ელზა პაპოშვილი
(28.08.2023)

რუსული ძალები, გასული დღე-ღამის განმავლობაში, წინსვლას სამი მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებით, ცდილობდნენ - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსებსა და უკრაინელებს შორს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 34 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკას რაიონში, ხოლო ბახმუტის მიმართულებით უშედეგოდ ცდილობდა წინსვლას დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას რაიონში", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს ლიმანის მიმართულებით, 10-ზე მეტი დასახლება და ბახმუტის მიმართულებით, 15 დასახლება.

"მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში. მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას რაიონში, კრასნოგოროვკას, გოსტრეს, მარინკას, კატერინივკას, პრასკოვეევკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები კი არტილერიით დაბომბა", - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.

უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

“რობოტინო გათავისუფლებულია და შემდგომში ჩვენი ჯარები ამ დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაადგილებას განაგრძობენ”, - აღნიშნა მალიარმა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნოვოპროკოპოვკასა და ოჩერეტოვატისკენ წინსვლას განაგრძობენ.   

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება, შესაძლოა, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია წვრთნებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების დრო.

„ვიტყოდი, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენა მომავალ გაზაფხულზე შეიძლება მოხდეს, რადგან დავიწყეთ ჩვენი მფრინავების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადების კურსები“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინაში თვითმფრინავების გამოყენებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება. „ამას მინიმუმ ექვსი თვე და შესაძლოა, ცოტა მეტიც დასჭირდეს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენას ომში „თამაშის წესების შეცვლა“ შეუძლია.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის დომინირება ცაში, ბრძოლის ველზე. F-16-ები თვითმფრინავი გახდება საჰაერო თავდაცვის ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები ცაზე, რათა დავიცვათ საჰაერო სივრცე ანუ ჩვენი ქალაქები. ჩვენთვის ეს დიდი გარღვევა იქნება, ძალიან დიდი“, - განმარტა რეზნიკოვმა.   

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, ისრაელის მაგალითზე, შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს რუსეთთან გრძელვადიან ომზე, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლის დაკარგვის გარეშე.

"ისრაელი იბრძვის. მზად ვართ, ვიბრძოლოთ ხანგრძლივად, ადამიანების დაკარგვის გარეშე. ეს შესაძლებელია. შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ მსხვერპლი ისრაელის მაგალითის მიხედვით", - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა სამხედრო ოპერაციების რუსეთის ტერიტორიაზე გადასატანად."ვფიქრობ, ეს დიდი რისკია, ჩვენ აუცილებლად დავრჩებით მარტო (საერთაშორისო პარტნიორების გარეშე),“ - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ბრძოლას საკუთარი ტერიტორიის დასაბრუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა მისმა ურთიერთობამ მოკავშირეებთან. "უკრაინის წინსვლა და პასუხისმგებლობა ბრძოლის ველზე ყოველთვის ორმხრივია,"- განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ საერთაშორისო პარტნიორები არიან ნებისმიერი გამარჯვების, კონტრშეტევის ნებისმიერი შეჩერების, ნებისმიერი თავდაცვითი მოქმედებისა და ნებისმიერი სისუსტის ნაწილი.    

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციაალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსები ხარკივის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით შეტევას აგრძელებს. ხოლო მიუხედავად დიდი მსხვერპლისა და ძირითადი დამრტყმელი ნაწილების განადგურებისა, რუსები ცდილობენ დამატებით რეზერვებს მოუყარონ თავი და კუპიანსკისაკენ შეტევის ტემპი არ დააგდონ. მიუხედავად ამისა, კობერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  წინსვლა თითქმის მთელი სამთვიანი იერიშის შემდეგ კვლავ მინიმალურია. 

„კუპიანსკზე ამ შეტევას სამი მიზანი აქვს: ეს არის შეტევა შეტევისათვის - რუსულ გენერალიტეტს არ სურს არმიამ მხოლოდ თავდაცვაში ჰყავდეს. ეს მათთვის რეპუტაციული და პოლიტიკური პრობლემა იქნება. შეტევა მდინარე ოსკილზე ფრონტის ხაზის გასატარებლად - რუსებს სურთ ფრონტის ხაზი ბუნებრივ ბარიერზე გავიდეს და არა მდელოზე; შეტევა სამხრეთიდან ჩრდილოეთით ყურადღების გადასატანად - უკრაინელთა დაწოლა იმდენად დიდია რუსულ პოზიციებზე სამხრეთში, რომ რუსები ცდილობენ უკრაინელებს ჩრდილოეთზე გაასწორებინონ ფოკუსი და ამით შეამსუბუქონ წნეხი სამხრეთზე. 

მიუხედავად ასეთი მძლავრი შეტევისა რუსეთის არმიას იმაზე დიდი დანაკარგები აქვს, ვიდრე მიღწევები, რამაც გამოფიტვასთან ერთად კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი სწორედ ამავე მონაკვეთზე. შეტევის ჩავარდნას თითქმის ყოველთვის კონტრშეტევის შანსი ახლავს თან“,-ამბობს კობერიძე. 

რაც შეეხება სამხრეთში, ზაპორიჟიას ოლქში, რობოტინე-ნოვოპროკოპივკას მონაკვეთზე, პროფესორი ამბობს, რომ  ძალიან მაღალი ინტენსივობის ბრძოლა მიმდინარეობს. პრაქტიკულად უკრაინელები გაემიჯნენ და უტევენ რუსულ ძირითად თავდაცვის ზღუდეს. მის წარმატებით გადალახვაზე დიდ ფსონს დებენ როგორც უკრაინელები, ისე დასავლელი სამხედრო ექსპერტები. 

„ამ პროცესში, რუსებმა პრაქტიკულად თავისი რეზერვის დიდი ნაწილი ჩართეს უკრაინული შეტევის ჩასაშლელად. პრაქტიკულად ყველა სახით იარაღს იყენებს ორივე მხარე. ამ პროცესში უკრაინელებმა რუსული მოიერიშეს ჩამოგდებაც შეძლეს. მსგავსი სიტუაციაა რობოტინეს აღმოსავლეთით, 5 კილომეტრში, ვერბოვეს მიმართულებით. 

მაგრამ რუსები მხოლოდ თავდაცვით პოზიციაში არ იმყოფებიან. ისინიც ცდილობენ ზოგიერთ მონაკვეთში კონტრშეტევაზე გადასვლას, რაც ცხადია მათ დანაკარგებსაც ძალიან ზრდის. 

მსგავსი სიტუაციაა ზავიტნე ბაჟანიასთანაც, დონეცკის ოლქის სამხრეთ ნაწილში, უროჟაინეს მომიჯნავედ. პრაქტიკულად, სამხრეთში, საბრძოლო თეატრის ეს მონაკვეთი კრიტიკული და გადამწყვეტი ხდება. 

დონეცკის ოლქში, ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით კი აშკარაა, რომ ამ ეტაპზე უკრაინელები დიდი ძალებით დაწოლას აღარ აწარმოებენ და მეთოდურ დარტყმებს აყენებენ რუსების საკვანძო და საყრდენ პოზიციებს. 

„იგივე კლიშჩიივკასა და ანდრიივკაში უკრაინელებმა დასახლებების ნაწილი დაიკავეს, მეორე ნაწილში კი პოზიციური ბრძოლა მიმდინარეობს. ეს საბოლოოდ იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინელები რუსების გამოფიტვას ცდილობენ და საკუთარ ცოცხალ ძალასა და ტექნიკას უფრთხილდებიან. თუმცა, ამ ომმა გვაჩვენა რომ მეთოდური წინსვლა და გამოფიტვა უკრაინელებს კარგად გამოსდით და რუსებს თითოეული პოზიციის შენარჩუნება საკმაოდ ძვირი უჯდებათ“,-ამბობს კობერიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე