ნაზი ბერიძე
(31.08.2023)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთთან უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა გააფორმოს, რომელიც არ მოიცავს ყირიმის დაბრუნებას, არც ნატოში უკრაინის წევრობას. მას მიაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაა.

„ჩვენ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმება უნდა დავდოთ, რათა ვუზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მისი ნატოში გაწევრიანების გარეშე. ყირიმის დაბრუნება კი უკრაინისთვის სავსებით არარეალისტურია. უკრაინა ომის წაგებასთან ახლოს დგას, რადგან რუსულ ჯარს რიცხობრივი უპირატესობა აქვს,"-აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის საუკეთესო შანსი აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და ამ ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის ორბანის განცხადებას ასე უპასუხებს: „რეალურად უკვე ნერვიულობა დავიწყეთ, რომ ვიქტორ ორბანს დიდი ხანია არ მოუწოდებია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტისკენ და რუსეთის აგრესიის დაკანონებისკენ. უკვე ეჭვიც კი გვეპარებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციის თანმიმდევრულობაში. არ ვიცით იქ უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა არც საკუთარი ტერიტორიებით და არც საკუთარი სუვერენიტეტით არ ვაჭრობს და მსოფლიოც არ ივაჭრებს" - წერს ნიკოლენკო.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორბანმა მოსინჯა უკრაინის მზაობა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.

„ასეთი განწყობები ევროპაშიც არის ზოგადად და არა მარტო უნგრეთში. ორბანის მიერ ამ პოზიციის გაჟღერებით ხდება მოსინჯვა რამდენად მომწიფდა პოზიცია ამ მიმართულებით მოძრაობისა. თავისთავად ორბანის განცხადება არაფერზე არ მეტყველებს. ამ ტიპის განცხადებებს სხვადასხვა დროს აკეთებდა ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთმა შესთავაზა მსოფლიოს მსგავსი ინიციატივა, აფრიკის ქვეყნებმა, ანუ, ტალღისებურად, როგორც ზღვაში ტალღა მოდის რეგულარულად, ასევე რეგულარულად მსგავსი ინიციატივები მოდის სხვადასხვა დონეზე, რათა შეამოწმოს, როგორ შეეხეთქება ეს ტალღა ნაპირს და როგორ იქნება მიღებული და ამის შემდეგ დაიწყება პროცესები.

„არსებობს ორი ბანაკი - ერთი რომელიც ორიენტირებულია გამარჯვებაზე, მეორე რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე, ორბანი თამაშობს მშვიდობის ბანაკიდან, რომ ახლა ამდენი ხალხი იღუპება, რა აზრი აქვს ამას, მოდი დავიწყოთ მოლაპარაკება და გავაჩეროთ სიტუაცია როგორც არის. მე ამას ვეძახი ქართულ მოდელს, საქართველოს მოდელი ყველაზე ახლოსაა მასთან - გაჩერდა ომი 2008 წლის აგვისტოში, არავის არ უღიარებია რეალურად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, გარდა რუსეთისა და ორი თუ სამი მარგინალური სახელმწიფოსი, მსოფლიომ არ აღიარა და მიმდინარეობს უკვე 10 წელზე მეტია მოლაპარაკებები ჟენევაში.

„დაახლოებით მსგავსს ამბობს ორბანი. მაგრამ ასეთი მოსინჯვა ასკდება უკრაინისა და უკრაინის მოკავშირეების კლდეს და იმსხვრევა იქ. რაკი უკრაინა სწირავს თავს, ამბობს რომ მე ვმონაწილეობ ომში და უარს არ ვამბობ ამაზე, ყველა უყურებს უკრაინას. თუ უკრაინა ამბობს რომ არა მე მინდა გამარჯვება, მისი მოკავშირეები ამბობენ რომ ჩვენ ვართ უკრაინის მხარეს. როგორც კი უკრაინა იტყვის, რომ მე მინდა მშვიდობა, მაშინვე ყველა იტყვის, ამერიკაც და ევროკავშირიც, რომ ყოჩაღ, უკრაინა! ჩვენ მოგყვებით მშვიდობაში.

„აი ამ მშვიდობას ამოწმებს ახლა ორბანი, რამდენად მომწიფდა დღეს უკრაინაში მშვიდობის სურვილი, თუმცა ფაქტია, რომ არ მომწიფდა, უკრაინა მკაფიოდ და ცალსახად ამბობს, რომ მე მინდა გამარჯვება" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაიასაია „რეზონანსთან" ორბანის ინიციატივას პირად ამბოხებად აღიქვამს, რომელიც არ არის რეალისტური.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში არავითარ შეთანხმებებზე საუბარი არ იქნება, ეს ყველაფერი არის მითი, იმიტომ რომ რუსეთი თავისას აწვება, უკრაინა თავისას ავითარებს.

„ორბანის ინიციატივა, ეს არის პირადი ინიციატივა, თან ორბანმა უკვე მოამზადა ამისი წინაპირობა- კარლსონ ტაკერთან ინტერვიუში, მან თქვა, რომ რუსეთთან უკრაინა ომს წააგებსო. პირდაპირ გააკეთა ეს განცხადება. ფაქტობრივად გამოუვიდა რუსული პროპაგანდისტული მანქანის ინტერესებიდან გამომდინარე. ორბანის ინიციატივა, არის აბსოლუტურად მიუღებელი დასავლური სამყაროსა და უკრაინისთვის" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე