თამთა ჩაჩანიძე
(03.09.2023)

ფრონტზე საომარი მოქმედებები არ შენელებულა - სამხრეთით უპირატესობა უკრაინას აქვს, მეტიც, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ზაპოროჟიესთან რუსული ე.წ სუროვიკინის თავდაცვის პირველი ხაზი სრულიად გადალახეს და მეორეს მიადგნენ. რუსები, თავის მხრივ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ხარკოვისკენ შეტევაზე არიან გადასული. ამით კი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ფრონტზე გარკვეული ბალანსია.

უკრაინელი გენერლის, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, მათ ზაპოროჟიესთან მოწინააღმდეგის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც, მისივე ინფორმაციით, პირველ ხაზთან შედარებით გაცილებით სუსტია. მაგრამ სამხედრო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თვადაცვის მეორე და მესამე შრე არც ისეთი ადვილი გადასალახია, როგორც ამას უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები წარმოაჩნენენ. დაცვის ხაზის სრულიად გარღვევისთვის კი გარკვეული დრო მაინც დასჭირდება უკრაინის არმიას და შესაძლოა ეს ამინდების გაუარესებამდე ვერც მოესწროს.

თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ სამხრეთში უკრაინა წინ გაიჭრა, ეს ომში მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება, რადგან ამის მერე უკრაინელები ძალიან მალე მელიტოპოლსა და მარიუპოლზე გავლენ, ოპერატიულ სივრცეზე გასვლით ყირიმს მიადგებიან და ნახევარკუნძულის ბლოკირებას შეძლებენ. ასევე იქმნება ხერსონის ოლქის მთლიანად გათავისუფლების შანსი.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამხრეთში რუსების თავდაცვით პოზიციები სამი ხაზისგან შედგება, თითოეული მათგანი კი თავის მხრივ კიდევ სამშრიანია - სასანგრე პოზიციები, ე.წ. დრაკონის კბილები (ბეტონის სამკუთხედი წინაღობები) და თხრილები. ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა პირველი ხაზის სამი კომპონენტის მინიმუმ ორი მაინც გაიარეს, 3 სექტემბერს კი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან ცნობილი ხდებამ, რომ მათ მესამე შრის გადალახვაც შეძლეს და ახლა მეორე ხაზთან არიან. ეს დაახლოებით დასახლებულ პუნქტ რაბოტინოს მიმდებარედაა.

ამის პარალელურად ორივე მხარე აგრძელებს საჰაერო დარტყმებს. რუსულმა ძალებმა 3 სექტემბრის ღამეს ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილს „შაჰედ-136/131" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, თავდასხმა განხორციელდა პორტის ინფრასტრუქტურაზე, დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25 დრონიდან 22 გაანადგურეს.

2 სექტემბერს კი რუსეთის ჯარებმა დღის განმავლობაში უკრაინის პოზიციებსა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით განახორციელეს ორი სარაკეტო და 34 საჰაერო დარტყმა, ასევე 42-ჯერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან.

უკრაინის გენშტაბმა 2 სექტემბრის განმავლობაში ფრონტზე 15-ზე მეტი სამხედრო შეტაკება დააფიქსირა. ამასთან, ლიმანის მიმართულებით, ლუგანსკის რაიონის ნოვოეგოროვკასთან ახლოს, რუსეთის ჯარებმა წარუმატებლად სცადეს წინსვლა.

გენერალური შტაბის თანახმად, 2 სექტემბრის განმავლობაში უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგეზე 11-ჯერ მიიტანა იერში და 22 სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა განახორციელა რუსეთის ჯარის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე.

ცხელი წერტილები ფრონტზე

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამხრეთის გარდა უკრაინაში ცხელი წერტილი ბახმუტია და ასევე შეინიშნება მოქმედებები ხერსონის ოლქში და არაა გამორიცხული, რომ დნეპრის ფორსირების თვალსაზრისით უკრაინელებმა იმის პირობაც შექმნან, რომ გარკვეული ძალები აქეთკენ გადაისროლონ, თუმცა არა ახლა.

„კარგა ხანია სამხრეთის მიმართულება უკრაინის პრიორიტეტად გაისაზღვრა და მთელი ძალისხმევა აქეთკენ მიდის, რომ ეს მიმართულება ათვისებული იქნას. ბრძოლა ასევე ბახმუტის გარშემოა. ნელ-ნელა მნიშვნელობას იძენს მდინარე დნეპრის ფორსირება და გარკვეული რეიდის განხოციელება სამხრეთში.

„უკრაინამ „ნეპტუნის" ტიპის რაკეტების სახმელეთო ვერსია გადააკეთა. წარმადობა რამდენი აქვს, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სრულიად საფუძვლიანად უნდა ვიფიქროთ, რომ უკრაინა შემდეგ დიდ დარტყმას ოკუპირებული ყირიმის სიღრმეში და რუსეთის იმ დიდ ქალაქებზე განახორციელებს, რომელთა დაშორებაც ფრონტის ხაზიდან 700 კილომეტრამდეა.

„ბახმუტს რაც შეეხება, ამ ქალაქს ახლა ის მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორც ჰქონდა. მის გარშემო მაღალი ინტენსივების ბრძოლებია, მაგრამ არ ველოდები, რომ აქ რაიმე დიდი განვითარება იქნება. დნეპრის ფორსირება კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ უკრაინელებმა ძალების გადაყვანა შეძლონ. თუმცა ალბათ ამის პირობეც შეიქმნება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ცხელი წერტილები ზაპოროჟიეში, ბახმუტსა და ლუგანსკისკენაა. ამბობს, რომ სამხრეთით უპირატესობა უკრაინას აქვს, ხოლო ხარკოვისკენ რუსები არიან შეტევაზე და ამით ფრონტზე გარკვეული ბალანსია.

„ბახმუტისა და ლუგანსკის მონაკვეთებზე აბსოლუტურად თანაბარი პოზიციებია და სიახლე არაა. თუ სამხრეთით უპირატესობა უკრაინას აქვს, ხარკოვის მიმართულებით რუსებს ტაქტიკური ინიციატივა აქვთ, ისინი კუპიანსკს უახლოვდებიან და შეუძლიათ, რომ ოპერატიულ სივრცეზე გავიდნენ. თუ რუსებმა ხარკოვის ხაზი გაარღვიეს და კუპიანსკი-ლიმანი-იზიუმის მიმართულებაზე გავიდნენ, მაშინ სამხრეთით სლავიანსკს და კრამატორსკს დაარტყამენ და ჩრდილოეთით პირდაპირ ხარკოვს ებჯინებიან.

„ამჟამად ფრონტზე გარკვეული ბალანსია. ორი ძირითადი მიმართულებაა - სამხრეთის ზაპოროჟიე და ჩრდილოეთით ხარკოვი. უკრაინელებმა აქცენტი სამხრეთით გააკეთეს და დანარჩენ მიმართულებებზე თავდაცვაში არიან. უკვე დასწრებაზეა საქმე - რომელი მოასწრებს, რომ სტრატეგიულ სიღრმეზე გავიდეს. თუმცა, ამინდების გაუარესებამდე გარდატეხას არ ველოდები, ვადა დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებამდე აქვთ. აქვე აღსანიშნავია, რომ მშრალი ამინდები ძალიან გვიან დაიწყო და გარკვეულწილად ამანაც შეუშალა ხელი უკრაინის არმიას", - განაცხადა ბვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

როგორ შეიცვალა ფრონტის ხაზი სამხრეთში

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, სამხრეთში უკრაინის არმიამ რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია და ახლა უკრაინის არმია პირველ და მეორე ხაზებს შორის იმყოფება, მისივე ცნობით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.

„თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20-20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით", - განაცხადა ტარნავსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს უჭირს იმაზე საუბარი, რუსების დაცვის მეორე და მესამე ხაზი იქნება თუ არა პირველთან შედარებით ადვილად გადასალახი, თუმცა ამბობს, რომ სამხრეთში უკრაინა აშკარად წინ მიიწევს.

„ზუსტად ვერ იტყვი რუსული თვდაცვის პირველი ხაზი მეორე და მესამესთან შედარებით რამდენად ძლიერი იყო. ზოგადად ტერმინს „ხაზის გარღვევა" არ ვიყენებ. დასავლურ მედიაში გიჟური კამპანია შეიქმნა, რომ უკრაინა შეტევას ჩამორჩება და სათანადო ტემით ვერ ახორციელებს და ა.შ. თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ეს მხოლოდ მედიაკამპანიაა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს საშუალება აქვს დასავლურ მედიაზე გავლენა იქონიოს.

„შეტევა მიდის ისე. როგორც უნდა მიდიოდეს. აშკარაა, რომ ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელები წინ მიდიან, არ ჩერდებიან. ძნელი სათქმელია ახლა რა წერტილში არიან. თუ რუსების თვადაცვის ხაზი სრულიად გაარღვიეს, მერე უკვე მარიუპოლის გათვისუფლება, აზოვის ზღვაზე გასვლა და რუსეთის ყირიმთან დამაკავშირებელი სახმლეთო გზის გაწყვეტა დადგება დღის წესრიგში. თუმცა, ჩემი აზრით, აქამდე კიდევ დრო უნდა, ძალიან ძნელი სათქმელია ზუსტად რამდენი ხანი მოუნდება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსების დაცვის ხაზის მეორე და მესამე ეშელონი არანაკლებ რთული გადასალახი იქნება და სავარაუდოდ ეს ამინდის გაუარესებამდე ვერ მოესწრება.

„სხვადასხვა ინფორმაციაა. რუსებს, რომ ჰკითხო, პირიქით, ზაპორპოჟიეში კონტრშეტევაზე ისინი გადავიდნენ. საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ომში რთულია სიმართლე გაიგო. თუ უკრაინელების ინფორმაცია სიმართლეა, ძალიან კარგია, რომ პირველი ხაზი გადალახეს, მაგრამ მეორე-მესამეს გადალახვა ასეთი მარტივი არაა, რადგან ისინი უფრო გამაგრებულია, ველები დანაღმულია და სპეციალური კბილანებია ჩალაგებული, რომელიც სამხედრო მოქმედებების განვითარებისათვის დიდი პრობლემაა.

„სჯობდა უკრაინას ეს ყველაფერი მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში გაეკეთებინა. ახლა, როცა უკვე კლიმატური პირობები გართულდება, ეს ოპერაციების განხორციელებას შეაფერხებს. ეს კარგი შედეგია, მაგრამ დარჩენილი ორი ბარიერის გადალახვა საკმაოდ რთული იქნება. უკრაინელები, სავარაუდოდ, რაბოტინოსთან და პიატიხატკასთან არიან, ანუ ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების საზღვარზე.

„ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზის გარღვევა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამის მერე უკრაინელები ძალიან მალე მელიტოპოლზე და მარიუპოლზე გავლენ. ოპერატიულ სივრცეზე გასვლით ყირიმს მიადგებიან და ნახევარკუნძულის ბლოკირებას შეძლებენ, ასევე იქმნება საშუალება, რომ ხერსონი მთლიანად გათავისუფლდეს. უკრაინის სამხრეთის ინიციატივა შესაძლოა ოპერატიულ-სტრატეგიულ ინიციატივაში გადაიზარდოს. ეს თუ შეძლეს ომში მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება.

„თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ახლა ამინდების გაუარესებამდე ვერ მოხერხდება, ამასთან უკრაიელებს შეიარაღების თვალსაზრისითაც უკვე პრობლემები აქვთ და სავარაუდოა, რომ ეს პერსპექტივა იქით გაზაფხულისკენ გადაიწევს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე