ელზა პაპოშვილი
(29.08.2023)

რუსეთის ცენტრალურ რაიონებში და განსაკუთრებით მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმის გახშირებას ერთგვარი ისტერია მოჰყვა, რაზეც უკვე თავად რუსული მედია წერს. ეს განსაკუთრებით მოსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომებსა და მცირე აეროპორტებს ეხება. საგანგებო სამსახურებში პრაქტიკულად მუდმივად შედის რიგითი მოქალაქეების ზარები მოსკოვის მიმართულებით მოძრავი დრონების შესახებ, რასაც სპეცსამსახურების მხრიდან აეროპორტების შემოწმება და მათი მუშაობის შეფერხება მოჰყვება. ამას გარდა, მოსკოვის ოლქში ხელოვნურად ახშობენ „ჯიპიეს“ სიგნალს, რაც სამოქალაქო ავიაციის პილოტებს უქმნის პრობლემებს და აიძულებს მათ, რომ დაბალ სიმაღლეზე იფრინონ.

მოსკოვზე დრონებით პირველი თავდასხმა 3 მაისს მოხდა. აგვისტოში კი ამან უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო.

28 აგვისტოს კი რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა,  ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მისი თქმით, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა. „დღეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ლიუბერცის რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონი გაანადგურეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა“, - წერს მერი „ტელეგრამ“ არხზე.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ მოსკოვის „ვნუკოვოსა" და "დომოდედოვოს" აეროპორტებმა  თვითმფრინავების მიღება და გაშვება დროებით შეაჩერეს. 

ასევე მოსკოვის მახლობლად მდებარე აეროდრომებმა დაიწყეს ფრენის გეგმის უსაფრთხოების სამსახურებისთვის გადაცემა. ხოლო მოსკოვის რეგიონის აეროდრომები ახლა ფრენის გეგმებს აწვდიან არა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს, არამედ სამართალდამცავ ორგანოებსაც. 

საქმეში ასევე ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. როგორც რუსული მედია წერს, ადგილობრივი მცხოვრებლები როგორც კი დრონებს დანახავენ, ან მათ ხმას გაიგებენ,  სასწრაფოდ რეკავენ და ხელისუფლებას ატყობინებენ.

შჩეკინოს, ვოლოსოვოს, ნუდოლის აეროდრომების ხელმძღვანელობამ განაცხადეს, რომ მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები ხშირად იძახიან საგანგებო სამსახურებს და  მოსკოვის უკრაინული დრონების სავარაუდო ფრენის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. ამის შემდეგ პოლიცია იწყებს შემოწმებას და აეროდრომებს სთხოვს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი თვითმფრინავები იმყოფებოდა ჰაერში მოცემული მომენტისათვის. ხშირად კი „უკრაინული დრონი“ მცირეგაბარიტიანი თვითმფრინავი, ან პარაპლანი აღმოჩნდება ხოლმე.

მოსკოვზე თვდასხმების ფსიქოლოგიური ეფექტი  

საქრთველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ უკრაინის მიერ მოსკოვზე განხორციელებული დრონებით შეტევა იმის მცდელობაა, რომ რუსებმა ომის სიმწვავე საკუთარ თავზე იმწვნიონ. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჩვენ ვხედავთ მოსკოვზე თავდასხმების ტემპმა როგორ მოიმატა, ხოლო შეიარაღების და დამატებით ტექნოლოგიების გაძლიერების შემთხვევაში, შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. 

„თუკი სამხედრი ინფრასქტრუქტურის დაბომბვას თავისი კონკრეტული მიზნები აქვს, რომ ლოჯისტიკურად რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პრობლემები შეექმნათ, „მასკვა სიტის“ და სხვა სამოქალაქო ობიექტების დრონებით თავდასხმას, სადაც რუსეთის ელიტები ფუფუნებით ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, უდიდესი ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს. ამას სამხედრო შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი ნაწილია. რუსეთის ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს უკრაინელები ამით უგზავნიან შეტყობინებას, რომ თავს კარგად ვერ იგრძნობენ ვერსად, სანამ პუტინი ამ ომს აწარმოებს უკრაინაში.

„აეროპორტებში შექმნილი ეს პრობლემებიც სწორედ ფსიქოლოგიური ზეწოლის  ფორმაა, რომ რუსეთი არ არის ხელშეუხებელი ქვეყანა და მოსკოვი არ არის ქალაქი, რომლშიც უკრაინელებს შეღწევა არ შეუძლიათ. ამიტომ, რაც უფრო მეტ დახმარებას მიიღებენ უკრანელები და ასევე საკუთარ სამხედრო მრეწველობას გააძლიერებენ, რუსეთის მოსახლეობის პრობლემები ყოველდღიურად გაიზრდება. 

„უკრაინელები ამას უკრაინაში აწყობილი დრონებით აკეთებენ და ეს არ არის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი. ამიტომ თავის მოქმედებებში უკრაინა უფრო  თავისუფალია და შორსაც წავა. ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსები ამ სიმწვავეს კიდევ უფრო მძიმე ფორმებით მიიღებენ“, - ამბობს  ბერიძე „რეზონანსთან“.       

კონტრშეტევის ტემპი და დასავლეთის პრეტენზიები   

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებს და კონტრშეტევას, ბერიძე ამბობს, რომ ტყუილია მოლოდინი და დასავლეთის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები იმაზე, რომ უკარინის შეტევა სწრაფი უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, ვინც კი ამ ომს კარაგდ იცნობს და სამხედრო ანალიზი შეუძლია, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის გრძელვადიანი ომი.   

„ვინც სამხედროა და ომის სპეციფიკაში ერკვევა, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ომი ასე ერთი შეტევით და „ურა“-ს წამოძახებით არ დასრულდება. არცერთი ომი, რომელიც აქამდე ყოფილა და არც მეორე მსოფლიო ომი, ერთი დიდი კონტრშეტევის  შემდეგ არ დასრულებულა. ყველა ომი იყო გამოფიტვაზე. ყოველთვის დიდი სახელმწიფო აჩვენებს სწრაფი შეტევით რაღაც შედეგს, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა და შემდეგ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევთ. ზუსტად იგივე ხდება უკრაინის ომშიც. მითუმეტეს, რომ უკრაინამ ისწავლა ბრძოლა, მას აქვს იარაღი და დიდი დახმარება. დიდი ქვეყანაა და დროში ომის გაჭიანურება და დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება რუსეთს მით უფრო გაუჭირდება.     

„თუმცა, რუსეთს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. მას უკრაინელებთან შედარებით გაცილებით მეტი სარაკეტო სისტემები აქვს. აქვს არტილერია, რომლითაც დარტყმების განხორციელება შეუძლია და გაცილებით მეტი ჯარისკაცები ჰყავს. ამიტომ მისი დამარცხება მარტივი იქნება. ყველაზე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ უკრაინა სადამდე შეძლებს მათ დაღლას. 

„სწრაფი შეტევა ძალინ დიდ რისკთანაა დაკავშირებული და დიდი მსხვერპლი იქნება. დასავლეთშიც აზრები ორად არის გაყოფილი. კი, ბატონო, მესმის, რომ გრძელვადიანი ომი უფრო მეტ ფინანსებს მოითხოვს, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ახლა თუ არ გატყდა, სხვა შანსი აღარ იქნება. ბოლომდე უნად გაყვნენ პუტინს, რომ მისი გატეხვა მოხდეს, რადგან ის გრძელვადიან ომს ვერ გაუძლებს“, - ამბობს ბერიძე „რეზონანსთან“.       

სად რა ხდება ფრონტის ხაზზე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკრაინელებმა  ფორნტის ხაზზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა დაიწყეს. პრაქტიკულად ნებისმიერი ინფორმაცია ცვლილებების, გადაჯგუფების, გადაადგილების ან შეტევის შესახებ საკმაოდ ბუნდოვანი, დაგვიანებული და დაუკონკრეტებელია. თუმცა მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შესაძლებელია. 

„უკრაინელები ბოლო დღეებია ფრონტის ხაზიდან ინფორმაციის გავრცელებაზე თავს იკავებენ. ეს ერთგვარი სტრატეგიაა, რაშიც უცნაური არაფერია. მეორეს მხრივ, თავად რუსული წყაროებიც უფრო და უფრო შეზღუდული ან პროპაგანდისტული გახდა, განსაკუთრებით კი ბოლო ორი კვირაა. 

„რა ვიცით ამ ეტაპზე, ისაა, რომ უკრაინელები ზაპოროჟიეს ოლქში, რობოტინეს ირგვლივ, აღმოსავლეთით ვერბოვესაკენ და დასავლეთით კოპანისაკენ ცდილობენ გაჭრას. მათი მიზანი რობოტინეს გათავისუფლებული ყელის გაფართოებაა. შესაბამისად, ფლანგებიდან იერიშებს პრიორიტეტი მიენიჭა, რათა სამხრეთით, სიღრმეში გაჭრის შემთხვევაში, უკრაინელები ალყაში მოქცევისა და მომარაგების გადაჭრის საფრთხის ქვეშ არ დადგნენ.

„ამასთან, რობოტინეს სამხრეთით ერთის მხრივ უკრაინელები ძალიან მაღალი ინტენსივობით ბომბავენ ნოვოპროკოპივკაში რუსულ პოზიციებს, ხოლო მეორეს მხრივ მის შემოვლას ცდილობენ და თავდაცვის ძირითადი ხაზის გარღვევაზე არიან გადასული. იერიშები ძალიან მაღალინტენსიურია. უკრაინელებმა შეტევაში ამ მიმართულებით მდგომი ძალების დიდი ნაწილი ჩართეს. 

„იმის პარაალლეურად კი იბომბება რუსეთის ტერიტორია - კურსკის, ბრიანსკისა და მოსკოვის ოლქებში აფეთქებები ყოველდღიურ ხასიათს ატარებს. მოქმედებენ დრონები. კურსკსა და ბრიანსკის ოლქებში სამიზნეები სამხედრო აეროპორტები იყო. იერიშების შედეგები საკმაოდ ბუნდოვანია. როგორც ჩანს, რუსები კიდევ უფრო გაარიდებენ სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან სიღრმეში“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“

მისივე თქმით, ბახმუტის შემოგარენში კვლავ დაძაბული ბრძოლა მიდის და თავისი ინტენსივობით იგი ზაპოროჟიესა და კუპიანსკის მიმართულებით შემდეგ ყველაზე აქტიურია. 

„ამ ეტაპზე ორი დეტალია ცნობილი: უკრაინელებმა ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკასთან დამატებითი რუსული ძალების შესვლა აღკვეთეს და მოწინააღმდეგეს საარტილერიო დარტყმა მიაყენეს. დასახლებისათვის ბრძოლა გრძელდება. ბახმუტის ჩრდილოეთით, ცენტრალური გზის გასწვრივ, საბრძოლო მოქმედებები აქტიურია. პროცესში ჩაბმულია უკრაინული მძიმე ტექნიკა. 

„რაც შეეხება კუპიანსკის მიმართულებას, ხარკივის ოლქში, რუსული შეტევის ტემპი მცირედით დაეცა. ერთი ვერსიით რუსებმა რეზერვი მოხსნეს და სამხრეთში გადაისროლეს. ამასთან, უკრაინელმა გენერალმა სირსკიმ კუპიანსკის დაცვა მაღალპრიორიტეტულად გამოაცხადა“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე