ნაზი ბერიძე
(07.08.2023)

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ანკარა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა - თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გაიმართება: ერდოღანს სურს პუტინს შუამავლობა შესთავაზოს სამშვიდობო მოლაპარაკების მიზნით - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის ეფექტური მედიატორის როლთან დაკავშირებით უკრაინა-რუსეთის ომში ექსპერტებს „რეზონანსთან" სკეპტიკური განწყობა აქვთ. არსებობს თუ არა შანსი ცეცხლი შეწყდეს „რეზონანსს" ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე ესაუბრა.

„ის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართოს, ეს არის კეთილი სურვილი და ამას არა მარტო ერდოღანი, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ცდილობს, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემაა რუსეთის პოზიცია.

„ერდოღანი მართლაც ცდილობს, დააანონსებულია პუტინის ვიზიტი ანკარაში და ერთ-ერთი თემა იქნება ეს საკითხიც, იმიტომ, რომ პირდაპირ უკავშირდება თურქეთის სასიცოცხლო ინტერესებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ხდება შავი ზღვის რეგიონში. თუმცა, ამ ეტაპზე მე ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი არ ვიქნებოდი, რადგანაც რუსეთის პოლიტიკა არის აბსოლუტურად განსხვავებული და არ მოქმედებს იმ რაციონალური პრინციპების შესაბამისად, რისი სურვილიც აქვს დანარჩენ მსოფლიოს.

„ამიტომ, სანამ უფრო მეტი სამხედრო წარმატება არ ექნება უკრაინას, მანამდე რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან ვერ შედგება. პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება მაშინ, როცა მიხვდება, რომ ძალიან დასუსტდა" - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" ამბობს რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს,

„ერდოღანის ინტერესი ყველაზე მნიშვნელოვანია - მას თავად სურს, რომ ძალის დემონსტრიტება ანახოს, რომ მხოლოდ ოფიციალური ანკარა არის ის წერტილი, სადაც შეიძლება ადამიანები შეიკრიბონ და ისაუბრონ რეალურ მოლაპარაკებებზე.

„მეორე მხრივ აქ არის რეალური გამოწვევები, რომლებიც რუსეთის, უკრაინის და დასავლეთის წინაშე დგას - მთავარი კითხვაა: ვინ რის დათმობას აპირებს. რუსეთმა ტერიტორიების ანექსია მოახდინა და ის ამბობს, რომ ეს ტერიტორიები ჩემიაო. რაც შეეხება უკრაინას, მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ აწყობს, ეს მის ინტერესებში არ შედის, იმიტომ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს ანექსირებული ტერიტორიების დარჩენას რუსეთის შემადგენლობაში.

„აქედან გამომდინარე, უკრაინა რჩება სრულიად თამაშგარე მდგომარეობაში და ეს რა თქმა უნდა მის ინტერესებში არ შედის. ამასთან, დასავლეთსაც აქვს თავისი დღისწესრიგი - ომამდე არსებული საერთაშორისო-სამართლებრივი წესრიგის შენარჩუნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ომების შედეგად ტერიტორიების დაპყრობა და ანექსირება არ უნდა მოხდეს რადგან, ეს არის პრეცენდენტი რომელსაც შემდგომ სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ" -განაცხადა გიორგი კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე