ნაზი ბერიძე
(04.09.2023)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მისნისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი შეცვლის - სამხედრო ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ბოლო დროს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.

თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის უმაღლეს რადას მიმართავს, თანმადებობიდან გადადგომის შესახებ მისი განცხადება მიიღოს: „უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადწყვეტილების შესაბამისად, გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადას გადავეცი",-აცხადებს რეზნიკოვი

განცხადებაში რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის 50%-ზე მეტი უკვე გათავისუფლებულია და უკრაინელი დამცველები ყოველდღე წინ მიიწევენ.

„გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემეცვალა. ალექსეი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა და მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს", - განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" რეზნიკოვის ცვლილებას პოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირებს: „ოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ ახალი ხედვა უნდა შეემუშავებინათ. რეალურად კი ბევრი სკანდალი იყო შესყიდვებთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროში და მოითხოვა სიტუაციამ რომ შეეცვალათ.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რეზნიკოვი პოლიტიკოსია და პოლიტიკური მიზანია მისი შეცვლა და არა სამხედრო მიზანი.

„შესყიდვებთან და კორუფციასთან დაკავშირებით იყო სკანდალი ამ ბოლო დროს ურაინაში და არცერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობას არ აწყობს ასეთი სკანდალური პიროვნება. ეს იყო ქურთუკებთან დაკავშირებული ფაქტი, ასევე, კომისარიატებთან დაკავშირებული სკანდალები. მინისტრის მოვალეობა სწორედ ეგ არის, რომ შესყიდვებს, ჯარის მომარაგებას, გაწვევას და ამგვარ პროცესებს კოორდინაცია გაუწიოს და სამოქალაქო კონტროლი უნდა განახორციელოს. თუმცა, რეზნიკოვმა ბევრი გააკეთა უკრაინისთვის, ალბათ მადლობა ეკუთვნის, მაგრამ, ამ ეტაპზე ისეთი შეცდომები იყო, რომელიც მიუღებელი გახდა უკრაინის მთავრობისთვის" - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია: „ეს დაკავშირებული იყო სკანდალებთან, აგრეთვე კონტრშეტევის შეფერხება, დაშვებული ლოჯისტიკური ხარვეზები, მომარაგება, შეიარაღება და ა.შ. ბუნებრივია, სამინისტროს სჭირდებოდა ახალი სისხლი. უმეროვი პოლიტიკოსია, „ხალხის მსახურის" ფრაქციის წარმომადგენელია, ცოტა არასაჯარო პოლიტიკოსი იყო" -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე