თამთა ჩაჩანიძე
(11.08.2023)

მორიგი აფეთქება მოსკოვში - რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კრამიშევსკაიას სანაპიროზე საცხოვრებელი კორპუსებს ცეცხლი უკიდია და სოკოსებრი კვამლი ამოდის. კიევი ამასთან კავშირს უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და „მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 24 აგვისტოს ანექსირებულ ყირიმსა და მოსკოვზე სერიოზული შეტევა განახორციელოს. 11 აგვისტოს მოსკოვზე განხორციელებული დარტყმის გამო კი ქალაქში დიდი პანიკაა.

„უკრაინელებმა კატეგორიულად იუარეს და თქვეს, რომ ეს მათი გაკეთებული არაა, მაგრამ თუ თავდამსხმელთა უკან უკრაინელები არიან, ეს სავსებით მიღებული ვარიანტია და საერთაშორისო სამართალი ამის უფლებას აძლევს.

„დაანონსებული იყო, რომ 24 აგვისტოს უკრაინა მოსკოვზე და ანექსირებულ ყირიმზე სერიოზულ შეტევებს აპირებდა. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები მოხშირდეს. ფრონტის ხაზიდან მოსკოვამდე მანძილი 500-600 კმ-ია და ოპერატიულ-სტრატეგიული და სტრატეგიულ დონეზე იოლი გადასალახია.

„თუ მოსკოვზე თავდასხმა უკრაინასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა განახორციელეს, არაა გამორიცხული, რომ საბჭოთა ძველი „სტრიჟები" გამოეყენებინათ, ეს უპილოტო მინი თვითმფრინავია. ამან მოსკოვში სერიოზული პანიკა გამოიწვია, რაც კრემლის პოლიტიკას სერიზულ დისკომფორტს უქმნის, ბრაზილიელი ლეგიონერი ფეხბურთელებიც კი გადიან, ეს დაფიქსირებულია.

„ამასთან რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხუთი ათასმა პოლიციელმა სამსახური უკვე დატოვა და შსს-ს კადრების მოძიებასთან დაკავშირებით დიდი დეფიციტი აქვს და არაა გამორიცხული, რომ ეს ფაქტიც ამ თავდასხმებს უკავშირდებოდეს.

„24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა და ალბათ ისინი ანექსირებულ ყირიმზე შავი ზღვის ფლოტებზე საზღვაო დრონებით იერიშსს მიიტანენ და ასევე სავარაუდოდ იქნება მასირებული დარტყმები რუსულ ქალაქებზე, მათ შორის მოსკოვზე და არაა გამორიცხული, რომ დარტყმის ქვეშ კრემლიც მოექცეს.

„რუსეთი ამის საპასუხოდ უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს, თუმცა არაა გამორიცხული ისიც, რომ თუ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებს მოუხშირა, მოსკოვმა გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებს დაარტყას", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ტელეგრამარხის „ბაზასა" და ტელეარხ 360-ის ცნობით, მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, კარამიშევსკაიას სანაპიროს მიდამოში დრონის მსგავსი ობიექტი დაეცა. კიდევ ერთი ტელეგრამარხის „სიფრთხილე, მოსკოვის" ცნობით, კარამიშევსკაიას სანაპიროზე გაფრენილი დრონის ნამსხვრევები მდინარის მახლობლად, პარკის ტერიტორიაზე დაეცა.

აფეთქების ხმის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკის მოსახლეობაც ავრცელებს, რომელიც კარამიშევსკაიას სანაპიროდან 20 კილომეტრში მდებარეობს. დრონის მსგავსი ობიექტი ასევე ნახეს ნოვორიჟსკოეს გზატკეცილთან.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს - როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს - საკმაოდ ეფექტური ქსელი აქვთ რუსეთში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ქსელი. ვფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება," - აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსეთში „დაუდგენელი დრონების" გამოყენებით ინციდენტები გახშირდება.

მისი თქმით, უკრაინა არ იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე და ყველაფერს თავად რუსეთის ფედერაცია აკეთებს.

„ეჭვგარეშეა, რომ თავად რუსეთი იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე. ის თავის თავს გაინადგურებს. ეს ცალსახაა", - განაცხადა პოდოლიაკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე