თამთა ჩაჩანიძე
(10.08.2023)

ნოემბერ-დეკებერში შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს - არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მუჰამედ ბინ ზეიდ ალ ნაჰიანმა ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი გაეროს კლიმატის კონფენერციაზე მიიწვია, თუმცაღა შეხვედრაზე ჯერჯერობით პრეზიდენტების ძველი პოზიციებია ცნობილი.

დასავლურ მედიაში გახშირდა საუბრები, თითქოს ცალკეული დასავლელი ლიდერები ზელენსკის მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, დასავლეთის პოზიცია მნიშვნელოვანია და არაა გამორიცხული, რომ გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან მოლაპარაკებებზე ირიბი გზავნილებიც მოდიოდეს, რადგან ბევრ ქვეყანაში არჩევნებია, უკრაინის შეტევა კი ნელი ტემპით მიდის.

„მე მგონი დასავლეთი უკვე იმ კონდინციამდე მივიდა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და ეს კონფლიქტი დარეგულირდეს. სამწუხაროდ უკრაინის შეტევამ გადაიწია, რაც ნიშნავს, რომ კონფლიქტი მინიმუმ ერთი წლით კიდევ გადაიწევა. ამის ნიშნები, სამწუხაროდ, ჩანს. ამასთანავე, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში არჩევნები მოდის, მაგალითად აშშ, პოლონეთი, გერმანია და ბუნებრივია მმართველი პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ამ მომენტში საკუთარი თავი უფრო სხვანაირი წარმოაჩინონ და დააფიქსირონ, რომ საომარი მოქმედებების განვითარებას ნაკლებად ემხრობიან. თან შიდა რესურსების ათვისება უკვე სხვანაირად ხდება, არჩევნების ტენდენციებსაა მორგებული.

გარდა არაბეთისა, ჩინეთსაც სურს, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ახლანდელი პირობებით პუტინს ასეთი მოლაპარაკებები არ აწყობს, თუმცა ის ახლა კოჭლი იხვია და მისი წინადადებები ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზელენსკი ძველ პოზიციაზეა, მაგრამ გააჩნია დასავლეთი რა ოფიციალურ პოზიციას გაახმოვანებს და ღიად რამდენად დაუჭერს მხარს მოლაპარაკებებს, მათი დახმარების გარეშე უკრაინა საომარი მოქმედებების გაგრძელებას ნამდვილად ვერ შეძლებდა. ამიტომაც მათი სიტყვა მნიშვნელოვანია.

„ჯერჯერობით მოლაპარაკებების დაწყებისთვის რაიმე შეხების წერტილი არაა, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს და მხარეები რაღაცაზე შეთანხმდნენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, როდესაც საკითხი უკრაინის მომავლის განსაზღვრას ეხება. აქ, პირველ რიგში, გადაწყვეტილებას იღებს კიევი, და ეს ეხება ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებას", - განაცხადა მილერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე გააგებინა ყველას, რომ მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, სადაც ოფიციალური მოსკოვი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ცნობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე