თამთა ჩაჩანიძე
(13.08.2023)

ფრონტზე შესაძლოა მალე დიდი ცვლილებები ვიხილოთ. უკრაინელი მებრძოლები დნეპრის ფორსირებისთვის ემზადებიან, ხერსონთან მდინარის მარცხენა სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს და პლაცდარმის შესაქმნელად მოქმედებებს აგრძელებენ. ამის პარალელურად რუსები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით ძალების თავმოყრას ცდილობენ და აანონსებენ, რომ ამ ქალაქისათვის ბრძოლა იქნება ამ ომის ისეთივე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როგორიც იყო ბრძოლა მარიუპოლისა და ბახმუტისათვის.

როგორც თავად წერენ, ქალაქის 30% უკვე ოკუპირებული აქვთ, არ გამორიცხავენ, იმასაც, რომ კუპიანსკში მარიუპოლის, ან ბახმუტის სცენარი განმეორდეს და ომში ახალი მასშტაბური ეპიზოდი დაიწყოს.

თუმცა, ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, რუსების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებული სატყუარაა, რომლის მიზანიც არის ამ მიმართულებაზე უკრაინელების ყურადღების გადატანა, რადგანაც უკრაინის არმიის ძირითადი ძალები ამჟამად სამხრეთის ფრონზეა მობილიზებული, მელიტოპოლი-ბერდიანსკის მხარეს გაჭრას ცდილობენ და აზოვის ზღვის სანაპირომდე 80-100 კმ აშორებთ.

მეორეს მხრივ კი, კუპიანსკი მთელს ფრონტზე ერთადერთი ადგილია, სადაც რუსებს გარკვეული წინსვლა აქვთ და შესაძლოა სწორედ ამ ქალაქზე ყურადღების გამახვილებით ცდილობენ სხვა მიმართულებებზე თავისი ჩავარდნის გადაფარვას.

ანალიტიკოსებს ასევე საეჭვოდ მიაჩნიათ რუსი სამხედრო მიმომხილველების ინფორმაცია, რომ კუპიანსკის 30%-ს უკვე რუსული არმია აკონტროლებს, თუმცა დასძენენ, რომ უკრაინისთვის ამ ქალაქის დაცემა ძალიან მტკივნეული იქნება და მისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლონ, როგორც ეს ბახმუტში გააკეთეს.

რაც შეხება ხერსონთან უკრაინელების წარმატებას და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე „კაზაკთა ბანაკების" პუნქტის დაკავებას, სამხედრო ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა, თუმცა პლაცდარმის შექმნისთვის საკმარისი არაა.

აქვე აღსანიშნავია ფრონტზე მიმდინარე სხვა მოვლენებიც. 13 აგვისტოს გამთენიისას რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 23 დღის ბავშვია. თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

12 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე ორჯერ მიიტანეს იერიში. მედიის ცნობით, ხიდის მიდამოებში არანაკლებ რვა აფეთქება მოხდა. ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების განცხადებით, ქერჩის სრუტეზე თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.

ამავე დღეს რუსებმა უკრაინულ ქალაქ ორეხოვზე მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. დარტყმის შედეგად დაღუპულია 31 წლის პოლიციის კაპიტანი, 12 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის პოლიციის 4 თანამშრომელი.

შექმნიან თუ არა პლაცდარმს უკრაინელებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის მარცხენა სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე გარკვეული დროა, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არიან გამაგრებული, განსხვავებით წინა შემთხვევებისგან, რომლებსაც ანალიტიკოსები რეიდებს უწოდებდნენ.

„შეზღუდული რეიდების რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპრის გაღმა პოზიციები დაიკავეს „კაზაკთა ბანაკების" დასავლეთით. რუსმა სამხედრო კორესპონდენტება დაადასტურეს, რომ უკრაინული სადაზვერვო ჯგუფები აგრძელებენ ამ ტერიტორიაზე მოქმედებებს, თუმცა თავად დასახლება ჯერ კიდევ ოკუპირებულია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ, ჯერჯერობით, ეს პოზიციები პლაცდარმად არ შეიძლება ჩაითვალოს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ჯგუფები კი აგრძელებენ ოპერირებას ანტონოვის ხიდისა და ქალაქ ჰოლა-პრისტანის მიდამოებში. ასევე, მათი ცნობით, რეიდებს ახორციელებენ მდინარე დნეპრზე.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა და ტერიტორიის დაკავება პირველი პლიუსია. ახლა საქმე ამ პოზიციის შენარჩუნებაზეა და იმაზე, რომ პლაცდარმის შესაქმნელად არეალი გააფართოვონ.

„ეს პატარა სპეცოპერაცია, თუ არ ვცდები, 25 ივლისს განხორციელდა, როცა უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებმა კატარღებით დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა მოახერხეს იმ მომენტში, როცა უკრაინის არტილერია მოწინააღმდეგის პოზიციას ბომბავდა. ეს შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც აღიარა და ამას დასავლეთშიც გამოეხმაურნენ, თუმცა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ამისგან აჟიოტაჟის შექმა საჭირო არააო და მართალიცაა. მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ სანაპიროზე გადასვლა რთული საქმე და პირველი პლიუსია, მაგრამ იქ ეს პოზიცია უნდა შეინარჩუნონ, ჯერ ყველაფერი წინაა.

„უკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ისედაც იმყოფებიან - ხერსონის მოპირდაპირე მხარეს, ანტონოვის ხიდთან, რომელიც რუსებმა უკანდახევისას ააფეთქეს, თუმცა ბოლოს უკრაინელებმა ხიდის მარცხენა სათავეში გადასვლა და ნანგრევებში თავის შეფარება მოახერხეს.

„პლაცდარმის შექმნა ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ ასეთი პატარ-პატარა წინსვლებით შესაძლოა შეიქმას. უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ბოლო ორი დღეა ხდება - უკრაინელებმა ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთი სოფელი აიღეს და ლაპარაკია, რომ ამით მათ შესაძლოა რუსების პირველი თავდაცვითი ზღუდე გაარღვიონ და საკმაოდ კარგად მოწყობილ თავდაცვაში ნაპრალი გააჩინონ. ეს თუ მოახერხეს, ამ ომში რაღაცას შეცვლის", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დნეპრი დატოტვილი მდინარეა და მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის შესაქმნელად „კაზაკთა ბანაკების" პუნქტის გარდა, უკრაინელებს მდინარის კიდევ ერთი ტოტი აქვთ გადასალახი. ეს კი საშუალებას მისცემთ, რომ პლაცდარმი შექმნან და ყირიმზე გასვლა შეძლონ.

„უკრაინელები ამ მიმართულებაზე ნამდვილად წინ მიიწევენ. პუნქტი „კაზაკთა ბანაკები" დაიკავეს, მაგრამ დნეპრი დატოტვილია და ეს ადგილი კუნძულივითაა. კიდევ ერთი ტოტი აქვთ გადასალახი, რომ მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი შექმნან და ამით წინ წავიდნენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ პლაცდარმი შექმნილი არ აქვთ.

„ეს რუსებისთვის ძალიან დიდი დარტყმაა, რადგან სამხრეთ სანაპიროზე გასვლა ნიშნავს, რომ ყირიმი დაუცველია. რუსებს ამ მიმართულებაზე საკმარისი ხალხი არ ჰყავთ, სხვაგან გადაისროლეს და იძულებული იყვნენ აქეთკენ არტილერია და ცოტა ძალები დაეტოვენინათ. თუ უკრაინელები სამხრეთ სანაპიროზე გადავლენ, ტერიტორიები დაუცველია და აქ კონტრშეტევის წამოწყება უკრაინისთვის გაცილებით ეფექტური იქნება", -განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გახდება თუ არა კუპიანსკი მეორე ბახმუტი

რუსი სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ახალი მასშტაბური ეპიზოდი იწყება, ისეთივე, როგორიც, მაგალითად, მარიუპოლისთვის, ან ბახმუტისთვის ბრძოლა იყო. მათი თქმით, ამჯერად ამას ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში ვიხილავთ, სადაც, როგორც თავად ამბობენ, გარკვეული წარმატება აქვთ და ქალაქის 30%-საც აკონტროლებენ.

ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი კუპიანსკში უკრაინის ყურადრების გადატანას ცდილობს, იმ დროს, როცა უკრაინელების კონცენტრაცია სამხრეთისკენაა მიმართული.

„რუსეთი კუპიანსკში ყურადღების გადატანას ცდილობს, როცა უკრაინის არმიის ზირითადი ძალები სამხრეთ ფრონზეა მობილიზებული, მელიტოპოლი-ბერდიანსკის მხარეს გაჭრას ცდილობენ და 80-100კმ-ია დარჩენილი, რომ აზოვის ზღვის სანაპოროზე გავიდნენ.

„უკრაინისთვის კუპიანსკის დაცემა ძალიან მტკივნეული იქნება, ამიტომ ყველა ძალით უნდა ეცადონ მის შენარჩუნებას, როგორც ბახმუტში გააკეთეს. რუსები კი ჯერ კუპიანსკამდე მისული არ არიან. გუშინ ბოლო რუკა რაც ვნახე, ქალაქიდან 5 კილომეტრში იყვნენ", -განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსებს კუპიანსკის მიმართულებაზე იმდენი ძალები არ ჰყავთ მობილიზებული, რომ მარიუპოლის ან ბახმუტის სცენარი განმეორდეს.

„რუსებს, რა თქმა უნდა, არ სძინავთ და კუპიანსკის მიმართულებაზე ძალების თავმოყრას ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელებმა რამდენჯერმე მოიგერიეს. მე არ ვფიქრობ, რომ რუსებს აქ იმხელა ძალა აქვთ, რომ იმ მასშტაბის შეტევა განახორციელონ, რომელიც თუნდაც ბახმუტში იყო.

„ჩემი აზრით, რეალურად საქმე იმასთან გვაქვს, რომ რუსები ცდილობენ მათი წარუმატებლობები უკრაინული შეტევის ფონზე რაღაცით დააკომპენსირონ. სიმართლეს არ შეესაბამება რუსების ნათქვამი, რომ თითქოს კუპიანსკში 30%-ს აკონტროლებენ. ვერაფერს ვერ აკონტროლებენ, უბრალოდ ქალაქთან ახლოს არიან და ბომბავენ.

„ჩემი ინფორმაციით, უკრაინელები კუპიანსკში არიან გამაგრებულები, ბრძოლა მიდის, მაგრამ ეს ერთადერთი მიმართულებაა, სადაც რუსები ცდილობენ, რომ რაღაც შეტევა განახორციელონ. სხვა ყველა დანარჩენ მიმართულებაზე ისინი ფაქტიურად უკან იხევენ", -განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე