ნაზი ბერიძე
(12.08.2023)

სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორში შექმნილი კრიზისული სიტუაცია სულ უფრო მძიმდება და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფერს ახალი შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვეს. შაბათს სომხეთმა ოფიციალურად მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია აქვს და დათმობას არ აპირებს.

საქმე ეხება ივლისის ბოლოს სომხეთიდან ყარაბაღში ლაჩინის გზით გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანელი ძალოვნებმა დააკავეს და სტეპანაკერტისკენ არ უშვებენ. აზერბაიჯანი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობას აღგამის მხრიდან სთავაზობს აზერბაიჯანული ტვირთების მიღებას, რაც თავის მხრივ სომხებისთვისაა პრინციპულად მიუღებელი.

„ჰუმანიტარული კოლონის ბლოკირება კიდევ უფრო ადასტურებს შიშს, რომ აზერბაიჯანს სურს მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდი", - ამის შესახებ შაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მთავრობამ 26 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ და 19 სატვირთო მანქანა, რომელსაც საკვები და მედიკამენტები გადაჰქონდა, სოფელ კორნიძორში, ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან არის გაჩერებული.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ჰუმანიტარულ ტვირთში არის 100 ტონა ფქვილი, 80 ტონა მაკარონი, 60 ტონა შაქარი, 40 ტონა მცენარეული ზეთი, 40 ტონა რძის ფხვნილი, 20 ტონა მარილი, 12 ტონა ბავშვის საკვები და ცხრა ტონა მედიკამენტები. მისივე თქმით, აზერბაიჯანის ქმედება, შესაძლოა, გენოციდის დანაშაულად შეფასდეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ყარაბაღის სომეხ მცხოვრებლებს ნამდვილად სჭირდებათ ყოველდღიური საქონელი, როგორც ამას ამტკიცებენ, მაშინ ამისთვის შეუძლიათ, გამოიყენონ აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებული აღდამ-ხანკენდის გზა, რომელსაც ასევე დაუჭირეს მხარი საერთაშორისო პარტნიორებმა.

ამ კრიზისის ფონზე სომხეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა - ამის შესახებ სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, მჰერ მარგარიანმა განაცხადა.

„2023 წლის 15 ივნისიდან აუცილებელი საქონლის, მათ შორის საკვების, მედიკამენტების და საწვავის მწვავე დეფიციტია. აზერბაიჯანმა მთლიანად დახურა ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიზანმიმართულმა შეფერხებამ ხალხის საარსებო წყაროს უკიდურესი ზიანი მიაყენა. ძირითადი საკვებისა და ვიტამინების ნაკლებობის გამო, 2 000-მდე ორსული ქალი, 30 000-მდე ბავშვი, 20 000 მოხუცებული და 9 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იბრძვის არასრულფასოვანი კვების პირობებში გადარჩენისთვის", - ნათქვამია წერილში.

ამასთან ერთად, წერილში აღნიშნულია, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა დღეს სრული ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.

„ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მათ შორის 4 687 დიაბეტით და 8 450 სისხლის მიმოქცევის დაავადებებით, თითქმის ყოველგვარი წამლის გარეშე დარჩნენ. ამ ვითარების შედეგად გაიზარდა სიკვდილიანობა მთელი რიგი დაავადებებით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა და ავთვისებიანი ნეოპლაზმებით. გარდა ამისა, ცხელი ამინდის პირობებში სადეზინფექციო საშუალებებისა და მედიკამენტების ნაკლებობა რეგიონში ეპიდემიის რისკს ქმნის", - ნათქვამია წერილში.

ამავდროულად, მარგარიანის თქმით, აზერბაიჯანის ეს ქმედებები არა მხოლოდ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა, არამედ პირდაპირ არღვევს გაერო-ს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ადამიანების, მანქანებისა და ტვირთის შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით, ორივე მიმართულებით.

„არსებულ ვითარებაში სომხეთის მთავრობა ითხოვს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩარევას, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ომის დანაშაულების, ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის ჩათვლით", - აღნიშნულია წერილში.

იქნება თუ არა ახალი ომი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაფერი აზერბაიჯანის ხელშია, მას შეუძლია გახსნას ორივე დერეფანი, შევიდეს ტვირთები ორივე მხრიდან და ასე შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, სხვა შემთხვევაში სისხხლისღვრის აცილება ვერ მოხერხდება. მსოფლიო თანამეგობრობა ამ შემხვევაში უძლურია, ხოლო რუსეთს თავისი „ამორალური პოლიტიკა, ცვალებადი მოტივები და მიზნები" აქვს.

„აქ არის ორი პრინციპული პოზიცია - არც აზერბაიჯანი არ აპირებს რამე დათმოს თავისი პოზიციიდან და არც სომხეთი. შესაბამისად, სამწუხაროდ, გამორიცხული არაა მოხდეს მორიგი სისხლისღვრა, არა ისეთი მასშტაბური, როგორც იყო 2020 წელს, შედარებით მცირე, მაგრამ შეიძლება დაიღუპოს ადამიანები.

„სიტუაცია დაძაბულია. აზერბაიჯანი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია არის აზერბაიჯანის ტერიტორია და ყველაფერი რაც ხდება ამ ტერიტორიაზე, ეს არის აზერბაიჯანის საქმე; არაფერი არ ესაქმება აქ სომხეთს და არც საერთაშორისო თანამეგობრობას - დაახლოებით ასეთია მისი პოზიცია. აქ დროებით დგანან რუსები, რომლებიც გავლენ 2025 წლის ოქტომბერში. მანამდე კი აზერბაიჯანს სურს მოასწროს და სრულიად აღადგინოს თავისი იურისდიქცია ამ ტერიტორიაზე.

„სწორედ ამიტომ ჩაკეტა სომხეთიდან მომავალი გზა - ლაჩინის დერეფანი და იქედან არ ატარებს პროდუქტებს. რატომ? იმიტომ, რომ ამბობს, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია და მე ვაწვდი მათ პროდუქტებს აღდამიდან, აზერბაიჯანის მხრიდან. ამიტომ მიიღონ პროდუქტები აღდამიდან.

„სომხები, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ და ჯერ კიდევ რჩებიან ყარაბაღის ტერიტორიაზე, უარს ამბობენ აზერბაიჯანიდან მიიღონ ტვირთი და მოითხოვენ, რომ აზერბაიჯანმა გახსნას ლაჩინის დერეფანი. ის კი არ ხსნის", - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

ტიპიური კავკასიური დამოკიდებულება

პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" სამხრეთ კავკასიის სხვა კონფლიქტებთან ავლებს პარალელს და აღნიშნავს, რომ ასეთი პრინციპული პოზიციები ზოგადად დამახასიათებელია ჩვენი რეგიონისათვის.

„ორი პრინციპული პოზიციაა. ჩემი აზრით, ეს არის ტიპური კავკასიური დამოკიდებულება. ჩვენთანაც ხშირად ხდება - აფხაზები, ოსები და ქართველები ხშირად ჯიუტობენ, თავისი გააქვთ და არ უნდათ მოილაპარაკონ. დაახლოებით ამ ტიპის რაღაცაა.

„რატომ არ შეიძლება რომ ორივე მხარეს გაიხსნას ერთდროულად? გაიხსნას ლაჩინის დერეფანიც და გაიხსნას აღდამიც, შევიდეს რაც შეიძლება მეტი ტვირთი და ფასებიც დაეცემა და უფრო მეტად იქნება ადამიანები დაცული გარკვეული პროვოკაციებიდან. შეთანხმდნენ აზერბაიჯანული და სომხური მხარე, რომ 2025 წლის ოქტომბრამდე, როცა რუსეთის ჯარები გავა, იმ დროისთვის ეს რეჟიმი არსებობდეს. ორივე მხრიდან იყოს თავისუფალი მოძრაობა. მაგრამ სომხები და სომხეთი წინააღმდეგია, რომ აღდამიდან შევიდეს ტვირთები, ხოლო აზერბაიჯანი წინააღმდეგია, რომ ლაჩინიდან შევიდეს ტვირთები.

„საბოლოო ჯამში ზიანდება ხალხი. მათ ძალიან უჭირთ, არის ჰუმანიტარული კატასტროფის ყველა ნიშანი, არ შედის ტვირთები, უარს ამბობენ აზერბაიჯანულ ტვირთებზე და ვერ იღებენ სომხურ ტვირთებს და ეს გამოუვალი ვითარება, ადრე თუ გვიან, ალბათ სისხლისღვრით გასკდება.

„საერთაშორისო თანამეგობრობო ვერ ერევა იმიტომ, რომ ეს ტერიტორია არის აზერბაიჯანის შემადგენლობაში და მათ ესმით, რომ აზერბაიჯანს აქვს უფლება შეიტანოს ტვირთი და სომხები არ იღებენ. რუსეთი ვერ ერევა, იმიტომ რომ რუსეთს თავისი, როგორც წესი, ამორალური მრავალმხრივი სტანდარტები აქვს - ხან ისე იქცევა და ხან ასე. მას არ უნდა, რომ გააბრაზოს აზერბაიჯანი და სურს დარჩეს დიდხანს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

„არც სომხების სიჯიუტე არ მომწონს და არც აზერბაიჯანელების აგრესიულობა. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, აზერბაიჯანმა თქვას - მე ვხსნი ორივე დერეფანს. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანი უფრო მდიდარია, უფრო მეტი ტვირთის შეტანა შეუძლია აღდამიდან, ვიდრე სომხეთი შეიტანს ლაჩინიდან. თქვას აზერბაიჯანმა, რომ ასე იქნება რუსეთის გასვლამდე, ხელს არ შევუშლი და თუ ყველაფერი კარგად იმუშავებს; გარანტიას ვიძლევი, რუსები როგორც კი გავლენ გაგრძელდება ასეთი პოზიცია - ეს უნდა თქვას აზერბაიჯანმა. მაგრამ ის ამას არ ამბობს. მის ხელშია დღეს პოლიტიკის წარმართვა. სომხეთი უსუსურია, მას არ შეუძლია არც ერთი გახსნას და არც მეორე დახუროს. ორივე შეუძლია მხოლოდ აზერბაიჯანს", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე