთადერთი ქალაქის სამხრეთით, კლიშეევკასთან ძალიან მძიმე ვითარებაა - უკრაინელები უტევენ, რუსები არ თმობენ და პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ. აქ უკრაინელებისთვის ერთი კარგი რამ ხდება - მათ სიმაღლეები უკავიათ და როცა რუსები კლიშეევკაში შედიან, ეს დიდ მსხვერპლს იწვევს. მეორეს მხრივ პრობლემურია ისიც, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელები თითქმის გაჩერებული არიან და აქტიური წინსვლა აღარაა.

„რაც შეეხება ზაპოროჟიეს, აქ სიტუაცია კვლავ უცვლელია. უკრაინელები ვერბოვეს დაკავებას კვლავ ცდილობენ. ეს რობოტინეს და ნოვოპროკოპივკას მიმართულებაა და უკვე ჩვენ ვიხილეთ, რომ დონეცკის ოლქში უგლედარსა და ველოკანოვოსივკას შორის უკრაინელები ისევ გააქტიურდნენ, ნოვოდონეცკია დასახლება და სწორედ ამას უტევენ.

„დნეპრის ფორსირება უკვე შეძლეს, თუმცა დამატებითი წინსვლა არ ყოფილა. პოზიციური ბრძოლები მიდის ყველგან. მათ შორის ვიხილეთ, რომ რუსები ძალიან აქტიურად უტევდნენ კუპიანსკის მიმართულებით, მაგრამ ეს ბრძოლა იმდენად პოზიციურად იქცა, რომ აქტიური არაფერი აღარაა", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბრძოლა პოზიციურიდან დისტანცურ პრინციპებზე გადადის.

„ფრონტის ხაზებზე სიტუაცია უცვლელია, არცერთ მხარეს ჯერჯერობით რაიმე სერიოზული გარღვევა არ აქვს. უკრაინას ტაქტიკური ინიციატივა ზაპოროჟიესა და დონბასის მიმართულებით აქვს, რუსებს - უფრო ხარკოვისკენ. ზომიერად ბალანსირებული მდგომარეობაა, მოქმედებები შენელდა, ორივე მხარეს ცოცხალი ძალისა და შეიარაღების პრობლემები აქვს. სიტუაცია პოზიციურიდან დისტანციური ომის პრონციპზე გადადის, რაკეტებით და დრონებით შეეცდებიან, რომ ერთმანეთს ზიანი მიაყენონ", - განაცხადა მაისაიამ.

კორუფციული სკანდალები

უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თავდაცვის მინისტრის შეცვლის ოფიციალურ ვერსიად კორუფცია არ დაუსახელებია, თუმცა ამას წინ უძღოდა სხვადასხვა სკანდალები ჯარისთვის საკვების, სამხედრო ფორმებისა და აღჭურვილობის შესაძლო კორუფციულ შესყიდვებთან დაკავშირებით. ამასთან, საერთაშორისო მედიაში ეს მოსაზრება აქტიურად ვრცელდება, რომ რეზნიკოვის გადაყენება კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.

3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. რეზნიკოვის შემცვლელი კი სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი იქნება.

როგორც რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა „ტელეგრამზე" დაწერა, 5 სექტემბერს რეზნიკოვმა უკრაინის რადაში განაცხადა, რომ რომ უკრაინის სამხედრო დახმარებამ 100 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„ექვს თვეში ჩვენ მოვახერხეთ და გვაქვს 200 000 ჯავშანჟილეტის მარაგი, 150 000 ჩაფხუტი, 1,5 მილიონი ზამთრის სამხედრო ფორმა, 2 მილიონი საზაფხულო ფორმა. შეიარაღებაში მიღებულია 200-ზე მეტი ტიპის სხვადასხვა დასავლური შეიარაღება", - ციტირებს ჟელეზნიაკი რეზნიკოვის სიტყვებს.

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპლუატაციაშიო შევიდა 30-ზე მეტი სახეობის უკრაინული დრონი და დასძინა, რომ ნატოს ქვეყნებმა სამხედრო თვალსაზრისით ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს იმ დონეს, რა დონეზეც ახლა უკრაინაა. ამასთან, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ შესყიდვების რეფორმა უკვე ფინიშთანაა, ანგარიში კი ოქტომბერში რესურსების უზრუნველყოფის საგენტომ უნდა წარმოადგინოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შემდეგ, ლიეტუვის პრეზიუდენტმა გიტანას ნაუსედამ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ უკრაინაში კორუფციული სკანდალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასავლეთის ქვეყნებსა და პარტნიორებზე, კიევისთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.

„ეს მნიშვნელოვანი მიზეზია. ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყნები, რომლებიც დახმარებას უწევენ უკრაინას, დემოკრატიული ქვეყნები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ მათი საზოგადოების, ამომრჩევლის აზრი. წარმოიდგინეთ, ამომრჩევლები ხედავენ, რომ ძალიან თვალსაჩინო კორუფციული სკანდალები ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ეხმარებიან. ეს არის დიდი დარტყმა ამ სახელმწიფოს რეპუტაციისთვის", - ამბობს ნაუსედა.

ამასთან, სექტემბრის დასაწყისში უკრაინის პროკურატურა აცხადებდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის მილიონობით უხარისხო პროდუქტი შეიძინა, მანამდე, ჯერ კიდევ მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ქურთუკების სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. 10 აგვისტოს უკრაინული გამოცემა „ზერკალო ნედელი" წერდა, რომ 2022 წელს თურქულმა კომპანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზაფხულო ქურთუკები მიჰყიდა, როგორც ზამთრის ქურთუკები, რომელთა ფასი უფრო ძვირია.

კორუფციის გავლენა ომის მიმდინარეობაზე

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კორუფცია უკრაინისთვის პრობლემური საკითხია, მათ შორის სამხედრო სფეროშიც, თუმცა ოფიციალური კიევი მასთან ბრძოლაში მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს და დიდი ალბათობით, დასავლეთიც ითხოვს, რომ ანტიკორუფციული ნაბიჯები გადაიდგას.

„კორუფცია ნებისმიერი ქვეყნის დამაქცეველია. რუსეთი იმიტომაც ვერ იგებს ომს, რომ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი კორუფცია მათ აქვთ, შემდეგ ბელარუსი მოსდევს და მასშტაბებით ერთ-ერთი მოწინავე უკრაინა იყო. ომის დროს სახელმწიფოს შეუძლია კორუფციის შესაჩერებლად და გასანადგურებლად პრაქტიკულად ყველა მეთოდი გამოიყენოს.

„მიწოდებული იარაღი იმდენად შეიძლება არა საუბარი, რამდენადაც იმაზე, რომ ფული იხარჯებოდა ძალიან უცნაურად. თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის, დიდი ალბათობით, პროდუქციას საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ძვირად ყიდულობდა. ეს შეიძლება ყოფილიყო მაკარონი, წიწიბურა, კვერცხი და შესაბამისად ორ-სამჯერ მეტი ფული იხარჯებოდა და სად ილექებოდა, არავინ იცის.

„უკრაინას კორუფციასთან მასშტაბური ბრძოლა აქვს გამოცხადებული და დიდი ალბათობით, დასავლეთიც თავისას სთხოვს, რომ ანტიკორუფციული ნაბიჯები გადადგას, თუ უნდა, რომ დამატებითი იარაღი იყოს მიწოდებული.

„მაღალი ალბათობით, უკრაინამ დასავლეთიდანაც მიიღო რჩევა, რომ რეზნიკოვი მალევე არ გადაეყენებინა, რადგან კონტრშეტევისა და რთული ვითარების დროს თავდაცვის მინისტრის ცვლილება მაინცდამაინც რეკომენდებული არაა და ახლა, როცა სიტუაცია სტაბილური გახდა და უკრაინელებმა რუსული წინააღმდეგობის გადალახვა შეძლეს, ალბათ უფრო თამამად მოქმედებენ. დიდი ალბათობით, დასავლეთი თავის წნეხს ახორციელებს უკრაინაზე.

„კორუფცია ომის მსვლელობაზე რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება, მაგრამ, თუკი სიტუაცია გაუმჯობესდა, პირიქით, ეს პოზიტიურში გადაიზრდება. კორუფციის დროს შესაძლოა შეიარაღებაც დეფიციტური გახდეს, რადგან ფურცელზე ერთი ციფრი ეწეროს და ფრონტის ხაზზე უფრო ნაკლები შეიარაღება იყოს.

„შესაძლებელია იყოს ასეთი კორუფციაც - მაგალითად, რუსეთში პილოტი წლიურად 200 საათი უნდა დაფრინავდეს, მაგრამ სინამდვილეში 100 საათს დაფრინავს. საბოლოო ჯამში 100 საათის საავიაცო საწვავი არსად არ დახარჯულა და მასში ფული უკვე გადახდილია. მსგავსი პრობლემები უკრაინულ არმიასაც ჰქონდა. ეს რუსულ არმიაში ვერ მოგვარდება, მაგრამ რადგან უკრაინაში სხვანაირი მზაობაა, შესაძლოა უფრო უკეთესადაც იყოს საქმე", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, კორუფციულ სქემებში ჩართულობის გამო, უკრაინელი სამხედრო კომისრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. მისი თქმით, კორუფცია იყო შეიარაღების შესყიდვის დროსაც.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში სპეციალური ანტიკორუფციული სახელმწიფო სტრუქტურებია და სპეციალური მკაცრი კანონებიცაა მიღებული, კორუფცია მაინც მთავარი დიდი პრობლემაა და ვერ აღმოიფხვრა. ის ყველა სფეროშია მოდებული, მათ შორის თავდაცვის სტრუქტურა გამონაკლისი არაა და სერიოზული კორუფციული გარიგებები იყო. ტრანზაქციებს სამხედრო კომისრები ახორციელებდნენ, რომლიდანაც დაახლოებით 20 დაითხოვეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ერთ-ერთ კომისარს ესპანეთში ხუთი ბინა ჰქონდა ნაყიდი, არაოფიციალური მილიონერი იყო და აქედან ნათელია რა დონის კორუფციაზეა საუბარი.

„კორუფცია იყო შეიარაღების შესყიდვის დროსაც. რეზნიკოვის მინისტრობისას, მაგალითად, ტყვია-წამლის დიდ რაოდენობას უთითებდნენ და ნაკლებს იღებდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ცუდი შეიარაღების შესყიდვა ხდებოდა. ნაკლები და ცუდი შეიარაღება, რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზებზე სერიოზულ პრობლემას ქმნის. ამასთან, ჯარს თუ შესაბამისი ტანსაცმელი და კვება არ აქვს, ბრძოლის ხარისხზე აისახება. ამ ყველაფერს მასშტაბური ხასიათი არ აქვს, თუმცა კორუფცია 30%-ით მაინც ჭამს უკრაინის სამხედრო სტრუქტურებს.

„თავდაცვის სამინისტროს ახალი სისხლი სჭირდებოდა, ახალი მინისტრი ეკონომისტია და ეს შემთხვევით არ მომხდარა. როგორც ჩანს, ომაროვმა ძველ თანამდებობაზე თავი კარგად გამოიჩინა. რეზნიკოვის ყოფნა უფრო პოლიტიკური იყო და რეალურ ოპერაციებს ზალუჟნი და ოპერატიული სარდლობა უძღვებოდა. სამხედროები კი თავდადებას და პროფესიონალიზმს დღესაც არ აკლებენ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე