ნაზი ბერიძე
(31.08.2023)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით., თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება. მისივე თქმით, სექტემბერი შავი ზღვის ინიციატივასა და მშვიდობის ფორმულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე გახდება.

„ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს და ეს, თითქმის ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, დაუბრუნდება რუსეთი ინიციატივას თუ არა" - განაცხადა კულებამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, პარალელურად უკრაინა ალტერნატიული საზღვაო გზის განვითარებას განაგრძობს. „ახალი მარშრუტის მიხედვით, უკრაინის პორტებიდან გამოსული გეგმები, მყისვე რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში შედიან. ამ დერეფნით უკვე 2-მა უკრაინულმა გემმა ისარგებლა",-განაცხადა დმიტრო კულებამ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რაზეც მან გასულ კვირას ბრიქსის ბიზნეს ფორუმზე ისაუბრა, რუსეთი კვლავ შეუერთდება მარცვლეულის შეთანხმებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდება.

„18 ივლისიდან მოყოლებული ჩვენ უარი ვთქვით ამ ე.წ. შეთანხმების გახანგრძლივებაზე. ჩვენ მას დავუბრუნდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ ყველა ვალდებულება ნამდვილად შესრულდება... რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის შემზღუდავი სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ამ შეთანხმების არცერთი პირობა არ შესრულდა. რუსეთთან მიმართებით ყველა ვალდებულება უყურადღებოდაა დატოვებული" - ამბობს პუტინი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ერდოღანი-პუტინის აუდიენციის დროს, მცირედი შანსი არსებობს ამ კრიზისის გადასაჭრელად.

„მცირედი შანსი მაინც დარჩა ამ უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც ქვია უკრაინული ხორბლის ექსპორტი და რომელსაც ელოდებიან სხვადასხვა კონტინენტზე. როგორც ხდება ხოლმე, უმაღლესი დონის მოლაპარაკებებზე, იქნება გარკვეული გარიგებები, რაღაცა პირადი შეთანხმებების ჩამონათვალი იქნება ორი ქვეყნის ლიდერს შორის და რჩება მხოლოდ იმედი, მცირედი მაგრამ იმედი მაინც რომ ეს კრიზისი გადაწყდება" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე: „შანსი არსებობს რა თქმა უნდა, რომ აღდგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად აღდგება, ისევე არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აუცილებლად, ყოველთვის შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს. მთავარი ის არის, რომ უკვე დაფიქსირდა პრეცენდენტი იმისა რომ ამ შეთანხმების გარეშეც შესაძლებელია ხორბლის ექსპორტი უკრაინიდან. ეს უფრო რთულია, მაგრამ რადგანაც ამის პრეცენდენტი იქნა დაშვებული, ეს მომავალშიც იქნება გამოყენებული.

„ასე რომ, რუსეთის პოზიციები, დღეს გაცილებით სუსტია, ვიდრე მას ჰქონდა აქამდე, რამდენად რაციონალურად მოიქცევა პუტინი ამის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ შანსი იმისა რომ ეს ყველაფერი დაბრუნდეს შეთანხმების ჩარჩოებში, არსებობს" - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 18 ივლისს „შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმებამ მოქმედება შეწყვიტა. შეთანმხება სოფლის მეურნეუბის პროდუქტების ექსპორტის შესახებ 2022 წელს გაეროსა და თურქეთის ძალისხმევით შედგა. ამ შეთანხმების საშუალებით უკრაინამ შეძლო გემებით გაეტანა პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებით კი აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები მარცვლეულზე ამ რეგიონიდან. ამ შეთანხმების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა. და ბოლოს 2023 წლის 18 ივლისს რუსეთმა ის შეაჩერა. მიზეზად, შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილის შეუსრულებლობა დაასახელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე