ელზა პაპოშვილი
(14.08.2023)

„ეს არის ომის გადატანის მცდელობა რუსეთის ტერიტორიაზე,“ - ასეთია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის და გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის შეფასება მოსკოვში და მის გარეუბნებში კამიკაძე დრონების ბოლო თავდასხმებზე.  მისი აზრით, უკრაინამ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა და თავისივე წარმოებული დრონების მეშვეობით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები დაიწყო. მისი აზრით, ეს არის ფსიქოლოგიური წნეხის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც რუსეთის მოსახლეობას სურთ აჩვეენონ, რა შედეგი მოაქვს ომს.   

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება და ხშირ სახეს მიიღებს.   

უკრაინაში კი მძიმე ბრძოლები გრძელდება, ოკუპანტები დასახლებულ პუნქტზე  შეტევას დრონებითა და არტილერიით  აგრძელებენ. ხარკოვის ოლქში, კუპიანსკში, რეგიონიდან ისევ მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მიზეზი ისევ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვაა. 

რუსეთის არმიის თავდასხმას ჩვილი ემსხვერპლა ხერსონის ოლქში, ვერ მოხერხდა 12 წლის ბიჭის გადარჩენა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანია დაღუპული. ვითარება კრიტიკულია ზაპოროჟიეს ოლქშიც, რომელსაც ოკუპანტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 114-ჯერ შეუტიეს. ქალაქ ორიჰივზე თავდასხმის შედეგად, სამართალდამცველი დაიღუპა. დაიბომბა დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაევის ოლქებიც.

ფრონტის მთავარ ხაზად, ისევ დონეცკის ოლქი რჩება, რეგიონში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის კონტაქტური ბრძოლები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვამ, ოკუპანტების შეტევა რამდენიმე პოზიციაზე მოიგერია და სამი მიმართულებით წინ წაიწია.

ომის დაწყებიდან დღემდე, დიდია მსხვერპლი უკრაინისთვის. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის 536 დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა, 1 097-ზე მეტი კი დაშავდა. 

უკრაინულმა ძალებმა კი 13 აგვისტოს, კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე ჩაატარეს და დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს, - ამის შესახებ ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშია აღნიშნული.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებებით და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს რაიონში (ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთი ნაწილი, ორეხოვის სამხრეთით 13 კმ-ში).

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშის თანახმად, რამდენიმე რუსულმა წყარომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსული ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე მდებარე უროჟაინედან გავიდნენ. თუმცა, 13 აგვისტოს ბევრმა რუსულმა წყარომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს კვლავ ეკავათ უროჟაინის სამხრეთი ნაწილი. „რუსული ჯარები, სავარაუდოდ, კვლავ იკავებენ პოზიციებს დასახლების სამხრეთ ნაწილში“, - აცხადებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.    

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი  მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ  უკრაინის სტრატეგიული მიზანი, ტერიტორიების უპირობო დაბრუნების გარდა, ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც მომავალში აგრესიის განმეორებას შეუძლებელს გახდის.   

„პირიქით, "ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი“ რუსეთის მიერ ტერიტორიის ანექსიებით, როგორც ამას ზოგიერთი დასავლელი დამკვირვებელი განიხილავს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე (რადგან ომი არ დასრულებულა) მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, გაზარდოს საკუთარი მადა და ხანმოკლე შესვენების შემდეგ ომს დაუბრუნდეს", - აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს.

„ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს: არმიის გაძლიერება, იარაღის მიწოდების დაჩქარება, ტერიტორიის დეოკუპაცია, რეჟიმის შეცვლა რუსეთში, კომპენსაცია ახალი მთავრობის მხრიდან და სამხედრო დამნაშავეების სავალდებულო დასჯა", - აცხადებს პოდოლიაკი.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიაში ცვლილებებია და ეს არის რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანის მცდელობა. კაპანაძე ამბობს, რომ დარტყმები, რომელიც მოსკოვის და მის გარეუბნების მიმართულებით არის განხორციელებული, თავად უკრაინის მიერ წარმოებული დრონების მეშვეობით ხდება.   

„ამ დრონებს, რომლის წარმოებაც უკრაინამ დაიწყო, შეუძლია 1500 კმ მანძილის გადაფრენა ერთი მიმართულებით, რადგან ესენი კამიკაძე დრონები არიან. ხოლო მოგვეხსენება, რომ მოსკოვამდე უკრაინიდან უმოკლესი მანძილი 850 კმ. უკრაინამ დაიწყო აქტიური საცეცხელ ზემოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე უკრაინასთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე, რუსების ქვედანაყოფებზე თავდასხმები, რომელიც  კურსკის, ბელგოროდის რაიონებში მდებარეობს. შესაბამისად,  სადაც კი არტილერია მიწვდება, უკრაინელები თავდასხმებს ახორციელებენ. 

„ეს არის სიახლე და ამას ახორციელებს უკრაინა საკუთარი იარაღით და ამაში არ იყენებს, დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკურ დონეზეც ცვლილებები განიცადა. რადგან ფართო მასშტაბზე კონტრშეტევების შედეგად, ხელშესახები წინსვლა ვერ იქნება მიღწეული, ახლა უკრაინამ დაიწყო მცირე ჯგუფებით წერტილოვანი დარტყმები. ამ დარტყმებს კონკრეტული ამოცანისთვის ახორციელებს და ეს ლოკალურ ადგილებზე ხდება. ასევე, ნუ გამოვრიცხავთ პუტინის მოწინააღმდეგე შიდა ძალებს, რომლებიც უკრაინის დაზვერვასთან ერთად, დივერსიულ აქტებს ახორციელებენ“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან მოსკოვის და სხვა მისი ტერიტორიების კამიკაძე დრონებით თავდასხმის მთავარ მიზანს, ფსიქოლოგიური ფაქტორი წარმოადგენს. კაპანაძე ამბობს, რომ ამით უშუალოდ რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ  შედეგები, რომელიც ომს მოაქვს. რუსეთის მოქლაქეებმაც მიიღონ სტრესი და გადაიღალონ. 

„არ არის უკვე არავისთვის საიდუმლო, რომ ომმა გაჭიანურებული სახე მიიღო. ორივე მხარე გამოფიტვას ცდილობს. აი ამ გმოფიტვაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ მორალურ ზემოქმედებას აქვს. ასევე, ამ მორალურ ზემოქმედებას განიცდის წინა ხაზზე სანგრებში გამაგრებული რუსული ჯარის დანაყოფები, რომლებიც თავის დროზე ვერ იღებენ როტაციას, სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას. ზუსტად უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული დარტყმები ამ ფსიქოლოგიურ წნეხსაც ემსახურება“,-ამბობს გენერალი.  

რაც შეეხება დასავლეთის შესაძლო უკმაყოფილებას უკრაინის კონტრშეტევის ტემპით და შედეგით, რომელზეც საუბრი დასავლურ მედიაში აქტიურად მიმიდნარეობს, კაპანაძე ამბობს, რომ ამ შეშფოთებას საფუძველი ნამდვილად აქვს, რადგან ყველა წარმატებულ და მოკლევადიან კონტრშეტევას ველოდით. 

ამასთანავე გენერალი ამბობს, რომ კონტრშეტევის შენელების მიზეზი საჰაერო დახმარების დროულად არ მიწოდებაც არის, რომელიც უკრაინელებს ასე ძალიან სჭირდებათ. მისი თქმით, ეფ-16 დროულად მიწდების შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ამასთანავე, დანაღმული ველების პირობებში, სწრაფი წინსვლა საჰაერო თავდაცვის გარშე წარმოუდგენელია.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე