ელზა პაპოშვილი
(04.09.2023)

უკრაინის კონტრშეტევების არეალი ფართოვდება - ინტენსივობა კი იზრდება. კიევი ამტკიცებს, რომ რუსების თვდაცვის პირველი ხაზი სამხრეთის მიმართულებით გაარღვიეს. მათი ინფორმაციით, ე.წ. სუროვიკინის თავდაცვით ხაზის პირველი შრე გადალახულია და ამბობენ, რომ მეორე და მესამე თავდაცვითი ხაზების გადაალახვა უფორ მარტივი იქნება, რადგან მის ასაგებად პირველზე ნაკლები რესურსია დახარჯული. 

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ გაარღვია რუსების თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთში. მისივე თქმით, რუსეთმა თავისი დროისა და რესურსების 60% დახარჯა თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე და მხოლოდ 20% მეორე და მესამე ხაზის აგებაზე. ტარნავსკი ამბობს, რომ კრემლი არ ელოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პირველ ხაზს გაარღვევდნენ.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით თავდაცვის პირველ და მეორე ხაზებს შორის, ვასრულებთ მტრის ქვედანაყოფების განადგურებას, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსული ჯარების გაყვანას თავდაცვის მეორე ხაზის უკან“, - განუცხადა გენერალმა Observer-ს ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსული ჯარები "უბრალოდ იდგნენ და ელოდნენ უკრაინის ჯარს, ესროდნენ ტექნიკას ჭურვებითა და დრონებით, მაგრამ ახლა ეს ბარიერი გადალახულია და ოკუპანტები იძულებულნი არიან მიმართონ მანევრებს."

ტარნავსკის განცხადებით სამწუხაროდ, დაჭრილების ევაკუაცია გართულდა, რამაც ასევე გაართულა უკრაინის ჯარების წინსვლა. მან განმარტა, რომ თავდაცვის პირველ და მეორე ხაზებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - მეორე ხაზი არც ისე კარგად არის გამართული, ამიტომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ ტექნიკა.   

ამის პარალლეურად კი რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს აგრძელებენ.  ღამით ოდესის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიპერის თქმით, რუსები ოდესის სამხრეთს დრონებით 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უტევდნენ. თავდასხმის შედეგად, იზმაილის რაიონის რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა საწყობი და საწარმოო შენობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამრეწველო საწარმოების აღჭურვილობა.

ასევე, დრონების ფრაგმენტების ჩამოგდების შედეგად, სამოქალაქო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, რომლებიც, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.     

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლების გარეშე არ იქნება რეალური და ხანგრძლივი მშვიდობა არც უკრაინაში და არც ევროპაში. მისივე განცხადებით, ყირიმის დეოკუპაციის საკითხი შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური, ან სამხედრო გზით, მაგრამ ამ უკანასკნელს უფრო მაღალი ფასი ექნება.

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ რუსულმა ჯარებმა დატოვონ ნახევარკუნძული ჩვენი არმიის ზეწოლის გარეშე, რადგან ასეთ შემთხვევაში ნაკლები მსხვერპლი იქნება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს. მე ახლა მხოლოდ ჩემს ხალხზე ვზრუნავ და პუტინმა იზრუნოს რუსებზე“, - განაცხადა მან იტალიაში გამართულ ამბროსეტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმისთვის ონლაინ სიტყვით მიმართვის დროს. 

ამაასთანავე უკრაინა და საფრანგეთი უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ დოკუმენტზე იმუშავებენ- ინფორმაცია ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც დღეს შედგა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება მიმოიხილეს და განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების სპეციფიკა და „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებაც. 

"მნიშვნელოვანი შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე: ჩვენი გუნდები - უკრაინა და საფრანგეთი - იმუშავებენ ორმხრივ დოკუმენტზე გარანტიების შესახებ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უსაფრთხოების გარანტიები გათვალისწინებულია უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელზეც G7-ის ქვეყნების (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) ლიდერები 12 ივლისს შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინამ დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.    

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე მიმიდნარე მოვლენებს, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და „ჯიპას“  პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ზაპორიჟიას ოლქში, უკრაინელები კვლავ გააქტიურდნენ ჟერებიანკის მიმართულებით, ვასილივკას სექტორში. ეს მონაკვეთი კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მდინარე დნეპრის მომიჯნავე ნაწილია. კონტრშეტევის შემდეგ ამ მიმართულებით უკრაინელებმა ლობკოვესა და პიატიხატკის გათავისუფლება მოახერხეს და შემდგომ ჟერებიანკასთან დასტაბილურდა ფრონტის ხაზი. 

„ახლა ფრონტის ხაზზე რამდენიმე აქტიური ზონაა და შეტაკებები გრძელდება დონეცკის ოლქის სამხრეთით, მარიუპოლისაკენ მიმავალ გზაზე, სადღაც 85 კილომეტრში, ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, ზავიტნე ბაჟანიას მისადგომებთან. უროჟაინედან აქტიურად იბომბება რუსული პოზიციები. მიუხედავად იმისა, რომ ზავიტნე ბაჟანიას გარკვეული ბუნებრივი ბარიერი აკრავს ჩრდილოეთიდან - მდინარე მორკი იარის სახით - მაინც, დასახლებისაკენ ორი მხრიდან ახორციელებენ უკრაინელები დაწოლას.  

„რაც შეეხება ზაპორიჟიას ოლქს, იქ რობოტინე-ვერბოვე-ნოვოპროკოპივკას მონაკვეთზე კვლავ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიდის. რუსები ცდილობენ ყველა რეზერვი და ელიტური ნაწილები გადაისროლონ უკრაინელთა მხრიდან თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევის შესაჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული გარღვევას ძირითადად ვერბოვესთან ვადევნებთ თვალს, მის აღმოსავლეთით, ნოვოპროკოპივკას სიმაღლეებისათვის ძალიან ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს“,-ამბობს პროფესორი. 

მისივე თქმით, ხარკივი-ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, კუპიანსკისა და სვატოვეს სექტორში რუსებს აქტიურობა ძვირად უჯდებათ. ამაზე დასავლურმა სამხედრო ანალიტიკამაც დაიწყო წერა.  

კობერიძე ამბობს, რომ გარდა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის დანაკარგებისა, რუსები იძულებულები შეიქნენ სწორედ ამ მიმართულებით გადაენაწილებინათ საუკეთესო ნაწილები, რადგან ფიქრობდნენ, რომ უკრაინელები იძულებულნი გახდებოდნენ საკუთარი გაწვრთნილი დანაყოფები ამ მიმართულებით გადმოესროლათ და თავდაცვაში დაეტოვებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა. 

„უკრაინელებმა ისე შეძლეს დაესტაბილურებინათ ფრონტის ხაზი, რომ მიუხედავად ყურადღებისა და ცოცხალი ძალის ამ მიმართულებით გადანაწილებისა, სამხრეთში შემტევი ბრიგადების უმრავლესობა დატოვეს. ეს კი რუსეთისათვის სერიოზული პრობლემა გახდა, რადგან მათი შეტევა ჩრდილოეთით, მეტწილად, უშედეგო გადმოდგა, ხოლო თავიანთი ელიტური ცოცხალი ძალის ნაწილი ზაპორიჟიას ნაცვლად ხარკივი-ლუგანსკის ოლქში აღმოჩნდა. 

„სამხრეთში, ხერსონის ოლქიდან შავ ზღვაში შეჭრილი კინბურნის ნახევარკუნძული მდებარეობს, რომელიც ოფიციალურად მიკოლიავის ოლქს ეკუთნის. სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი წერტილია ის. რუსებს ეს მიმართულება კარგად აქვთ ფორტიფიცირებული, თუმცა უკრაინელები სპეცოპერაციას ახორციელებენ ხოლმე იქ და ერთის მხრივ ამოწმებენ რუსულ თავდაცვას, ხოლო მეორეს მხრივ ანადგურებენ სამიზნეს. ერთ-ერთი ასეთი ოპერაცია ჩაატარეს უკრაინელებმა. თუ რა იყო მისი მიზანი უცნობია. თუმცა, რუსები წერენ რომ სამხედრო კატერებით უკრაინელთა მხრიდან პერიოდულ დესანტირებას ეფექტურად ებრძვიან“,-ამბობს კობერიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე