ელზა პაპოშვილი
(31.08.2023)

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 31 სარაკეტო და 66 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ჯარების პოზიციები და დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 53-ჯერ დაბომბა.

„რუსული ტერაქტების შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ლიმანის მიმართულებით წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ნოვოეგოროვკასა და ბელოგოროვკას რაიონებში, ასევე ბახმუტის მიმართულებით, კლეშჩეევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში.

„ავდიივკას მიმართულებით მტერმა არტილერიიდან და ნაღმტყორცნებიდან შეტევა განახორციელა დონეცკის ოლქის კერამიკის, ორლოვკას, ავდიივკას, პერვომაისკოეს, ნეველსკოეს დასახლებების წინააღმდეგ.მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას დონეცკის ოლქის მარინკას მიდამოში. მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, პობედას, ანტონოვკას, ნოვომიხაილოვკას, ვოდიანეს დასახლებების საარტილერიო დაბომბვა განახორციელა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალის თავმოყრის რაიონებს და 4 - მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის თავმოყრის ერთ რაიონს, მართვის პუნქტსა და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგურს დაარტყეს", - აცხადებენ გენშტაბში.    

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან საბრძოლო მისიის შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია იგორ სიკორსკის სახელობის მე-18 ცალკეული არმიის საავიაციო ბრიგადის პრესსპიკერზე, ევგენი რაკიტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"29 აგვისტოს, ბახმუტის სექტორში იგორ სიკორსკის სახელობის მე-18 ცალკეული არმიის საავიაციო ბრიგადის ექვსი მფრინავი. ეს მოხდა საბრძოლო დავალების შესრულებისას", - განაცხადა რაკიტამ.

მისივე თქმით, ექვსივე პილოტს ოფიცრის წოდება ჰქონდა და რომ ინციდენტის დეტალები უსაფრთხოების მიზეზების გამო არ საჯაროვდება.  

160 F-16 თვითმფრინავი გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ. სულ დაახლოებით 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რათა ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან,” ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა.

ზელენსკის თქმით, F-16 თვითმფრინავები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ სამოქალაქო მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად.

მისი მოლოდინით, F-16 თვითმფრინავები უკრაინის ცაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება, რაც პილოტებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება.  

კონტრშეტევასთან დაკავშირებით უკრაინელებს უნდა ვენდოთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან ინტერვიუში განაცხადა.

„მათ შეუძლიათ რუსების შეტევების უკუგდება, მათ შეუძლიათ ზოგიერთი ძალიან დაცული ტერიტორიის გავლა, კერძოდ, დანაღმული მინდვრების. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა. მაგრამ, მათ აქვთ მიღწევები, ძალას იკრებენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას აძლევენ უკრაინას, მაგრამ საკვანძო გადაწყვეტილებები თავად უკრაინელებზეა.

„ბოლოს და ბოლოს, უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე მათ მეთაურობაზე არის დამოკიდებული რთული და მძიმე გადაწყვეტილებები. რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ უკრაინელები კვლავ და კვლავ აჭარბებენ ჩვენს მოლოდინებს. უნდა ვენდოთ მათ. რჩევებს ვაძლევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად უკრაინელები იღებენ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა  ბერიძე  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ტყუილია მოლოდინი და დასავლეთის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები იმაზე, რომ უკარინის შეტევა სწრაფი უნდა ყოფილიყო. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ვინც კი ამ ომს კარგად იცნობს და სამხედრო ანალიზი შეუძლია, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის გრძელვადიანი ომი.   

„ვინც სამხედროა და ომის სპეციფიკაში ერკვევა, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ომი ასე ერთი შეტევით და ურას წამოძახებით არ დასრულდება. არცერთი ომი, რომელიც აქამდე ყოფილა და არც მეორე მსოფლიო ომი, ერთი დიდი კონტრშეტევის  შემდეგ არ დასრულებულა. ყველა ომი იყო გამოფიტვაზე. 

„ყოველთვის დიდი სახელმწიფო აჩვენებს სწრაფი შეტევის შედეგად რაღაც შედეგს, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა და შემდეგ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევთ. ზუსტად იგივე ხდება უკარინის ომშიც. მითუმეტეს უკრაინამ ისწავლა ბრძოლა, მას აქვს იარაღი და დიდი დახმარება. დიდი ქვეყანაა და დროში ომის გაჭიანურება და დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება რუსეთს მით უფრო  გაუჭირდება.  „მიუხედავად ამისა, რუსეთს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. მას უკრაინელებისგან გაცილებით ბევრი სარაკეტო სისტემები აქვს. არტილერია აქვს, რომლითაც დარტყმების განხორციელება შეუძლია და გაცილებით მეტი ჯარისკაცები ჰყავს. ამიტომ რუსეთს ნუ გავამსუბუქებთ, რომ მისი დამარცხება მარტივი იქნება. 

„ყველაზე ეფექტური დამარცხება იქნება იმაზე დამოკიდებული, უკრაინა სადამდე შეძლებს მათ დაღლას. უკრაინელების მხრიდან სწრაფი შეტევა  ძალინ დიდ რისკთან არის დაკავშირებული და დიდი მსხვერპლი იქნება. დასავლეთშიც აზრები ორად არის გაყოფილი. კი აბტონო, მესმის, რომ გრძელვადიანი ომი უფორ მეტ ფინანსებს მოითხოვს, მაგრამ ყველას კარგად უნდა  ესმოდეს, რომ რუსეთი ახლა თუ არ გატყდა, სხვა შანსი აღარ იქნება. ბოლომდე უნად გაყვნენ პუტინს, რომ მისი გატეხვა მოხდეს, რადგან ის გრძელვადიან ომს ვერ გაუძლებს“, - ამბობს ბერიძე „რეზონანსთან“.       

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე