ნაზი ბერიძე
(01.09.2023)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია. რა ტიპის იარაღზე საუბრობს ზელენსკი - სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს „გრომ 2" ან „ნეპტუნის" სარაკეტო სისტემა რომელთა მოდერნიზებაზე უკრაინა დიდი ხანია მუშაობს. უკრაინელებს უჩნდებათ შესაძლებლობა მოსკოვსაც კი დაარტყან.

„სამთავრობო და სამხედრო თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე ფრონტზე და ჩვენს შეტევით ოპერაციებზე გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის დიაპაზონი ახლა 700 კილომეტრია. ჩვენი ამოცანაა ამ რიცხვის გაზრდა", -აღნიშნა ზელენსკიმ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ახალი ტიპის იარაღი ეგრედ წოდებული „ნეპტუნის" მოდიფიკაციაა, რომლითაც მოსკოვის დაბომბვაც კი იქნება შესაძლებელი.

„უკრაინელებს ჰქონდათ საკმაოდ წარმატებული გემთსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი" - სწორედ „ნეპტუნის" გასროლით ჩაძირეს მათ კრეისერი „მოსკვა". ახლა საუბარია, რომ უკრაინელებს ამ „ნეპტუნის" ახალი მოდიფიკაცია აქვთ. რა ინფორმაციასაც ვფლობ, ეს არის „ნეპტუნი" სახმელეთო მიზნების დასაზიანებლად, გადაკეთებულია და მანძილი გაზრდილია 400 კმ-დან 700 კმ-მდე.

„კარგად რომ გესმოდეთ, 700 კმ. ნიშნავს იმას, რომ თავისუფლად დაბომბავენ მოსკოვს „ნეპტუნების" სახმელეთო ვარიაციებით, დიდი ალბათობით, უნდა ვივარაუდოთ რომ მას რუსული საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლაც შეუძლია" - ანაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

სამხედრო ექსპეტრტი ვახტანგ მაისაია, „რეზონასთან" აცხადებს, რომ ეს არის „გრომ 2"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, რომლის მოდერნიზაციაზეც დიდი ხანია მუშაობს უკრაინა და მას შეუძლია სერიოზული დარტყმა მიაყენოს ოკუპანტებს.

„გრომ 2"-ის ტიპის ბალისტიკურ რაკეტაზეა საუბარი რომლის მოდერნიზაციაზე უკრაინულები მუშაობდნენ სამრეწველო კორპორაცია იუჟმაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მასზე გამოიყო 5 მილიარდი გრივნა და სწორედ ამ „გრომ 2"-ს შეუძლია 700 კილომეტრამდე მიაღწიოს. ეს არის ბალისტიკური, ოპერატიულ-ტაქტიკური ტიპის რაკეტა, რომელსაც შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ოკუპანტებს" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე