ნაზი ბერიძე
(06.08.2023)

რამდენიმე დღის წინ გავლენიან სამეცნიერო ჟურნალ „ნეიჩერზში" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა ყინულის დნობამ არქტიკასა და, განსაკუთრებით, გრენლანდიაში 2025 წლისთვის შეიძლება ჩრდილოეთ ატლანტიკაში დინების გაქრობა გამოიწვიოს, რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვება ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტისთვის.

საუბარია დინებაზე, რომელსაც კარიბის ზღვის აუზიდან ჩრდილოეთ ევროპისკენ თბილი წყალი მიაქვს და უკან, პირიქით, ცივ არქტიკულ წყალს აწვდის. და, თუ ეს დინება მოულოდნელად შეჩერდა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკას ჯერ არნახული ძალის ტორნადოები ემუქრება, ჩრდილოეთ ევროპას კი ტემპერატურის უეცარი დაცემა და ის პრაქტიკულად გამყინვარების ზღვრამდე მივა.

ამასთან, კლიმატოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს გარდაუვალი სცენარი არ არის და უფრო დიდია ალბათობა, რომ ასეთი კლიმატური კატასტროფა 21-ე საუკუნეში არ მოხდება. მიუხედავად ამისა, აღიარებენ, რომ საფრთხე რეალურია და მისი უგულვებელყოფა სწორი არ იქნება. ამასთან, არავინ იცის, ზუსტად როდის მოხდება ეს და საერთოდ, მოხდება თუ არა.

როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის კლიმატის მკვლევარი, მაიკლ მენი გამოცემა „აქსიოსთან" აცხადებს, „ვფიქრობ, ამ კვლევის ავტორები ჭეშმარიტებასან ახლოს არიან და საუბარი უფრო ათწლეულებზეა, ვიდრე საუკუნეებზე."

ბოლო წლებში სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელი 1000 წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური დინება მნივნელოვნად შესუსტდა. ამასთან, მეცნიერებმა ზუსტად ისიც არ იციან, ამის მიზეზი რა არის. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მიზეზი შეიძლება იყოს არქტიკული „ყინულის ქუდის" დნობის შედეგად მტკნარი წყლის შემოდინება, მათ შორის გრენლანდიის მყინვარების შემცირება და ნალექების გაზრდა - ორივე გლობალური დათბობის შედეგია.

„ატლანტიკის მერიდიონალური ცირკულაცია", როგორც ზემოთაღნიშნულ დინებას მეცნიერები უწოდებენ, მნიშვნელოვნად არბილებს კლიმატს ევროპაში. კერძოდ პარიზი მონრეალზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს, თუმცა ამ დინების გამო იქ ზამთარი ბევრად უფრო თბილია, წერს „იაჰუ ნიუსის" რედაქტორი ბენ ადლერი. კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული ამ დინებაზე ბრიტანეთი და ირლანდია.

მკვლევარებმა ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მონაცემების შესაბამისად, რომლებიც 1870 წლიდან აღირიცხება, შეაფასეს ჩრიდლოატლანტიკური დინების დინამიკა დროთა განმავლობაში. მისი თანდათანობითი შესუსტების პროგნოზით, ივარაუდეს, რომ ის ალბათ, 2025-2095 წლებში დასრულდება, ყველაზე სავარაუდო თარიღი კი საუკუნის შუა წლებია.

მანამდე კვლევები ნაკლებად შიშისმომგვრელ შედეგებს იძლეოდა და მიიჩნეოდა, რომ უახლოესი 300 წლის განმავლობაში დინების შეწყვეტის ალბათობა მიზერული იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე