ნაზი ბერიძე
(11.08.2023)

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთს „შენელებული მოქმედების ბომბს" უწოდებს და ბრძანებაც გამოსცა, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. აშშ-ის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების საკითხი დაასახელეს. ამაზე ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ბაიდენის გადაწყვეტილების მიზეზია ჩინეთის, როგორც სტრატეგიული ზე-სახელმწიფოს დაუოკებელი სურვილების შემცირება. პეკინში ამ გადაწყვეტილებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია.

„მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს ჩადიან," - თქვა ბაიდენმა 10 აგვისტოს იუტაში გამართულ საქველმოქმედო პოლიტიკურ ღონისძიებაზე. მანამდე, ივლისში მან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ფაქტობრივად დიქტატორად მოიხსენია.

9 აგვისტოს ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჩინეთში აშშ-ს ახალ ინვესტიციებს კრძალავს ისეთ ტექნოლოგიებში, როგორიცაა კომპიუტერული ჩიპები და ხელოვნური ინტელექტი. ჩინეთმა, რომელსაც აშშ-ს შემდგომ მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს, თქვა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია ამით და იტოვებს უფლებას მიიღოს ზომები.

ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრ EჩIPE-ის უფროსი მკვლევარი, ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ჩინეთის სტრატეგიულ გავლენებზე საუბრობს, რომლის ძალაუფლების შემცირების მიზნით ახლა ამერიკა ნაბიჯებს დგამს, რათა არადემოკრატიულ რეჟიმებში არ მოხვდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტები.

„ჩინეთი არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომლის როლიც მზარდია როგორც მსოფლიო ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში, და ეს როლი დიდწილად უკავშირდება სწორედ იმ ხელშეწყობას, რითაც ჩინეთი სარგებლობდა აშშ-ის მხრიდან, განსაკუთრებით ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, როცა განსაკუთრებული ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო ჩინეთში. და, აი, ახლა რასაც ბაიდენი ზღუდავს, მათ შორის არის სწორედ იმ ტექნოლოგიების გადაცემა, რითაც წაახალისა ობამამ ჩინეთი. მაშინ მოლოდინი იყო, რომ ამერიკის ეს ნაბიჯი ჩინეთის მხრიდან იქნებოდა არა მხოლოდ დაფასებული, არამედ ამას მოჰყვებოდა დემოკრატიული რეფორმებიც.

„დღევანდელ დღეს ყველაზე დიდ კითხვას ბადებს ის, რომ ეს დემოკრატიული რეფორმები არ წავიდა იმ გზით, რა მოლოდინიც ზოგიერთს ჰქონდა, და პლუს ჩინეთის დამოკიდებულება ზოგადად რუსეთთან და უკრაინის ომთან. მას შეუძლია უფრო აქტიური როლი ითამაშოს უკრაინაში და უფრო მეტად დააბალანსოს რუსეთი, ვიდრე ამას აკეთებს დღევანდელ დღეს. აი, ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ უამრავი სხვა მიზეზი არის, მაგრამ მთავარი არის მაინც ის, რომ აშშ და ზოგადად დასავლური სამყარო პრობლემად მიიჩნევს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები არის არადემოკრატიული რეჟიმების ხელში.

„როგორც იცით, უკრაინის ომმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. და მათ შორის დააფიქრა იმაზე, რომ თავის დროზედაც რუსეთს ბევრ რამეში შეუწყვეს ხელი, მერე მოხდა შემოჭრა საქართველოში, მერე უკრაინაში, იყო უამრავი სხვა აგრესიის ფაქტი და ამიტომ ახლა უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ იმასთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები არ მოხდეს არადემოკრატიული რეჟიმების ხელში.

„ჩინეთის მზარდი გეოპოლიტიკური ამბიციები, ის ინიციატივები, რომელიც მან წარმოადგინა ბოლო პერიოდში, მიზნად ისახავს ზოგადად დასავლეთის გავლენის შემცირებას და საუბარია ერთგვარ განსხვავებულ მმართველობის გზაზეც, რომელიც სხვა არაფერია თუ არა დემოკრატიის შეზღუდვა.

„ამიტომ აქ არის წინააღმდეგობები ეკონომიკური, იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი და ა.შ. აქედან გამომდინარე, მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რაც ბაიდენმა გააკეთა.

„ამერიკას არ სურს ჩინეთთან ცუდი ურთიერთობა, მაგრამ არსებობს რაღაცა პრინციპები... როდესაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთი აგრესორია, და როდესაც საუბარია, რომ ერთი სახელმწიფო არ უნდა არღვევდეს ასე უხეშად მეორე სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, რის ირგვლივაც გაერთიანდა დღეს დასავლეთი, ამ პერიოში ჩინეთს შეუძლია თავისი პოზიციის კიდევ უფრო მკაფიოდ დაფიქსირება. როდესაც საუბარია იმაზე, რომ აგრესორ ქვეყანას უნდა შეეზღუდოს წვდომა რაღაცა რესურსებზე, ამ სიტუაციაში ჩინეთს შეუძლია უფრო მკვეთრი მოქმედება, და იმ გადაწყვეტილების უფრო მეტი მხარდაჭერა, რომელიც სამართლიანია.

„ამიტომ, გამომდინარე იქედან რომ ჩინეთი ამას ყველაფერს აღიქვამს, როგორც შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ დაასუსტოს რუსეთი, და მეორე მხრივ დასავლეთიც. ცდილობს, რომ ამ წინააღმდეგობაში, ასე ვთქვათ მღვრიე წყალში, დიდი თევზი დაიჭიროს. ასე რომ, ეს აღიქმება როგორც ზოგ შემთხვევაში არამეგობრული და არაკოლეგიალური საქციელი მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ერთიანდება აგრესიის წინააღმდეგ.

„რაც შეეხება ეკონომიკურ თვალსაზრისს, ჩინეთის ინიციატივები, რომლებიც თავისთავად, ცხადია, საინტერესოა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აქ შენელებული მოქმედების მომენტია ჩადებული, კერძოდ ის, რომ ჩინური კომპანიები აღწევენ ამა თუ იმ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, ფინანსურ ელიტაში და ა.შ. რაც შემდეგ გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლისთვის. ამიტომ ალაპარაკდა მსოფლიო, რომ ეს ეკონომიკური პროექტები არ არის მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ეს არის პოლიტიკური და ბევრი ქვეყანა შეხვდა ამასთან დაკავშირებით პრობლემას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მასთან ურთიერთობა საჭიროა, მაგრამ ძალიან სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, სანამ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღება," - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბაიდენი ამ ნაბიჯით ჩინეთის ამბიციების მოთოკვას ცდილობს.

„ჩინეთი ეკონომიკურად ძალიან წარმატებული ქვეყანაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაინც ტოტალიტარული სახელმწიფოა, კომუნისტური რეჟიმით. მისი სიმბოლო არა მხოლოდ ეკონომიკური ბუმია, არამედ ტიანანმენის მოედანზე სტუდენტთა მანიფესტაციის ტანკებიც დაშლაც.

„ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობას მარტივს ვერ დავარქვემთ. გარდა პარტნიორული ურთიერთობისა არის მათ შორის კონკურენტული ფაქტორი და ფაქტორი იმისა რომ ჩინეთი აღიქმება ამერიკის მიერ როგორც რეალური საფრთხე, თუკი ასე ვთქვათ მისი ამბიციები და ა.შ. არ იქნა დროზე მოთოკილი. ამერიკას მხედველობაში აქვს ჩინეთის პრეტენზიები ტაილანდზე, მისი პრეტენზიები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კუნძულებზე და ა.შ.

„ამ სიტუაციის გათვალისწინებით, დაპირისპირება ამ სახელმწიფოებს შორის არის და ბაიდენი დგას ისეთ ნაბიჯებს, რომელზეც თქვენ მიუთითეთ. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია რომ ჩინეთი იყოს იმდენად დაწინაურებული, რომ შეძლოს სტრატეგიული იარაღის შექმნა, განავითაროს თანამედროვე ტექნოლოგიები და კონკურენცია გაუწიოს ამერიკას ყველა ბაზარზე. მისი ამგვარი პოტენციალის შეზღუდვის მიზნითაც იქნა მიღებული ეს ბრძანებულებები ბატონი ბაიდენის მიერ, რომელიც ჩინურ კომპანიებს და ჩინურ ბაზარს, ამერიკული მაღალტექნოლოგიური კომპანიების ინვესტიციებისგან ზღუდავს.

„რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობას, რა თქმა უნდა ის ურთიერთობა მშვიდობიანია, მათ შორის ომი არ არის, მაგრამ დაძაბულობა ყოველ წუთს შეიძლება პრობლემად იქცეს მით უმეტეს თუ ჩინეთი არ შეწყვეტს თავის მცდელობას ტაივანისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას," - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე