ნაზი ბერიძე
(08.08.2023)

რისთვის ემზადება სამშობლოში ამბოხის მომწყობი რუსული დაჯგუფება „ვაგნერი" ბელორუსში და შესაძლებელია თუ არა სპეცოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ - სამხედრო ანალიტიკოსებს მკაფიო პასუხი აქვთ: თუ ნატოს წევრ სახელმწიფოებზე განხორციელდება ზეწოლა, ალიანსის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება. ბელორუსის მედიის ცნობით, ზიაბროვკას აეროდრომთან „ვაგნერელებისთვის" კარვების ქალაქის აშენება მიმდინარეობს, რომელიც 1000 მეომარზეა გათვალისწინებული.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" „ვაგნერის" პროვოკაციულ გეგმებსა და ქმედებებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ერთადერთი, რაც მოსალოდნელია, არის დერეფნის გაჭრა ბელორუსიდან კალინინგრადამდე.

„ასეთ დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი „ვაგნერის" ფენომენს. უფრო სხვა ძალებზე უნდა იყოს საუბარი - რუსეთზე და ბელორუსზე. „ვაგნერი" ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, საბრძოლო დანაყოფი. ქალაქს აშენებენ 1000 კაცზე, ეს არის „ვაენნი გოროდოკ", როგორც უწოდებდნენ რუსები - სამხედრო ქალაქი. არა მგონია „ვაგნერს" ის ძალა ჰყავდეს, რომ გადაწყვიტოს შეტევა განახორციელოს ნატოს წევრ ქვეყანაზე.

„ჩემი აზრით, აქ ყველაზე საინტერესო მიმართულება არის ბელორუსიიდან დერეფნის გაყვანა კალინინგრადამდე, სადაც რუსეთის ბალტიის ფლოტია განთავსებული. ეს დერეფანი გადის ბალტიის ქვეყნებზე, ზუსტად აი ამ დერეფანზე შეიძლება იყოს ჩანაფიქრი და შეიძლება იყოს აქცენტირება, თორემ ვაგნერი" რომ უკრაინას ვერ შეუტევს და თუნდაც პოლონეთს ვერ შეუტევს, ეს ნათელია.

„ნატო უპასუხებს იმ შემთხვევაში თუ შეტევა მოხდა ალიანსის წევრ ქვეყანაზე. თუ შეტევა მოხდა უკრაინაზე, ნატოს მე-5 მუხლი უკრაინაზე არ ვრცელდება. პოლონეთი გამორიცხეთ, არა მგონია პოლონეთზე ვინმეს შეტევის თავი ჰქონდეს, მე არ ვგულისხმობ მცირე დივერსიულ აქტებს გარკვეულ სასაზღვრო ზოლში. უკრაინაში ასევე შესაძლებელია მცირე ზომის დივერსიული პროვოკაციული ქმედებები განახორციელონ. მაგრამ, სულ 10 000 კაცია „ვაგნერში" მაქსიმუმ და ამ დანაყოფმა რა მიმართულებით უნდა შეუტიოს უკრაინას? როცა გაძლიერებულია ურაინის საზღვარიც და 160 000-იანმა რუსულმა არმიამ ვერ შეძლო კიევის მიმართულებაზე წარმატების მიღწევა და ახლა ამის გამკეთებელი არა მგონია რომ „ვაგნერი" იყოს. ასე რომ, ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება ფობიები „ვაგნერის" მიმართ" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" თვლის, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების წინააღდეგ განხორციელებული აგრესია უპასუხოდ არ დარჩება.

„ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თუ რამე ოპერაციას მოინდომებენ, ამას აუცილებლად უპასუხებენ. მთლიანობაში „ვაგნერელების" ამოცანა არის ბინძური საქმე, პროვოკაციების მოწყობა, უკრაინელების ყურადღების გადატანა რამენაირად ჩრდილოეთში, თუკი იქ საფრთხე იქნება.

„ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ შეტევის განხორციელება „ვაგნერელების" მხრიდან კარგიც არის უკრაინისთვის, რადგანაც ალიანსის წევრი ქვეყნების წინააღდეგ თუ რამე პროვოკაციებს დაიწყებენ, ამაზე პასუხსაც მიიღებენ და უფრო აშკარად დაინახავენ ევროპელები რუსეთის საფრთხეს" - განაცხადა ბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე