თამთა ჩაჩანიძე
(30.08.2023)

საომარი მოქმედებები კვლავ ცხელ ფაზაშია - უკრაინელებმა რუსეთის სულ მცირე ექვს ოლქზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, საპასუხოდ კი მოსკოვმა კიევზე ძლიერი იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ძალები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქს ვერ ტოვებენ. ასევე ვცელდება ცნობები, რომ უკრაინელებმა სამხრეთის ფრონტზე რუსეთის სამშრიანი თავდაცვითი ხაზის პირველი ეშელონი გაარღვიეს, რომელსაც სხვაგვარად „სუროვიკინის ხაზსაც" უწოდებენ.

რაც შეეხება ბახმუტის ალყას, სამხედრო ანალიტიკოსები არაფერს გამორიცხავენ, თუმცა ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინელებმა წრე ასე ადვილად შეკრან და რუსები „ხაფანგში" მოაქციონ, რადგან ეს სერიოზულ ძალებსაც და დიდ დროსაც მოითხოვს. მათივე შეფასებით, ახლა მთავარი ყურადღება და მთელი ძალები სწორედ სამხრეთით, ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა გადასასროლი, რათა რუსების პირველი თავდაცვითი ზღუდის გარღვევის შემდეგ, ჯერ ტოკმაკზე მოხდეს გასვლა და შემდეგ უკვე მელიტოპოლზე, რომ ის სახმელეთო გზა გადაკეტონ, რაც ანექსირბულ ყირიმამდეა ოკუპირებული და ეს ზამთრამდე უნდა მოხერხდეს.

რაც შეეხება სამხრეთში რუსების თავდაცვით პოზიციებს, ის სამი ხაზისგან შედგება და თავის მხრივ თითოეული მათგანი კიდევ სამშრიანია - სასანგრე პოზიციები, ე.წ. დრაკონის კბილები - ანუ ბეტონის სამკუთხედი წინაღობები და თხრილები. როგორც სამხედრო მიმომხილველები აცხადებენ, უკრაინელებმა პირველი ხაზის სამი კომპონენტის მინიმუმ ორი მაინც გაიარეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებაა.

რუკებზე ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას ზაპოროჟიეს მიმართულებით. რაბოტინო გათავისუფლებულია, ნოვოპროკოპივკასკენ მიიწევენ და შემდეგი სამიზნე ტოკმაკია.

მასშტაბური დარტყმები რუსეთის სიღრმეში და უკრაინის დედაქალაქზე

უკრაინის მიერ რუსეთზე დრონებით განხორციელებული დარტყმების სერიაში ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ხუთხშაბათს გამთენიისას ჩატარდა. უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე. შედეგად განადგურებულია „ილ-76" ტიპის ხუთი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომებითაც ირანიდან საბრძოლო დრონების რუსეთში ტრანსპორტირება ხდებოდა.

რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმები პსკოვის, ბრაიანკის, კალუგის, ორლოვის, რიაზანისა და მოსკოვის ოლქებში მოხდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები დასავლეთის ქვეყნების დახმარების გარეშე რუსეთის ტერიტორიებზე ამდენად შორს შესვლას ვერ შეძლებდა. რუსი სამხედრო მიმომხილველები კი პირდაპირ წერენ, რომ შესაძლოა დრონებით თავდასხმა ლიეტუვას ტერიტორიიდან განხორციელდა, რადგანაც ლიეტუვა-რუსეთის საზღვრიდან ფსკოვის აეროდრომამდე 100-ოდე კილომეტრია, უკრაინის საზღვრიდან კი - 700-მდე და ძნელი წარმოსადგენია უკრაინულ დრონებს ეს მანძილი ასე უპრობლემოდ ეფრინათ.

30 აგვისტოს ღამით და დილით უკვე რუსებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმა კიევზე, რომელიც, გაზაფხულის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური იყო. უკრაინის სარდლობის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა. თვადსხმა კომბინირებული იყო და რუსებმა გამოიყენეს როგორც ირანული წარმოდების დრონები, ასევე სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაშვებული რაკეტები.

არსებული ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.

ბახმუტის ხაფანგი

„ბახმუტის მიმართულებით წინ მივიწევთ. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აზიანებს. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩვენი ძალისხმევა გადაიტანონ სხვა მიმართულებებზე.

„ჩვენ უკვე გავედით უმეტეს დომინანტურ სიმაღლეზე და მტერი იქ ხაფანგშია, რადგან ბახმუტიდან ვერ გადიან და თავად ქალაქშიც სრულყოფილად გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ბრძოლები გრძელდება კლეშიოვაკში, კურდიუმოვკაში, ანდრეევკაში. წინასწარ ვერ ვილაპარაკებთ. ნელ-ნელა წინ მივიწევთ და გავქვს წარმატებები", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტში უკრაინელები სამო მხრიდან არიან შეტევაზე გადასული, თუმცა აღმოსავლეთით დაახლოებით 5კმ-იანი დერეფანი რჩება, რომელსაც ჯერჯერობით რუსები აკონტროლებენ.

„ამ ეტაპზე ცენტრალური მხარე უკრაინელების მიერაა ათვისებული - გზა, რომელიც ბახმურიდან კრამატორსკისკენ და კიევისკენ მიემართება. ბრძოლა ბახმუტის ფარგლებში მიდის და ვერ ვიტყვი, რომ უკრაინელთა დაწოლა მაინცდამაინც ინტენსიურია. შეტაკებები ქალაქის დასავლეთ შესასვლელთან ხდება.

„მეორეს მხრივ, უკრაინელები ბახმუტის ჩრდილოეთიდან მძიმე ტექნიკით დაწოლას კვლავ აგრძელებენ. აქ უკრაინის ელიტარული დანაყოფები მუშაობენ, მათ შორის „აზოვის" გარკვეული დანაყოფებიც. ხოლო სამხრეთში კი ვხედავთ, რომ კლიშეევკას მიმართულებით შეტაკებები კვლავ გრძელდება, რომელიც სტრატეგიულად საკვანძოა სამხრეთის გასასვლელის თვალსაზრისით.

„აღმოსავლეთის გასასვლელი კი ღიაა. ანუ ის, რომ რუსები აღმოსავლეთიდანაც ალყაში არიან, სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ არსებობს ტერმინი - „ოპერატიული ალყა", რომელიც ნიშნავს, რომ უკრაინელებს ყველა გასასვლელზე წვდომა აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ რუსები ქალაქიდან გასვლას ვერ შეძლებენ, ეს ნიშნავს, რომ მათი მომაგარება შეზღუდულია, რაც რუსებისთვის სიტუაციას საკმაოდ ართულებს. ამას წმინდა გაგებით ალყას ვერც დავარქმევთ. გასასვლელი კი პატარა არაა, საუბარია აღმოსავლეთით დაახლოებით 5 კმ-იან ღია დერეფანზე", - განაცხადა კობერიძემ.

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილსაც ეჭვი ეპარება, რომ ბახმუტში უკრაინელებს რუსები ხაფანგში მოექციათ, რადგან ეს დიდ ძალებსაც მოითხოვს და ამასთან, ახლა მათი პრიპორიტეტული სამხრეთის მიმართულებაა.

„ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოაგდილეს უფრო მეტი აქვს, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ასე ადვილი იყოს ჯერ ბახმუტის ალყაში მოქცევა. ეს საკმაოდ სერიოზულ ძალებს მოითხოვს. ვფიქრობ, რომ ეს ახლა არცაა საჭირო, პირიქით, ახლა მთავარი ყურადღება და მთელი ძალები სწორედ სამხრეთით რობოტინეს და ტოკმაკის მიმართულებაზეა გადასასროლი, რომ პირველი თავდაცვითი ზღუდის გარღვევის შემდეგ ჯერ ტოკმაკზე მოხდეს გასვლა და შემდეგ უკვე მელიტოპოლზე, რათა ის სახმელეთო გზა გადაკეტონ, რაც ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. მთავარია, რომ ეს სიცივეების დაწყებამდე მოხერხდეს.

„ბახმუტში ადგილობრივი ბრძოლებია. უკრაინელები ცდილობენ ქალაქს სამხრეთიდან, კლიშეევკიდან შემოუარონ. სამაგიეროდ კრემენნოესთან ჩრდილო-აღმოსავლეთით პირიქით, რუსები ცდილობენ შეტევაზე გადასვლას. სიტუაცია მარტივი არაა, თუმცა არათუ უკრაინას, არამედ არცერთ ქვეყანას არ ეყოფა ძალები, რომ ამდენ ფრონტზე იომოს და კარგია, რომ ერთი კონკრეტული მიმართულება იქნა არჩეული, სადაც კონტრშეტევა მიდის - ზაპოროჟიეს ფრონტზე სამხრეთში", - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

გაირღვა თუ არა „სუროვიკინის ხაზი"

„ტელეგრამში" გავრცელებული ცნობების თანახმად, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით სოფელ ვერბოვოსთან ე.წ. სუროვიკინის თავდაცვით ზღუდეზე ტანკსაწინააღმდეგო ბარიერის გადალახვა შეძლეს. ამ მიმართულებაზე წარმატებების შესახებ ცნობებს უკრაინის სარდლობა ავრცელებს და გერმანული „ბილდის" ჟურნალისტი იულიან რეპკეც ადასტურებს.

„ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკა და მალაია ტოკმაჩკა-ვერბოვოიეს მიმართულებით ისინი წარმატებას აღწევენ და ფეხს იკიდებენ მიღწეულ ხაზებზე",- ამბობს გერმანელი ჟურნალისტი.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობს, თუ რუსული თავდაცვითი ზღუდე რეალურად როგორაა მოწყობილი და რისი გადალახვა შეძლეს უკრაინელებმა.

„თავდაცვის ხაზი სამადაა დაყოფილი და თითოეული მონაკვეთი კიდევ სამი შრისგან შედგება. ანუ მხოლოდ სამი ძირითადი ხაზი არაა. დაცვის პირველი ხაზი, რაზედაც ახლა საუბარია, სამი ნაწილისგან შედგება. ესაა სასანგრე პოზიციები, ე.წ. დრაკონის კბილები - ანუ ბეტონის სამკუთხედი წინაღობები და შემდეგ თხრილები. როგორც ჩანს, უკრაინელებმა პირველი ხაზის სამი კომპონენტის მინიმუმ ორი ნაწილი გაიარეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებაა.

„ამ დაცვის ხაზის გარღვევა კი ნიშნავს, რომ უკრაინელებს მიეცემათ თავისუფლება, რომ მეორე ხაზამდე რა მონაკვეთითაც უნდათ, იმით გადაუხვიონ. ახლა რუსებს ახალი საყრდენი პუნქტი არ აქვთ, რომ უკრაინელები გარკვეულ მონაკვეთზე გააჩერონ. ეს ნიშნავს, რომ რუსებს სიღრმეში გადანაცვლება მოუწევთ და უკრაინელებს უფრო მეტი ოპერატიული თავისუფლება მიეცემათ, ანუ შეტევა საითაც უნდათ იქით გაუხვევს.

„რთული სათქმელია ამის მერე უკრაინული შეტევა საით გაგრძელდება. ფაქტია, რომ თუკი გარღვევა სრულმასტაბიანად მოხდა, საბოლოო ჯამში შეკავების საშუალება ნაკლებად იარსებებს. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ შემტევი ძალისათვის ასეთი გარღვევა ძალიან საშიშია, რადგან გარღვევას გაფართოვება სჭირდება და თუკი ეს ძალიან ვიწრო ყელზე მოხდა, შესაძლოა გარღვევაზე მყოფი სამხედროები ალყაში ჩაცვივდნენ, რადგან არაა გამორიცხული, რომ მათი მომარაგების ლოჯისტიკური ხაზი, ანუ უკანა ნაწილი, მოწინააღმდეგემ გადაკეტოს და სიღრმეში მყოფ სამხედროებს პრობლემა შეუქმნას. ამიტომ ლოგიკური იქნება, თუ უკრაინელები ამ ყელს გააფართოვებენ და აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ გადაინაცვლებენ, სანამ წინ წაიწევენ", - განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

„არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი აცხადებს, რომ უკრაინელებმა რუსების პირველი თავდაცვითი ხაზის გარღვევა შეძლეს, ოღონდ დანაკარგიც დიდი აქვთ.

„ზაპოროჟიეს ფრონტზე ბრძოლები 3-4 ივლისს ორეხოვოდან სამხრეთის მიმართულებით დაიწყო. ძირითადი ბრძოლა რობოტინეს აღებაზე მიდიოდა და ახლა მიდის ნოვოპოკოვკასა და ვერბოვეს მიმართულებაზე. აქ თავდაცვის პირველი ხაზია განთავსებული, რომლის წინა ტერიტორია დანაღმული და ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასალახი იყო.

„უკრაინელებმა საკმაო მსხვერპლის შედეგად, როგორც ჩანს, ამის გარღვევა შეძლეს და ცდილობენ, რომ ტოკმაკისკენ წავიდნენ. მაგრამ გზაში, რომელიც დაახლოებით 20 კმ-ია თავდაცვითი ზღუდეა და ტოკმაკიც კარგად დაცული ჩანს. ამ ხაზის გარღვევას ის შედგები ექნება, რომ რუსები უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე