ნაზი ბერიძე
(09.08.2023)

უკრაინელთა მხრიდან რუსეთზე თავდასხმის არეალი ფართოვდება და ინტენსივობა იზრდება - 9 აგვისტოს მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც გაისმა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაა განლაგებული. როგორც სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" საუბრობენ, ეს არის საპასუხო რეაქცია აგრესიაზე და ომის გეოგრაფიამ რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება 9 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებები კორვეტ „გრომკის" წვრთანსთან იყო დაკავშირებული. თუმცა მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზას მოსკოვისკენ მიმავალმა დრონმა შეუტია.

„აფეთქებების ხმა სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიიდან ისმოდა. ადგილზე არა მარტო საგანგებო სამსახურები, არამედ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების თანამშროომლებიც მივიდნენ, რომლებმაც ხალხს ამ ფაქტის გაუხმაურებლობისკენ მოუწოდებდნენ",-ნათქვამია განცხადებაში.

ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. რუსული მედიის ცნობით, მათგან ოთხი დაშავებული მძიმე დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება, პიროტექნიკის შემნახველ საწყობში მოხდა. საგანგებო სამსახურებში ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის ვერსიას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დროს დარღვევა გახდა. ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ოპტიური და ოპტიკურ-ელექტროული მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელია.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი სპეცოპერაციები, თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ უკრაინელების მიერ არის განხორციელებული რუსეთის შესასუსტებლად და მათი საპასუხო რეაქციაა რუსეთის მიერ უკრაინაში განვითარებული აგრესიის წინააღმდეგ.

„ ეს ობიექტი მოსკოვის ოლქში, ეს არის ოპტიკური ქარხანა და ეს სამხედრო ობიექტებია ძირითადად. კარგია ეს აფეთქებები რომ ხდება, უფრო მოიმატებს და უფრო მეტი ობიექტები დაიბომბება რუსეთში. ეს სამხედრო სამრეწველო ქარხანაა, რომელიც სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებდა და რა თქმა უნდა ეს რუსეთის შესასუსტებლად არის გაკეთებული.

„ადრე თუ გვიან ომი გადავა რუსეთის ტერიტორიაზე და ისე განვითარდება მოვლენები, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდება. რუსეთს გაუჭირდება უკრაინაში აგრესიის განხორციელება, როდესაც შეტევები იქნება ბელგოროდში, კურსკზე, რუსეთის სხვა ქალაქებზე, მოსკოვზე, ნელ-ნელა რუსები იძულებულები იქნებიან ძალები და საშუალებები უკრაინიდან სხვა მიმართულებაზე გადაიყვანონ, სხვა მიმართულებები დაიცვან, რადგან მათი ობიექტებიც დაიბომბება" - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" განმარტავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მომატებული აფეთქებები რუსეთის სამხედრო შესუსტებას ემსახურება.

„ერთადერთი რაც მე შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, ეს იყო აფეთქება ოპტიკურ ქარხანაში - ოპტიკური ქარხანა აწარმოებს ოპტიკურ ხელსაწყოებს და მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებს, შესაბამისად სამხედრო სამიზნე არის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ან იატაქქვეშა ორგანიზაციების ან უკრაინის სპეცსამსახურების ნამოქმედარია. იატაქქვეშა მოძრაობა, სპეცოპერაცია შეიძლება იმართებოდეს უკრაინიდან და რაღაცა სპეცოპერაციების გეგმის შემადგენელი ნაწილი იყოს.

„იქ უკრაინის აგენტურა, ან უკრაინის სპეცსამსახურები მოქმედებენ. ამავე დროს არიან პუტინის მოწინააღმდეგე ძალებიც, რომლებიც შეიძლება ახორცილებენ მსგავსს ან ეს ყველაფერი ხდება ერთიანი გეგმის შესაბამისად" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე